ნიკა ქუთათელაძე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია, რომლის შემოქმედებისთვისაც თანამედროვე სამყაროს კონტექსტები და მასზე დაკვირვებაა დამახასიათებელი. ნიკას ნამუშევრებში ხშირად აღმოაჩენთ არქიტექტურულ ობიექტებს, თუმცა ისინი არატრადიციულ, მრავალფეროვან ფორმებსა და სივრცეებში გვხვდებიან, რაც თითოეულ ნივთს უფრო შთამბეჭდავსა და საინტერესოს ხდის. ხელოვანის შემოქმედებაში გამორჩეულია მისი ტრილოგია, რომელიც მძარცველებისა და ცხოველების შეჭრისგან დაცვის მიზნით, ეკლიანი მცენარით ამოვსებული, მიტოვებული სახლისა და სოფლის რეპლიკას წარმოადგენს. სწორედ ამ ტრილოგიის პირველი ნამუშევარი “წისქვილი ყოფილი პავლოვის ქუჩაზე” Kunsthalle Tbilisi-ის პირველი გამოფენის, ხოლო მეორე ნამუშევარი “რომ დავიცვა სახლი, სანამ შორს ვარ” თბილისის არქიტექტურის პირველი ბიენალეს დასამახსოვრებელი და გამორჩეული ექსპონატი გახდა. ნიკას პერსონალურ გამოფენებს შორის განსაკუთრებულია მისი 2016 წლის ნამუშევარი “კედელი, ბიაზი, პარკეტი”. არტისტის ჯილდოებს შორის მნიშვნელოვან ადგილს წინანდლის პრემიაც იკავებს, რომელიც მას 2018 წელს სახვითი ხელოვნების დარგში გადაეცა. ამასთან, ნიკა რამდენიმე წელი თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში ფერწერასაც ასწავლიდა, იზოლაციის პერიოდში კი თავადაც უფრო აქტიურად შეუდგა ხატვას. ამჟამად ნიკას ნამუშევრები თბილისში თანამედროვე ხელოვნების ბიენალე Oxygen Biennial - Rites of Passage-ზე და ბაზელში June Art Fair 2021-ზე გალერეა Artbeat-ის წარდგენით მამუკა ჯაფარიძის ნამუშევრებთან ერთადაა გამოფენილი. ამ ახალი ნამუშევრებისა და ზოგადად, ნიკას შემოქმედების შესახებ ჟურნალ Hammock-ის ამ ინტერვიუში უფრო ვრცლად გაიგებთ.



ნიკა, პროფესიით არქიტექტორი ხარ, თუმცა შენი შემოქმედება მის ფარგლებს სცდება. მოგვიყევი როდის და როგორ აღმოაჩინე ინტერესი ხელოვნებისადმი?

პროფესიით არქიტექტორი არ ვარ, უბრალოდ დავამთავრე სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტი, რაც “პროფესიით არქიტექტორის” კლასიკური და ჩვენ რეალობაში რომანტიკული გაგებისგან შორსაა. რა თქმა უნდა, არასოდეს  გამჩენია ხელოვნების მიმართ ინტერესი. ერთადერთი რაც მაინტერსებს, არის ფიქრის ფორმა, რომელსაც მხოლოდ ხელოვნებაში არ ვხვდებით.  მაინტერესებს ყველაფერი, რაც განსხვავებულად ფიქრის საშუალებას მაძლევს.



პირველი ნამუშევარი თუ გახსოვს… 

პირველი ნამუშევარი ბევრჯერ გავაკეთე და იმედია კიდევ ბევრჯერ გავაკეთებ. მგონია, რომ სულ პირველ ნამუშევარს ვაკეთებ, რაც გამეორებულ მასალას თუ კონტექსტს ყოველ ჯერზე ახალ შინაარსს და ვიზუალურ აღქმას აძლევს.



“წისქვილი ყოფილი პავლოვის ქუჩაზე” - ასე ერქვა შენს ინსტალაციას, რომელიც “კუნსტჰალე თბილისის” ფარგლებში შექმენი. რის თქმა გსურდა ტრილოგიის ამ გამოფენით, მოგვიყევი უფრო ვრცლად...

“კუნსტჰალე თბილისის” პირველი ნამუშევარი იყო “წისქვილი ყოფილი პავლოვის ქუჩაზე”. პირველი,  რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ამ სათაურს დიდი სიამოვნებით შევცვლიდი. როდესაც ნამუშევრის კეთება დავიწყე, იმ ერთადერთ შინაარსს მივყვებოდი, რომლითაც ორი არქიტექტურული ობიექტი გადაიკვეთებოდა. მინდოდა ორი რეალობა შემეერთებინა და მენახა, თუ როგორ გამოიყურებოდა მსგავსი გაურკვევლობა.  პროცესში საკმაოდ ბევრი კონტექსტი დაემატა ნამუშევარს, რომელიც შემიძლია გამოვარჩიო - სოფლების სიკვდილი, რისი მეტაფორაც ეს ნამუშევარი გახდა. სწორედ ეს გახდა ჩემი მთავარი სათქმელიც.



მგონია, რომ თანამედროვე კონტექსტებზე დაკვირვება შენი ნამუშევრების შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მკაფიოდ გამოხატავს არქიტექტურის ბიენალეზე წარმოდგენილი -  “რომ დავიცვა სახლი, სანამ შორს ვარ”. როდის და როგორ გეწვია ამ ნამუშევრის იდეა? 

“რომ დავიცვა სახლი, სანამ შორს ვარ”  თბილისის არქიტექტურის პირველ ბიენალეზე იყო ნაჩვენები “პროპაგანდა ნეთვორქისა” და “აჭარა ჯგუფის” მხარდაჭერით. ნამუშევრის კურატორი იყო ანა გაბელაია. ეს ნამუშევარი წისქვილის წამოღების დროს ვიპოვე და ემოციურად გაყიდულ წისქვილს კარგად გადაება დაკეტილი სახლის სევდა. ამის დამასრულებელი ნამუშევარი “კარტიესთან” ერთად ჯგუფური გამოფენისთვის გავაკეთე. ნამუშევარი ერთგვარი დოკუმენტაცია იყო იმისა, თუ როგორ შლიან სოფლელები სოფელს.

“პირველი დღიდან მეორემდე ჩვენ ვჭრიდით სახლს ნაწილებად, მეორე დღიდან მესამემდე ვხსნიდით კედლებს, მესამე დღიდან მეოთხემდე ვყრიდით იატაკს, მეოთხედან მეხუთემდე ვაგროვებდით ნამსხვრევებს და ყველა იყო ბედნიერი, ეს იყო მესამე ნამუშევრის სათაური და ამას დღესაც არ შევცვლიდი.



დღეს, როდესაც თითქმის ყველაფერი ონლაინსივრცეზე ადაპტირდა, როგორ განვითარებას უწინასწარმეტყველებდი ხელოვნების და მისი ნამუშევრების პრეზენტაციის ფორმას? 

არა მგონია, დღეს განვითარებულმა მოვლენებმა რაიმე შეცვალოს ხელოვნებაში, ერთადერთი, რასაც  შეუძლია  ცვლილებები  გამოიწვიოს ვიზუალურ ხელოვნებაში,  დაფინანსების წყაროს ცვლილებაა. 



რა შეიცვალა და როგორ გამოიყურება დღეს შენი შემოქმედებითი პროცესი, თვალს ვადევნებ შენს შემოქმედებას და ახალი გრაფიკული ნამუშევარიც ვნახე, ამაზეც რომ გვესაუბრო... 

დღეს ვცდილობ, რომ უფრო მეტი ვიფიქრო. ხატვაც მაშინ დავიწყე, როდესაც იმის გაკეთება არ შემეძლო, რასაც ვფიქრობდი. უბრალოდ დავიწყე, რომ რამენაირად მენახა ის, რის ნახვაც მინდოდა. მაგრამ პანდემიის გამო გარკვეული პერიოდით გადაიდო.



როგორ ფიქრობ, რა არის დღეს არქიტექტორებისთვის მთავარი გამოწვევა საქართველოში?

გულწრფელად მგონია, რომ დღეს საქართველოში გამოწვევები არ არსებობს.

თბილისში მდებარე შენობებიდან რომელია შენთვის ყველაზე გამორჩეული?

დღეს თბილისში ერთი შენობის გამორჩევა ძალიან მიჭირს. რაღაც ერთ უცნაურ ერთიანობად აღვიქვამ და მხოლოდ ამაის გამორჩევა შემიძლია.



რა არის შენი ხელოვნების კონცეპტი?


ჩემი მოტივაცია ცხოვრებაში არის ის, რომ დავინახო ან ვიგრძნო საკუთარი არსებობა.

როგორ ხედავ საკუთარ თავს მომავალში? 

გეგმები არ მქონია და შესაბამისად, არაფერი არ შეცვლილა ჩემთვის. ვცდილობ, ვიპოვო ახალი ფორმები და ახალი ფიქრები.


ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე
ფოტოსესიის იდეის ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე
ფოტოგრაფი: ლაშა ბაკურაძე