არქიტექტურული კომპანია NS Studio-ს პროექტმა "მზიურის ხიდმა" ICONIC award 2021: Innovative architecture-ის კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. 2019 წელს შექმნილ პროექტებზე არქიტექტორებმა ნინო ჭანტურიამ, ლუკა ჩაგანავამ, ამირან შარიფაშვილმა, ნიკოლოზ ჯაბადარმა და ვახტანგ ცხოვრებაშვილმა იმუშავეს.
"მოცემულ საპროექტო ტერიტორიაზე 2015 წლის 13 ივნისს განვითარებული მოვლენები ჩვენი ქვეყნის ისტორიის წარუშლელი ნაწილი გახდა. ჩვენი პროექტით გვსურდა არა მხოლოდ ფუნქციური ხიდის, არამედ სიმბოლოს შექმნაც, რომლის კონსტრუქციის კონცეფციად ავიღეთ ზოოპარკის გალიების მრუდი ფორმა, რომელიც გარდავქმენით მთავარ საყრდენად. გვსურდა იდეური, ნოსტალგიური, მეხსიერებითი და სახასიათო მნიშვნელობის ელემენტის შექმნა. ასევე გვინდოდა შეგვექმნა განცდა ერთიანი, შეკრული, პლასტიკური მოცულობისა, რისთვისაც აუცილებელი იყო ყველა შემადგენელი დეტალის ერთი საერთო ფერით გაერთიანება. გარემოსთან კონტრასტისა და ხიდის ფუნქციის მნიშვნელობის ხაზგასასმელად გადავწყვიტეთ პასტელური წითელი ფერის გამოყენება როგორც კონსტრუქციაზე, ასევე საფარსა და მოაჯირზე. ამ მიდგომით, ვფიქრობთ, შევქმენით კონსტრუქცია, რომლის საავტომობილო გზიდან დანახვისას გიჩნდება განცდა, თითქოს ჰაერში გამოკიდებული, ერთი ამოსუნთქვით გავლებული ხაზია.
იმისათვის, რომ ხიდის წამყვანი კონსტრუქცია დამატებითი ელემენტებით ვიზუალურად არ გადაგვეტვირთა, გადავწყვიტეთ შუშის მოაჯირის მოწყობა, რომლის მოწითალო ფერი მიწიდან ცისკენ უფერულდება და ქრება. ღამით მისი ხაზობრივი ნათება მთლიანობაში ემოციურ და საინტერესო ეფექტს ქმნის ხიდზე გადასვლისას". - განმარტავენ NS Studio-ში.
დაწერე კომენტარი