18 სექტემბერს The Why Not Gallery-ში შალვა ნიკვაშვილის პერსონალური გამოფენა "აი ია ყვავილია" გაიმართება. შალვა ნიკვაშვილი, პროფესიით მოდის დიზაინერი, წარმოადგენს გამოფენას, სადაც კოსტიუმი და ზოგადად, პერფორმატიულობა წამყვან როლს თამაშობს. ნიღაბი, როგორც კამუფლაჟი, საკუთარი თავის დასაცავად, საკუთარ ტრავმებში ჩასაღრმავებლად, ადამიანის სექსუალობის ყველაზე ბნელი კუთხეების გამოსაკვლევად და სოციალ-პოლიტიკურ კონტექსტზე სალაპარაკოდ, რომ განაცვიფროს და დააფიქროს. „აი ია ყვავილია“ პირველი წინადადებაა, რომელიც სკოლაში ვისწავლე. ყველაზე ლამაზი წინადადება იყო, რაც კი ოდესმე გამიგია. შეიძლება ჩემი ცხოვრებაც მინდოდა ისეთი ლამაზი ყოფილიყო, როგორც ეს სიტყვები.
"ამ გამოფენას ბავშვობის მოგონებებს ვუძღვნი; სიყვარულს და სიძულვილს ჩემი ქვეყნისადმი, სადაც დავიბადე, რომელმაც გამამდიდრა, მაგრამ ამავდროულად, გამანადგურა". - ვკითხულობთ შალვას პრესრელიზში. შალვა ნიკვაშვილი მულტიმედია ხელოვანია, რომელიც იდენტობისა და მეხსიერების თემაზე მუშაობს, იკვლევს სილამაზის და მანიპულაციის საზღვრებს. იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტზე და შემდეგ სწავლა განაგრძო ანტვერპენში, სამეფო სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე. შალვას ნამუშევრები გამოფენილ იყო ევროპის არაერთ გალერეასა თუ მუზეუმში, მათ შორის KW Institute for Contemporary Art-ში (ბერლინი), Barbara Thumm Gallery-ში (ბერლინი). მისი შემოქმედება გაშუქდა ისეთ წამყვან სახელოვნებო გამოცემებში, როგორიცაა ID magazine, Vice, Metal Magazine და სხვა. 2021 წელს მან იმუშავა რეჟისორ კირილ სერებრენიკოვთან ერთად და დ. შოსტაკოვიჩის ოპერისთვის "ცხვირი" შექმნა ნიღბები. შალვა ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ბელგიაში.
დაწერე კომენტარი