Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან ერთად გთავაზობთ ოქტომბერში მიმდინარე საინტერესო გამოფენებს.
The Why not Gallery - შალვა ნიკვაშვილი "აი ია"
ფოტო: თეკლა კიღურაძე
18 სექტემბერს Why not Gallery-ში შალვა ნიკვაშვილის პერსონალური გამოფენა "აი ია ყვავილია" გაიხსნა. პროფესიით მოდის დიზაინერი, წარმოადგენს გამოფენას, სადაც კოსტიუმი და ზოგადად, პერფორმანსულობა წამყვან როლს თამაშობს. „აი ია ყვავილია“ პირველი წინადადებაა, რომელიც სკოლაში ვისწავლე. ყველაზე ლამაზი წინადადება იყო, რაც კი ოდესმე გამიგია. შეიძლება ჩემი ცხოვრებაც მინდოდა ისეთი ლამაზი ყოფილიყო, როგორც ეს სიტყვები. ამ გამოფენას ბავშვობის მოგონებებს ვუძღვნი; სიყვარულს და სიძულვილს ჩემი ქვეყნისადმი, სადაც დავიბადე, რომელმაც გამამდიდრა, მაგრამ ამავდროულად, გამანადგურა". - ვკითხულობთ შალვას პრესრელიზში.
გალერეა Artbeat - თამუნა ჭაბაშვილი "გუდა-ნაბადი"
გალერეა Artbeat 24 ოქტომბრის ჩათვლით თამუნა ჭაბაშვილის პერსონალურ გამოფენას - "გუდა-ნაბადს" წარმოგვიდგენს, რომელიც Oxygen Biennial 2021-ის პარალელურად მიმდინარეობს. თამუნა ჭაბაშვილის სახელოვნებო პრაქტიკა არქივებისა და ნაკვალევის საკითხებს უკავშირდება. ხშირად მის პროექტებში ქსოვილი ქსელის ფუნქციას ასრულებს. ის ქსოვილს იყენებს იმისათვის, რომ პერსონალური პერსპექტივიდან აღნიშნოს გარკვეული მოვლენის ნაკვალევი, ის აქციოს დროებით პლატფორმად ან სივრცედ, რომელიც გადმოსცემს ადამიანის ისტორიას და ეწინააღმდეგება მის გაქრობას.
თამუნა ჭაბაშვილის პროექტებში იხილავთ სხეულისა და სახლის თემების ურთიერთკავშირს. ხშირად მის ნამუშევრებში სხეულის საშუალებით განისაზღვრება და ხელმეორედ იქმნება ისეთი მასალა, რაც უცხო თვალისთვის უხილავია, თუმცა, მეხსიერების ფორმით არსებობს და თითქოს კანქვეშ შეიგრძნობა.
ტრავმისა და (იძულებითი) გადაადგილების პირადი და კოლექტიური ისტორიის მრავალი შრე ამჯერად გადაქცეულია მინიმალურ და გამიზნულად მარტივ ნიშნებად, რაც ამავდროულად, მათ სიხშირესაც ავლენს. კვალისა და დოკუმენტაციის დაგროვების ნაცვლად, ნამუშევრები გამოცალკევების პროცესის შედეგადაა შექმნილი: აქ არსის ძიებას ვხედავთ.
ნათელი ფერებითა და გეომეტრიული მოტივებით შექმნილ შალის საბნებზე დაბეჭდილი ფორმები თავდაპირველად გამიზნული აბსტრაქციის შთაბეჭდილებას ტოვებს. ნამუშევრების სათაურები ნანახის ამოცნობაში გვეხმარება. ამავდროულად, საბნების გამოყენების კვალი ისტორიის შრეების არსებობაზე მიანიშნებს.
Window Project - ალექსეი დუბინსკი "დღიურები. ევას ცხოვრება და სხვა შენიშვნები"
18 სექტემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით გალერეა Window Project-ში ალექსეი დუბინსკის სოლო გამოფენა - "დღიურები. ევას ცხოვრება და სხვა შენიშვნები" იმართება. "ჩვენ ნივთებისა და საგნების სამყაროში ვცხოვრობთ. ხშირად ვსაყვედურობთ ყოველდღიურობას და ვწუწუნებთ ჩვენს ცხოვრებაში დიდი მოვლენების არარსებობაზე. საკუთარ თავს პატარა და უმნიშვნელო არსებებად აღვიქვამთ. ერთი კუთხიდან მეორეში დავდივართ და ვწყევლით უღიმღამოდ გატარებულ დღეს. სწრაფად ვეშვებით ჩვენი აღქმის ფსკერზე, ვახდენთ გარშემო მყოფი სამყაროს დეპერსონალიზაციას და თანდათან ამ გამოსახულებიდან საკუთარ თავსაც ვშლით. მაგრამ ხშირად ადამიანმა მზერა უბრალოდ რაიმე წვრილმანს უნდა მიაპყროს და მასში სამყაროს მთელი ბრწყინვალება დაინახოს. ეს სერია იმ მრავალი ესკიზითაა შთაგონებული, რომლებსაც მოგზაურის ჩანაწერების სახით ვაგროვებ. მათ ალბომებში ჩანახატების, ფოტოებისა და ზოგჯერ მცირე ტექსტების ფორმით ვინახავ. ვცდილობ, ყოველდღიურ ცხოვრებაში პატარა, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დეტალები აღმოვაჩინო. ხშირად ამ დეტალებისგან, საგნებისგან, პერსონაჟებისა და სივრცეებისგან სიუჟეტებს ვადგენ და მათ კოლაჟის მეთოდის გამოყენებით ვაერთიანებ. ხშირად ეს თავდაპირველი ვერსიით გადმოცემული სცენებია. თუმცა ყველა ჩემ მიერ აღმოჩენილ სიუჟეტს ცალკეულ დამოუკიდებელ სურათებად არსებობაც შეუძლიათ. მოცემული კოლექციით მინდოდა ზუსტად ის მომენტი მეჩვენებინა, როდესაც მცირე დეტალს როგორც საკუთარი ისტორიის მოყოლა, ისე დიდი სიუჟეტის კონტექსტში არსებობა და მისთვის გარკვეული სემანტიკური ელფერის მინიჭება შეუძლია.
სწორედ ამგვარი სიუჟეტებია წარმოდგენილი სერიის ესკიზებში - „ევას სიცოცხლე“. ეს ისტორიები ევას ყოველდღიურობისა და მისი დეტალების შესახებ მოგვითხრობენ. ევა ყოველდღიურ ცხოვრებაში დაკარგული ადამიანის სულს განასახიერებს, რომელიც ისევე იდუმალი და მიმზიდველია, როგორც სულ დასაწყისში იყო. ეს ცხოვრების შიგნიდან დათვალიერების, მისი სუფთა მზერით შეხედვისა და სამყაროს ჭეშმარიტი სილამაზისა და მაგიის აღქმის მცდელობაა. ვცდილობ, ცხოვრებასა და ჩემ გარშემო არსებულ სამყაროს აღქმის სიმარტივის თვალსაზრისით ვუყურო. თუმცა ეს სიმარტივე იმის საშუალებასაც მაძლევს, ნივთების, საგნებისა და ტიპური მოვლენების სამყაროს შიგნით არსებული დეტალებიც დავინახო. როდესაც სამყაროსთან გულწრფელ ურთიერთობას დაამყარებთ და მის მიმართ გახსნილი იქნებით, ის თავისი სიმარტივის ფარგლებში ღრმა და მარადიული ჭეშმარიტებების გამოვლენას დაიწყებს. გამოჩნდება ყოველდღიურობის სიდიადე, ცხოვრების მნიშვნელობა და მაგია, რომელიც სამყაროს უკიდეგანო სივრცეებში გასაღების ჭუჭრუტანის მეშვეობით შეღწევის უფლებას მოგვცემს". - ნათქვამია გამოფენის პრესრელიზში.
LC Quisser - თამაზ ნუცუბიძე
ელ ცე კვაისარი, გალერეა "ნექტართან" თანამშრომლობით, ხელოვან თამაზ ნუცუბიძის გამოფენას მასპინძლობს, სადაც წარმოდგენილია დეკორატიული ტექსტილისა და გობელენის აღდგენილი სერია მდიდარ საარქივო მასალასთან ერთად. "თამაზ ნუცუბიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ახლად დაფუძნებულ ქსოვილის მხატვრული გაფორმების ფაკულტეტზე სწავლობდა, რომელიც 1959 წელს შეიქმნა საგანმანათლებლო სისტემის განახლების და დაწესებულების დახურვისგან გადარჩენის მიზნით. იმის ნაცვლად, რომ გაჰყოლოდა წინასწარ განსაზღვრულ ინტერესს - გრაფიკას, მან ტექსტილის დიზაინი არჩია, ვინაიდან დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების სფეროში მეტი შესაძლებლობა იყო ალტერნატიული მხატვრული თავისუფლების, რათა თავი დაეღწია საბჭოთა სახვითი ხელოვნების მკაცრი მარწუხებისგან და თავსმოხვეული სოციალისტური რეალიზმისგან. ნუცუბიძე იკვლევს ფარდაგებსა და ხალიჩებს საქართველოს აღმოსავლეთ მთის რეგიონიდან (თუშეთი, ალვანი, ფშავი, ხევსურეთი, ყაზბეგი).
მისი ნამუშევარი “თუშური მოტივები” (1978 წ.) მხატვრული ძალისხმევის შედეგად მიღწეული ინდივიდუალიზაციის შესანიშნავი მაგალითია, ადგილობრივი ტრადიციის კვლევისა და კომპოზიციური დეკოდირების გზით. მუქი ლურჯი შალის ქსოვილი რაციონალურადაა აგებული და მორთული ისეთი გეომეტრიული მოტივებით, როგორიცაა ბორჩალოს ფარდაგებზე ნაპოვნი "მემლინგის ვარდი" (memling gül) და 90-გრადუსიანი კაკვები. ის ინარჩუნებს მთის ტრადიციისა და ქართული ხალხური კოსტიუმისთვის დამახასიათებელ გრაფიკულ გამომსახველობას. ელეგანტური ფერთა სქემა შედგება შეკვეცილი რაოდენობის ბუნებრივი ტონებისგან - მუქი ლურჯი, თეთრი, ყვითელი და ღვინისფერი, რაც ორგანულად ერწყმის თუშურ ჩვეულებას და მის განყენებულ, თუმცა სიმშვიდისმომგვრელ ხასიათს. ნამუშევრის კომპოზიციური ლაკონიზმი არის შესაფერისი თანამედროვე გადაწყვეტა ხალხურ მედიუმში, პიქსელურად-ორგანიზებადი სივრცითი ელემენტისთვის მართებული მიდგომის პარალელურად". - ნათქვამია გამოფენის პრესრელიზში. თამაზ ნუცუბიძის ნამუშევრების გამოფენა გალერეა ელ ცე კვაისარში 24 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
E.A. shared space - სოფი იუნგი "an opera in many stages, an ongoing act, a pack a pact"
12 სექტემბრიდან E.A. Shared Space-ში, საქართველოში პირველად, ხელოვან სოფი იუნგის სოლო გამოფენა - "an opera in many stages, an ongoing act, a pack a pact" იმართება. ლონდონსა და ბაზელში მცხოვრები ხელოვანი, რომელიც ნამუშევრებს ძირითადად სამ სხვადასხვა მედიუმში - ტექსტი, სკულპტურა და პერფორმანსი - ქმნის, საქართველოში გასამართ გამოფენას სიმონ ვირსალაძის სახლ-მუზეუმთან მჭიდრო თანამშრომლობით გვთავაზობს, რაც ქართული ნაციონალური ბალეტის საარქივო მასალის კვლევას მოიცავს.
Maudi - სოფო კობიძე "ყველა ყვავილი"
Maudi-ში 22 ოქტომბრის ჩათვლით სოფო კობიძის გამოფენა "ყველა ყვავილი" გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელოვანის 2019-2021 წლებში შესრულებული ფერწერული ნამუშევრები.
კოვიდპანდემიისგან დასაცავად გამოფენაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვაქცინირებულთა და გამოჯანმრთელებულთათვის, ან კოვიდ ნეგატიური ტესტის წარდგენის შემთხვევაში (უკანასკნელი 48 საათის). სივრცეში ყოფნა შეეძლება 5 ადამიანს ერთდროულად.
Gamrekeli Gallery - ირაკლი გამრეკელი “გადანაცვლების რიტუალები”
გალერეა "გამრეკელი" 19 სექტემბრიდან, Oxygen Biennial 2021 - ის პარალელურად, ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, თეატრისა და კინოს მხატვრის, ირაკლი გამრეკელის გამოფენას - “გადანაცვლების რიტუალებს” მასპინძლობს, რომლის ნახვა დამთვალიერებლისთვის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე იქნება შესაძლებელი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი - ლევან სონღულაშვილი “Triptychos"
საქართველოს ეროვნული მუზეუმი Window Project-თან ერთად 8 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ხელოვან ლევან სონღულაშვილის მულტიმედიურ პერსონალურ გამოფენა - “Triptychos”-ს უმასპინძლებს. გამოფენა აერთიანებს კედლის მხატვრობას, ინსტალაციებს, ფერწერასა და საუნდს. ექსპოზიცია იმერსიული ხასიათისაა და მუზეუმის სამ დარბაზს მოიცავს, რომელიც ტრიპტიქს ქმნის. “Triptychos” სამი ნაწილისგან შემდგარი ნამუშევარია, რომელიც ხელოვანის ეგზისტენციალური მდგომარეობის და ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის სამ გარდამტეხ ეტაპს ეხმიანება, რომელიც რეგენერაციისკენაა მიმართული. ფარული ნარატივით ავტორის პერსონალური გამოცდილება აბსტრაგირდება საყოველთაო ისტორიად, რომელიც დამთვალიერებლის პირად თავგადასავლად იქცევა.
დაწერე კომენტარი