ბავშვობაში, როცა ძილისპირულისას უფროსებისაგან ტკბილად ჩაგვესმოდა სიტყვები - “იყო და არა იყო რა”, ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა მოვმზადებულიყავით ახალი მოგზაურობისათვის, გვენახა ფერიებითა და ურჩხულებით სავსე სამყაროები, გვებრძოლა გმირებთან ერთად, სიხარულით გვეზეიმა მათი გამარჯვება, მარცხს კი ჩვენც დიდი იმედგაცრუებით შევხვედროდით. საინტერესოა, როგორ აღიქმება ზღაპრები ზრდასრულობაში, როგორ უკავშირდება ისინი ობიექტურ რეალობას, როგორ გვესახება სიტყვები - “იყო და არა იყო რა” დღეს და როგორ პასუხობენ ამ მოცემულობას ქართველი ხელოვანები.
როგორც პროექტის გუნდის ერთ-ერთი წევრი, მარიამ ნატროშვილი ამბობს, “იყო და არა იყო რა” ერთგვარი ჯადოსნური ფორმულაა. იგი ორ კონტრასტულ მდგომარეობას გვთავაზობს - ყოფნას და არ ყოფნას, რაც მკითხველსა თუ მაყურებელს თავისუფალი არჩევანის უფლებას ანიჭებს გადაწყვიტოს - ის, რაც ესმის, მართალია თუ გამოგონილი. სწორედ ქართული ზღაპრების დასაწყისი გახდა პროექტის გუნდის წევრების მთავარი გასაღები, რათა ემუშავათ ქართული მითოლოგიის პერსონაჟების გამოფენაზე, რომლის ხილვას დაინტერესებული პირები ვირტუალურ ფორმატში მოახერხებდნენ.
აპლიკაცია, სახელწოდებით ზღაპAR, რომელიც “თბილისი - წიგნის დედაქალაქის” მხარდაჭერით შეიქმნა, დამთვალიერებლებს აუგმენტურ, ანუ გაფართოებულ რეალობას (AR/Augmented Reality) წარმოუდგენს. AR ჩვენი რეალობის დამატებითი განზომილებაა, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია და შესაბამისად, მისი აღქმისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება აუცილებელია. აპლიკაციით ქართველი ილუსტრატორების მიერ შექმნილი ქართული მითოლოგიის პერსონაჟები რეალურ გარემოში ცოცხლდებიან, ადგილის არჩევაში კი მომხმარებელი სრული თავისუფლებით სარგებლობს. მაგალითად, მას შეუძლია დაინახოს კვაჭის ხელით შესრულებული ნადირობის ქალღმერთი დალი როგორც საკუთარ სახლში, ასევე ქალაქის ქუჩებში, სკვერებსა თუ მეტროებში.
მარიამ ნატროშვილის სიტყვებით, მითოლოგიური ამბები და ზღაპრები ერის ქვეცნობიერის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს, რადგან ძველი ზღაპრები, რომლებმაც ჩვენამდე ზეპირსიტყვიერი თუ ნარატიული გზებით მოაღწია და საუკუნეებს გაუძლო, ერთგვარი პორტრეტებია იმ ადამიანების, რომელთა ცნობიერებაში ის გამოგონილი პერსონაჟები არსებობდნენ. ვირტუალური გამოფენის - “იყო და არა იყო რას” ერთ-ერთი მიზანიც ერის კულტურაზე საუბრის მცდელობაა, რომელიც, ამ შემთხვევაში, გაფართოებული რეალობის შექმნითაა მიღწეული.
View this post on Instagram
აპლიკაციაზე მუშაობდნენ:
მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე
ალექს ლაშხი
თორნიკე სულაძე
AR გამოფენაში მონაწილეობენ:
სოფო კირთაძე
გიო ჯინჭარაძე
ხატია ჩიტორელიძე
ანუკ ბელუგა
ვარლამ ჯმუხაძე
ანკა ბოჭორიშვილი
კვაჭი
დაწერე კომენტარი