2 ოქტომბერს პარიზში თეატრმა Châtelet-მა Balenciaga-ს 2022 წლის ზაფხულის სეზონის კოლექციის ჩვენებას უმასპინძლა. სიახლე ნამდვილად არ არის, რომ Balenciaga კოლექციის პრეზენტაციისათვის ყოველთვის შემოქმედებითი გზების ძიებას ცდილობს და ამ მიზანს წარმატებით ახორციელებს. ამის მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ FW20, სადაც პარიზის მოდის კვირეულის შოუ, კოლექციის ჩვენებასთან ერთად, პერფერმანსულ ელემენტებსაც შეიცავდა. მოდელები წყლით დატბორილ პოდიუმზე მეტწილად შავ სამოსში გამოწყობილები გამოდიოდნენ და ამგვარი ნაბიჯით მოდის სახლი კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებზეც მიანიშნებდა. ასევე ვიდეოთამაში Afterworld: The Age of Tomorrow, რომელიც კოვიდ-19-ის შთაგონებით შეიქმნა და შემოდგომის 2021 წლის კოლექციის წარდგენასთან ერთად პოსტაპოკალიპსურ დისტოპიურ მომავალზეც აქცენტირებდა.




როცა Balenciaga-ს ყოველ მომდევნო შოუზე ვიწყებთ ფიქრს, რთულია დაახლოებით მაინც ვივარაუდოთ, თუ რა გზებით მოახერხებს მსოფლიოში სახელგანთქმული მოდის სახლი ჩვენს კვლავ გაოცებას ან თუნდაც რას მოგვიმზადებს მისი შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია, რომლის  შექმნილ რეზონანსულ სამოსზეც, Met Gala-ზე კიმ კარდაშიანს რომ ეცვა, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებენ. როგორც ჩანს, პარიზის 2 ოქტომბრის ღამემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დემნა გვასალიას ფანტაზიის წყარო უკიდეგანოა.




შოუ, რომელიც წითელი ხალიჩის თანხლებით გაიმართა, ბუნებრივია, არაერთ ცნობილ სახეს უყრიდა თავს. მათ შორის იყვნენ ნაომი კემპბელი, ლუის ჰამილტონი, ელიოტ პეიჯი, Cardi B, Offset და სხვები.


Châtelet-ის დიდ ეკრანზე “სიმპსონების” სპეციალური სერიის ჩვენებით შოუმ ერთიორად გრანდიოზული სახე მიიღო. ანიმაციური სერიალის პერსონაჟებმა Balenciaga-ს სამოსი მოირგეს და პარიზის მოდის კვირეულზე სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად Vogue-ის რედაქტორის, ანა ვინტურის წინაშე წარდგნენ. არც მეტი, არც ნაკლები, სერიის პერსონაჟად თვით მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალიაც გვევლინება, რომელიც ერთ-ერთ ბოლო სცენაში ჰომერს ფრანგული კოცნის თეორიულ გაკვეთილსაც უტარებს.


“სიმპსონებთან” კოლაბორაციით გვასალიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ წარმომავლობას, შთაგონების მთავარ წყაროს და, შეიძლება ითქვას, თავის პიროვნებასაც. ათწუთიან სერიაში გვასალია მარჯ სიმპსონისგან წერილს იღებს იმის თაობაზე, რომ Balenciaga-ს კაბის თუნდაც 30 წუთით ტარება მას მთელი ცხოვრება ემახსოვრება, რადგან მარჯიმ 30 წუთით მაინც იგრძნო, რომ იგი გამორჩეულია. ამ მგრძნობიარე შეტყობინებით გულაჩუყებული გვასალია ჩადის ისეთ პროვინციულ ქალაქში, როგორიც Springfield-ია და გადაწყვეტს, რომ მოდის კვირეულზე სწორედ ამ ქალაქის მოსახლეობა გამოიყვანოს, რადგან როგორც Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი აცხადებს, თავის შოუზე მსოფლიომ რეალური ადამიანები უნდა იხილოს.  

სერია შეგიძლიათ იხილოთ აქ: