ბერლინის ხელოვნების კვირეულის ფარგლებში გალერეა Sprüth Magers ქართველი არტისტის, ანდრო ვეკუას სოლო გამოფენას აანონსებს, რომელიც ხელოვანის ახალ ფერწერულ ნამუშევრებს წარადგენს. გამოფენა It Seems Like That ბერლინში 17 სექტემბერს გაიხსნა და ექსპოზიციის ხილვა 30 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
Andro Wekua, It Seems Like That, 2021, installation view, Berlin, 2021 Courtesy Sprüth Magers
Photo: Ingo Kniest
ანდრო ვეკუა ქართველი ხელოვანია, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. მისი სახელოვნებო გამოცდილება ბევრ მნიშვნელოვან არტ-პლატფორმას უკავშირდება, მათ შორის, პომპიდუს ცენტრს პარიზში (2006), თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს კლივლენდში (2016) და მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, “გარაჟს” (2018).
Andro Wekua, Half Moon, 2017/2021, installation view, Sprüth Magers, Berlin, 2021 Courtesy Sprüth Magers
Photo: Ingo Kniest
ანდრო ვეკუას ფერწერული ნამუშევრები მისი შემოქმედებითი პრაქტიკის ელემენტების გამოყენებით ხშირად ფიგურატიულ და აბსტრაქტულ გამოსახულებებს შორის მონაცვლეობს. ხელოვანი ნამუშევრებში იდუმალ და დამატყვევებელ სამყაროებს ქმნის და ტილოზე სიზმრისეული ილუზიის შემოტანით მნახველში პირდაპირი ინტერპრეტაციების განვითარებას ართულებს.
Andro Wekua, Iris 9:10, 2021, installation view, Berlin, 2021 Courtesy Sprüth Magers
Photo: Ingo Kniest
ექსპოზიცია ხუთ ნამუშევარს აერთიანებს, ესენია: June Berlin, It Seems Like That, Vardi, Iris 9:10 და Half Moon.
Andro Wekua, Vardi 13:45, 2021 installation view, Berlin, 2021 Courtesy Sprüth Magers
Photo: Ingo Kniest
როგორც გამოფენის პრესრელიზში ვკითხულობთ, ფერწერაში June Berlin (2021) არტისტს კლასიკური მხატვრობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პატერნი - ნატურმორტი ყვავილებით შემოაქვს, რომელსაც მისთვის დამახასიათებელი ექსპრესიული მონასმებით ანაწევრებს. ვარდი, რომელიც ბევრ კულტურაში მრავლისმეტყველი სიმბოლოა, ნამუშევარში იდეურად დაწნეხილია, რადგან ვეკუას ფერწერის მთავარი მახასიათებელი სიმბოლოს დეკოდირება კი არა, თავად ფერწერის კვლევაა.
Andro Wekua, It Seems Like That, 2021, installation view, Berlin, 2021 Courtesy Sprüth Magers
Photo: Ingo Kniest
რაც შეეხება ნამუშევარს It Seems Like That, რომელიც პერსონალური გამოფენის სათაურსაც წარმოადგენს და ექსპოზიციას ლაიტმოტივად გაჰყვება, მინიმალისტური ფორმითაა შესრულებული. აღსანიშნავია, რომ სხეული გენდერული ნიშნით არ გამოიყოფა, მიუხედავად იმისა, რომ იგი თითქმის შიშველია. ფიგურის ბუნდოვანი, არაფოკუსირებული მზერა მომენტალურად მნახველის მზერას ხვდება, თუმცა საკმარისია ნამუშევართან მიახლოება და მაშინვე გამოაშკარავდება, რომ გამოსახულების თვალები სივრცეში სულ სხვა მიმართულებით იხედება.
Andro Wekua, June Berlin, 2021 , installation view, Berlin, 2021 Courtesy Sprüth Magers
Photo: Ingo Kniest
ამ და სხვა ნამუშევრების ფიზიკურ რეჟიმში ხილვა შესაძლებელია გალერეა Sprüth Magers-ში, ბერლინში, 11:00-18:00 საათამდე. შეხვედრის დაჯავშნა შეგიძლიათ აქ.
იმ შემთხვევაში, თუ ბერლინში მოხვედრას თვის ბოლომდე ვერ შეძლებთ, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გალერეის ოფიციალურ ვებგვერდს.
დაწერე კომენტარი