რია ქებურია ახალგაზრდა ხელოვნების მოყვარული და კოლექციონერია, რომელსაც არტისტების შემოქმედებითი ჩართულობის გაზრდის მიზნით ბევრი საინტერესო პროექტი განუხორციელებია. უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც “რია ქებურიას ფონდის” მთავარი საქმიანობა ახალი ტალანტების აღმოჩენას, მათი მოტივაციის გაზრდასა და ინდუსტრიაში დამკვიდრების შესაძლებლობას ემსახურება.

სულ ცოტა ხნის წინ ფონდმა განახორციელა პროექტი “Open Studios”, რომლის ფარგლებშიც დაანონსებულ ჯგუფურ გამოფენაზე ქართველი ხელოვანები პოსტპანდემიურ რეალობაზე შემოქმედებითი გზებით რეფლექსირებდნენ.

როგორც რია ქებურია Hammock Magazine-თან ინტერვიუში ამბობს, ხელოვნება დიდი ხანია არის გზა, ტრაგედიისა და გაურკვევლობის დასაძლევად და აქვე იბადება კითხვები - როგორ აღიქვამენ თანამედროვე არტისტები მოულოდნელად შეცვლილ სამყაროს და რა ფორმებით ცდილობენ დღევანდელ ალტერნატიულ რეალობაზე რეაგირებას? ამ კითხვებზე პასუხების მიღებას 17 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით კაჭრეთში, ფონდის გალერეაში შეძლებთ.

პროექტის, რეზიდენციებისა და ზოგადად, ფონდის საქმიანობის ძირითადად პრინციპებზე რია ქებურიამ Hammock Magazine-ს დაწვრილებით უამბო.


სოფო მამალაძე

ქართველი არტისტებისათვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ქმნით, თუმცა საინტერესო იქნება თქვენს სახელოვნებო გამოცდილებაზეც გვიამბოთ. მოგვიყევით იმ გზის შესახებ, რომელიც ფონდის დაარსებამდე გაიარეთ...


ამ კითხვაზე პასუხი ბევრს აინტერესებს, რადგან ფონდის დამფუძნებლის კვალობაზე ძალიან ახალგაზრდა ვარ, თუმცა ამ შესაძლებლობას ობიექტურად ვუყურებ. ყველაფერი დაიწყო მოდის ინდუსტრიით, დიზაინერი ვარ და ამ სფეროში art fashion-ს ვქმნიდი. ინდუსტრიაში ყოფნის კონკრეტული პერიოდის გასვლის შემდეგ გავაანალიზე, რომ კომერციულ მოდაზე მუშაობის დროს თავს კომფორტულად აღარ ვგრძნობდი, თითქოს საკუთარ თავს ვერ ვპოულობდი, ამას ისიც ემატებოდა, რომ art fashion იმ დროისათვის სათანადოდ განვითარებული არ იყო. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ თანდათან სხვა საქმის კეთება დავიწყე - ჩემი art fashion პერფორმანსებთან დავაკავშირე. ხშირად გამოვდიოდი მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე, როგორც მოძრავი გალერეა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე უკვე აღარ ვიყავი დამოუკიდებელი დიზაინერი და სხვადასხვა არტისტებთან სამომავლო კოლაბორაციის მიზნით ვთანამშრომლობდი. ყოველ ახალ პერფორმანსს ახალი ხელოვანები ემატებოდნენ. გავიდა დრო და ამ პერიოდში დამიგროვდა შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანების დიდი წრე, რომლებთანაც საერთო ინტერესები მაკავშირებდა, თანაც მეც მუდამ დამუხტული ვიყავი, სულ მქონდა იდეები ახალი პერფორმანსებისათვის. წრეც თავისთავად იზრდებოდა.

ამ ფონის გათვალისწინებით, ბუნებრივად დამებადა იდეა, რომ არტისტების საერთო ბაზა შემექმნა, რაც აღარ მოიცავდა პერიოდულ პერფორმანსებს, თუმცა შექმნიდა მუდმივ სტრუქტურას, რომელიც კიდევ შემოკრებდა ახალ ხელოვანებს და ამ ერთიანობას კიდევ უფრო განავითარებდა.


თეკლა კიღურაძე


ელენე ფიჩხაძე

რა წარმოადგენს ფონდის მუშაობის მთავარ პრინციპებს?

“რია ქებურიას ფონდს” აქვს თავისი წესები და იგი რამდენიმე პუნქტს ექვემდებარება. პირველ რიგში, ფონდის მიზანია კულტურული გაცვლის ხიდების გამყარება. შესაძლებლობა, რომ ქართველ და საერთაშორისო არტისტებს შორის კომუნიკაცია დამყარდეს. გვსურს, რომ საქართველომ უმასპინძლოს უცხოელ არტისტებს, რის საფუძველზეც ისინი საქართველოს ნაწილსაც თან წაიღებენ და ჩვენს ქვეყანასაც დაუტოვებენ სამახსოვრო დეტალებს. სანამ უშუალოდ კულტურული გაცვლის იდეას წამოვჭრიდით, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველო რუკაზე ერთ-ერთ სასურველ მიმართულებად ქცეულიყო. ამიტომაც ჩვენ დავფუძნდით კაჭრეთში. ეს ადგილი უმთავრესად იმ მიზნით შეირჩა, რომ გარემო გვაძლევდა შესაძლებლობას რეზიდენციის მონაწილეები ხელოვნების მიღმა არსებული ელემენტებითაც დაინტერესებულიყვნენ. გვსურდა ხელსაყრელი გარემო შეგვექმნა იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ხელოვნებასთან ერთად უყვართ ღვინოც, გოლფიც და მოგზაურობაც.

ფონდის დაფუძნების მეორე მიზანი ძლიერი ქართული სახელოვნებო სცენის შექმნაა. დღეს დამწყები ხელოვანები ჩრდილქვეშ ექცევიან და უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ ძირითადად არ ჩანან. ხშირ შემთხვევაში უნივერსიტეტები სტუდენტების პოპულარიზაციით არ ინტერესდებიან და მათი პრიორიტეტი მხოლოდ და მხოლოდ სწავლაა. ფონდი ეძებს სწორედ უნივერსიტეტებში მყოფ დამწყებ ხელოვანებს და ხელოვნების სცენის შექმნასაც მათთან ერთად მოიაზრებს. ჩვენ ვკონცენტრირდებით ახალ ტალანტებზე, გვსურს, რომ აღმოვაჩინოთ ისინი და მათ სწორი მიმართულება მივცეთ. 

მესამე პუნქტად ფონდის კოლექციის გაზრდა მოიაზრება. ამ ტალანტებს შორის ირჩევა გამორჩეული ნამუშევრები. ნებისმიერი ტურისტი, ხელოვნების მოყვარული თუ  კოლექციონერი ფონდს ხშირად სწორედ კოლექციის სანახავად სტუმრობს. “რია ქებურიას ფონდი” თავისი აქტივობებით ამ კოლექციას ქმნის და ეძებს.


თორნიკე რობაქიძე

ახსენეთ, რომ ნიჭიერი სტუდენტების პოპულარიზაციას შიდა საუნივერსიტეტო პოლიტიკა, მეტწილად, არ უზრუნველყოფს. ცდილობთ თუ არა დაამყაროთ კავშირი საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან?

ფონდი ყოველთვის უნდა ახერხებდეს ინსტიტუციებთან თანამშრომლობას, რათა მათ გამოგვიგზავნონ ნიჭიერი არტისტები და ამ მხრივ ტალანტების აღმოჩენის პროცესი გამარტივდეს. პირველი უმაღლესი სასწავლებელი, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა, სამხატვრო აკადემია იყო. შემდეგ, როდესაც ნათელი გახდა, რომ სტუდენტები ჩვენთან მნიშვნელოვან გამოცდილებას იღებდნენ, აპლიკაციების შევსება თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმაც დაიწყეს.


Salomeya Bauer 


ლიზა ქიქავა

გვესაუბრეთ სარეზიდენციო პროგრამების პროცესებისა და თანმხლები აქტივობების შესახებ...

სარეზიდენციო პრაქტიკა საქართველოში ახალი დანერგილია. ქართველები რეზიდენციებში თითქმის არ დადიან, რადგან ეს პრაქტიკა ძირითადად ამერიკასა და ევროპაშია განვითარებული. ჩვენამდე აქ სარეზიდენციო საქმიანობას მხოლოდ ჩემი კოლეგა, ყარამან ქუთათელაძე ახორციელებდა გარიყულაში. 

ლოკალური არტისტებისათვის რეზიდენცია 10-დღიანია, საერთაშორისო არტისტების შემთხვევაში კი ერთ თვემდე გრძელდება. ჩვენ ხელოვანებს ორი სახის რეზიდენციას ვთავაზობთ - დატვირთულსა და თავისუფალს. დატვირთული რეზიდენციის ფარგლებში სპეციალურად ვიწვევთ ან მასწავლებელს ან არტისტს, ეს სარეზიდენციო პროგრამის თემაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი რეზიდენციის მთავარი თემა იყო How to verbilise art (როგორ ავამეტყველოთ ხელოვნება). ეს იყო ერთკვირიანი ვორქშოპი, რომელსაც ქართველი არტისტი უტა ბექაია გაუძღვა. მონაწილეებმა რეზიდენცია დადებითად დამუხტულებმა დატოვეს, რადგან ერთია, როცა გასწავლის პროფესორი და მეორე, როცა გამოცდილებას საერთაშორისო დონის ხელოვანი გიზიარებს. ამ დროს მონაწილეები უფრო იხსნებიან. რეზიდენციის მსვლელობის დროს აღმოჩნდა, რომ ბევრ არტისტს ჰქონდა ნამუშევრებზე ვერბალურად საუბრისა და პრეზენტაციის პრობლემა, უტას ვორქშოპებმა მონაწილეების შემოქმედებითი საზღვრები კიდევ უფრო გააფართოვა და ზედმეტი შეზღუდვებისაგან გაათავისუფლა. 

რაც შეეხება თავისუფალ რეზიდენციას, მის ფარგლებში მონაწილეები ისვენებენ, ხატავენ და ბოლოს ფონდი საარქივო კოლექციისათვის მათ რამდენიმე ნამუშევარს იბარებს. ძირითადად მარტონი არიან და ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ.


ნინა ახობაძე

როგორ უნდა მოხვდეს არტისტი რეზიდენციაში და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის?

ჩვენი ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელის დახმარებით ვაანონსებთ ღია მიღებას და არტისტებმა თავიანთი მონაცემები უნდა გამოგვიგზავნონ. ლოკალური არტისტებისათვის რეზიდენციები ფონდის მიერ სრულად დაფინანსებულია. 

შერჩევის კრიტერიუმებს რაც შეეხება, პირველ რიგში, ვაკვირდები მედიუმს და იმას, თუ რამდენად კარგად მუშაობს არტისტი ამ მედიუმში. პორტფოლიოსა და სამოტივაციო წერილსაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. მაინტერესებს, თუ რატომაა არტისტი რეზიდენციით დაინტერესებული და რა მოტივაცია ამოძრავებს მას. ერთადერთი, რაც შემიძლია დავამატო არის ის, რომ არ მიყვარს მონოტონურობა და ღია მიღების დროს ყოველთვის ისეთი არტისტების არჩევას ვცდილობ, რომლებიც ერთმანეთს ჰარმონიულად დააბალანსებენ, ზუსტად ისე, როგორც ამას მაყურებელი მომავალ შოუზე 10 ოქტომბერს იხილავს. მინდა, რომ თითოეული ნამუშევარი იყოს ინდივიდუალური და მსუბუქი, რათა საბოლოო შოუ გონივრულად შეიკრას. 


ნიკა ქუთელია

რა იქნება 10 ოქტომბრის შოუს კონცეფცია?

10 ოქტომბრის შოუს კონცეფციურ ხაზს წარმოადგენს ის განცდა, რომელსაც არტისტი პოსტპანდემიურ სახელმწიფოში განიცდის და ის, თუ როგორ რეფლექსირებს მასზე. რეზიდენციის დროს არტისტებს უინსტონ ჩერჩილის ერთი საინტერესო ციტატა წავუკითხე: “ეს არაა დასასრული. ეს დასასრულის დასაწყისიც კი არ არის, თუმცა შესაძლოა, დასაწყისის დასასრული იყოს” (Now this is not the end. It is not even the beginning of the end. But it is, perhaps, the end of the beginning.) ციტატა იმდენად აბსტრაქტულია, რომ რთულია მარტივად გაიგო,  დასაწყისზე მიგვითითებს თუ დასასრულზე. ეს ძალიან ჰგავს ამ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ დღეს ისეთ რეალობაში აღმოვჩნდით, რომ ვერც კი ვიაზრებთ ეს დასასრულია თუ რაღაც ახლის დასაწყისი. ამ ორჭოფობას დასასრული არც კი უჩანს, იგი სულ გრძელდება. 


Modi Ceramic Project


Manikhin

ვინ არიან ის არტისტები, რომელთა ნამუშევრებს 10 ოქტომბერს დაანონსებულ შოუზე ვიხილავთ და რომელ მედიუმებში შესრულებულ ნამუშევრებს წარმოადგენენ ისინი?

გამოფენაში მონაწილეობს 10 ქართველი არტისტი. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავებულ მედიუმებში მუშაობენ, რაც, ვთვლი, რომ შოუს საინტერესო სახეს მისცემს. ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება ფერწერის, ინსტალაციის, ვიდეოარტის, სკულპტურის, მიქს-მედია ინსტალაციისა და ტექსტილ-არტის სახით. უნდა აღინიშნოს, რომ შოუზე მონაწილე ხელოვანები ის არტისტები არიან, რომლებიც ჩვენთან  და პარალელურად გალერეებთანაც თანამშრომლობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი არტისტები შემოქმედებით ინდუსტრიაში თანდათან წარმატებით ფუძნდებიან. გამოფენაზე მონაწილე ხელოვანები არიან: თორნიკე რობაქიძე, მაკო ლომაძე, სოფია მესხი, ანა ხუბაევა, ანასტასია კვანჭახაძე, თორნიკე ხადური, ნიკა კოპლატაძე, თეო მასპინძელაშვილი, იოანა წულაია და ანი თოიძე. 


დავით დანელია

სად იქნება შესაძლებელი გამოფენის ნახვა და რა სახის რეგულაციების დაცვა მოუწევთ სტუმრებს?

გამოფენა გაიმართება კაჭრეთის ამბასადორში, ფონდის გალერეაში. რეგულაციების გათვალისწინებით, გალერეაში ერთბაშად 20 ადამიანზე მეტი არ დაიშვება.


დედა სიდონია

რჩევა, რომელსაც რეზიდენციის არტისტებს მისცემდით…

სიმართლე რომ გითხრათ, მე უკვე ნამდვილ პროფესიონალებთან ვთანამშრომლობ და შეიძლება მათ მხოლოდ ჩემი სივრციდან გამომდინარე მივცე რჩევები, მაგალითად, ის, თუ სად რისი განთავსება მოხერხდება. შემოქმედებით პროცესში ნაკლებად ვერევი ხოლმე. ჩემს არტისტებს მხოლოდ ის შემიძლია ვურჩიო, რომ გამუდმებით ხატონ. არის შემთხვევები, როდესაც არტისტები მართლაც რომ შედევრებს შექმნიან და უფრო მეტიც, გაყიდიან კიდეც, თუმცა შემდეგ შეჩერდებიან და ფიქრობენ, რომ ეს საკმარისია. როცა ასეთი არტისტების ნამუშევრებს ვუყურებ, მინდა ყოველთვის ვუთხრა, რომ მათი ხედვა ძალიან მომწონს და უფრო და უფრო მეტი ნამუშევრის ხილვას ვისურვებდი. ნიჭიერ არტისტებს სულ ვეუბნები, რომ ჩვენთან მოვიდნენ, ბევრი ხატონ და თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინონ.