თითქმის უკვე ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველი საერთო სამუშაო სივრცე "ტერმინალი" გაიხსნა. დღეს უკვე ყველამ იცის, რას ნიშნავს მუშაობდე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელ, შენთვის უცნობ ადამიანებთან ერთად,  ისე რომ არც თავად შეუშალო ხელი ვინმეს და შენც კომფორტულად იგრძნო თავი. თუმცა 2016 წელს, მაშინ როცა "ტერმინალი" ბაზარზე თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა, სიტყვა Co Working ჯერ კიდევ ახალ და უცნობ ტერმინს წარმოადგენდა. საერთო სამუშაო სივრცე, სადაც ყველანაირი კომფორტი გაქვს შექმნილი იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ შენს საქმეზე კონცენტრირდე, სადაც არ გეხება არანაირი ტექნიკური საზრუნავი და რაც მთავარია, ადგილი, სადაც ნებისმიერი ადამიანისთვის ამ "ბორდის" კარი 24-საათის განმავლობაში ღიაა - ეს "ტერმინალია" - ეკა და დათო თუშიშვილების მიერ შექმნილი საქართველოსთვის "უჩვეულო" ბიზნესი, რომელიც დღეს უკვე არათუ ვინმესთვის უცნაურ ან გაუგებარ ტერმინს, არამედ აქ მომუშავე ბევრი ადამიანისთვის იმ სივრცეს წარმოადგენს,  სადაც ახალი იდეები და ძალიან საინტერესო საერთო წამოწყებები იბადება.  


 როგორ გაჩნდა იდეა, რომ "ტერმინალის" მსგავსი საერთო სამუშაო სივრცე შეგექმნათ?

ეკა: დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ ვცხოვრობდით და სხვადასხვა კომპანიებისთვის ვმუშაობდით, საქართველოში რომ ჩამოვდიოდით, გვაინტერესებდა, თბილისში სად შეიძლება გვენახა საერთო სამუშაო სივრცე და ეს კითხვა რომ დავსვით, მივხვდით, რომ ადამიანებმა არც კი იცოდნენ ასეთი სივრცის არსებობის შესახებ. რასაც ვაკვირდებოდით, ქვეყანაში სულ ერთი და იგივე ტიპის ბიზნესი იყო განვითარებული: აფთიაქი, კაზინო, რესტორანი... ახალი არაფერი ხდებოდა, გვაინტერესებდა, ახალგაზრდები სად დადიოდნენ, არა მხოლოდ გასართობად, თუნდაც სამუშაოდ. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი სტარტაპი იყო,  მაინც გადავწყვიტეთ, რომ საერთო სამუშაო სივრცე შეგვექმნა. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, ძნელი იყო ადამიანებისთვის აგვეხსნა, სინამდვილეში რას ნიშნავს საერთო სამუშაო სივრცე, როგორ შეიძლება იმუშაო სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად ერთ გარემოში, ისე რომ ხელი არავის შეუშალო და შენც არავინ შეგაწუხოს. რთული იყო კადრების მოძიებაც, ადამიანები გასაუბრებაზე რომ მოდიოდნენ, თავიდან ვერ ხვდებოდნენ, რა კომპანია იყო, რა კონცეფცია ჰქონდა და ან თვითონ რა ფუნქცია ექნებოდათ ამა თუ იმ პოზიციაზე. თუმცა ახლა უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ახლა რომ გასაუბრებაზე მოდიან, კითხვებიც არ უჩნდებათ, უკვე ყველამ იცის ტერმინალის შესახებ.

დათო: სოციალური ნაწილი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა პირველ რიგში მაინც ბიზნესი და კომერციული პროექტია. სანამ  Vere Loft-ს გავხსნიდით, განათლების ცენტრი გვქონდა, სადაც აბიტურიენტებსა და ასპირანტებს ვამზადებდით და მოხდა ისე, რომ კომერციული ფართი ვიქირავეთ, თანხას დოლარში ვიხდიდით, შემდეგ კურსი გაიზარდა და უფრო მეტის გადახდა გვიწევდა, ამან მიბიძგა დავინტერესებულიყავით, სად მუშაობს ხალხი. საქართველოში ძირითადად მაინც პატარა კომპანიებია განვითარებული და აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობა ბინებში მუშაობდა, რასაც ბევრი მინუსი აქვს, მათ შორის ის, რომ რთულია ბინა 1 წელზე ნაკლები დროით იქირაო, ამასთანავე ძალიან ბევრ არაეფექტურ ფართს ქირაობ, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერ გამოიყენო. ევროპაში Co-Working ძალიან ტრენდული იყო, დიდი კომპანიები ჯერ არ იყვნენ ჩართული, თუმცა ცალკეული პირები და კერძო სტარტაპები ძალიან ხშირი მომხმარებლები არიან. თავიდან დაახლოებით ათი სხვადასხვა მიმართულების ბიზნესპროექტი მოვამზადეთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ გარემოსთვის ყველაზე უცხო და არასტანდარტული საერთო სამუშაო სივრცე იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი რვა თვე ძალიან გაგვიჭირდა, ვთვლით, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.


როგორ უხსნიდით თქვენს პირველ სტუმრებს  - რა არის ტერმინალის მთავარი კონცეფცია?

დათო: კონცეფციას ფიტნესდარბაზის მაგალითზე ვუხსნიდით, სადაც ადამიანი აბონემენტს ყიდულობს და შეუძლია ნებისმიერ დროს მივიდეს და ივარჯიშოს. ჩვენთან ვარჯიშის ნაცვლად შეუძლია ნებისმიერ დროს შემოვიდეს და იმუშაოს.

ეკა:  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითაც ადამიანებს ვუხსნიდით, რატომ უნდა მოსულიყვნენ ჩვენთან და არა სხვაგან, იყო თუნდაც 24-საათიანი სამუშაო სივრცე, რომელიც შეეძლო იმდენი დღე დაექირავებინა, რამდენიც თავად სჭირდებოდა, გარდა ამისა, ჩვენს მომხმარებლებს შევუქმენით კომფორტი, რომ თვითონ არ ეფიქრათ კომუნალურ გადასახადებზე, ინტერნეტისა თუ სხვა ნებისმიერი ტიპის ხარჯზე.

სახელი "ტერმინალი"  ბრენდის კონცეფციას როგორ უკავშირდება?

ამ სახელში ორი დაფარული კონცეფცია იმალება. ვინაიდან ჩვენი წევრების უმრავლესობა პროგრამიტები და IT სფეროს წარმომადგენლები არიან, ტერმინალი სწორედ ის პლატფორმაა, რომელსაც ეს ადამიანები თავისი სამუშაოს შესასრულებლად იყენებენ. მეორე მიზეზი, რატომაც ტერმინალი დავარქვით, იყო ის, რომ მაშინ ხშირად ვმოგზაურობდით, არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაზე პროდუქტიულები აეროპორტის ტერმინალში ვიყავით. ტრანსფერის დროს, როცა რეისს 2-3 საათი ველოდებოდი, სურვილი მიჩნდებოდა დავმჯდარიყავი და მემუშავა, თან ეს ისეთი გარემოა, სადაც უამრავი სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა თუ პროფესიის ადამიანი გხვდება. რეალურად "ტერმინალშიც" ზუსტად ასეთი სივრცე შევქმენით, სხვადასხვა პროფესიის ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომელთაც ერთმანეთთან არანაირი შეხება არ აქვთ, ერთ გარემოში მუშაობენ.


რა იყო ყველაზე დიდი წინააღმდეგობა და სირთულე, მაშინ როცა ამ საქმეს იწყებდით?

ეკა: როცა ისეთ საქმიანობას იწყებ, როგორიც, მაგალითად, სასტუმროების ბიზნესია, შეგიძლია ბაზარზე წინასწარი მარკეტინგული კვლევა ჩაატარო და ამის მიხედვით გადაწყვიტო, შენ რა მიმართულებას აირჩევ. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს შეუძლებელი იყო, ჩვენამდე არ არსებობდა ისეთი კომპანია, რომელთანაც საკუთარს შევადარებდით.

დათო: გარდა ამისა, ერთ-ერთი პირველი, რაც საკუთარ თავზე გამოვცადეთ ხელოსნებთან და მუშებთან ურთიერთობა იყო. უმარტივესი პრობლემებიც კი ძალიან გაგვიგრძელდა და გაგვირთულდა. მას შემდეგ კი, რაც გავიხსენით, სულ სხვა გამოწვევებმა იჩინა თავი. პირველი ის, თუ როგორ ავუხსნიდით კლიენტს კონცეფციას, მეორე, პერსონალის მოძიების პრობლემა და მესამე, თავად ბიზნესპროცესები და ბანკებთან ურთიერთობა, როცა პირველად ესმოდათ ასეთი საქმიანობის შესახებ, ძალიან ბევრი შეკითხვა ებადებოდათ, ახლა უკვე მეტ-ნაკლებად ყველას ესმის და დამატებითი შეკითხვებიც არ ჩნდება.

ეკა: თავიდან ბევრი არასერიოზულად უყურებდა ამ ყველაფერს, გვეკითხებოდნენ საოფისე ფართია თუ რა არის, რომ ვუხსნიდით, რომ მთლად საოფისე ფართი არ იყო, შეგრძნება ჰქონდათ, რომ რაღაცას ვიგონებდით ან ვატყუებდით. ამიტომაც, თავიდან ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ დაგვემტკიცებინა ვინ ვიყავით. ძალიან ვამაყობთ იმით, რომ საქართველოში ეს ინდუსტრია ფაქტობრივად ჩვენ გავხსენით, ახლა უკვე ყველა იყენებს სიტყვებს Co Working და მულტიფუნქციური, რომელთა ახსნა-განმარტებაზეც ჩვენ დიდი დრო დავხარჯეთ, ახლა უკვე ბევრი ადამიანია ამით დაინტერესებული, ხედავენ, რომ პოტენციალი ნამდვილად აქვს და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ეს პოტენციალი იგრძნო.


როგორ ფიქრობთ, რას ცვლის ასეთი გარემო თქვენი მომხმარებლების კარიერულ ცხოვრებაში?

დათო: პირველ ნაბიჯს მაინც ადამიანი დგამს და თუ ის ჩვენამდე მოვიდა, ეს ნიშნავს, რომ უკვე რაღაცის შეცვლის მოთხოვნილება აქვს. შეიძლება არც იცოდეს კომპანიის კონცეფცია და ა.შ. მაგრამ თუ მოდის, ესე იგი უკვე გამორჩეულად და განსხვავებულად ფიქრობს - არ სჭირდება სტანდარტულად კაბინეტი, სავარძელი და რამდენიმე დამხმარე, რომელთაც ტელეფონით ყავას შეუკვეთავს. ტერმინალში დარჩენის შემთხვევაში, თუ, მაგალითად, მარკეტინგული ან იურიდიული კომპანიაა, ეს გარემო, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, მათი კლიენტების ზრდასაც უწყობს ხელს. როცა მოდიან და ასეთი სამუშაო ატმოსფერო ხვდებათ, ნდობის ფაქტორიც უფრო იზრდება და მათთან სათანამშრომლოდაც სიამოვნებით არიან მზად. რამდენიმე მაგალითიც კი შემიძლია გავიხსენო, თუ როგორ გაეზარდათ კომპანიებს ჩვენთან მუშაობის შემდეგ გაყიდვები.

ეკა: ტერმინალი ნამდვილად ანიჭებს სტატუსს. ყოველთვის იყო, არის და იქნება აქტუალური, სად მუშაობ, სად დადიხარ და სად ცხოვრობ. როცა ასეთ ობიექტზე მუშაობ, ეს უკვე ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ, წარმატებული ხარ, თუნდაც იმიტომ, რომ საწევროს გადახდის საშუალება გაქვს. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ერთი ან ორი დღით მოდიან, წარუმატებლები არიან, მათ უბრალოდ შეიძლება ჩვენი გრძელვადიანი წევრობა ფიზიკურად არ სჭირდებათ.

დათო: გარდა ტექნიკური და ამ ტიპის ბენეფიტებისა, რეალურად ძალიან კარგი პლატფორმაა ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლადაც. ძალიან ბევრი საერთო პროექტები იბადება. რამდენიმე პროექტმა მიიღო კიდეც  ტექნოპარკის დაფინანსება და ეს სწორედ ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც ტერმინალში გაიცნეს ერთმანეთი. ტერმინალს ნამდვილად აქვს ბევრი დამატებითი ბენეფიტი, რომლებიც თავიდანვე არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში ნებისმიერი კლიენტი ადრე თუ გვიან გრძნობს ამას.


ამბობთ, რომ თავიდან რთული იყო ადამიანებისთვის აგეხსნათ ტერმინალის და მისი საქმიანობის შესახებ, დღეს როგორია თქვენი მომხმარებლების ჩართულობა, ვინ არიან თქვენი ბორდის წევრები?

ტერმინალის წევრები საშუალოდ 30-32 წლის ადამიანები, მათი  უმრავლესობა კი მამაკაცები არიან, ქალები მხოლოდ 30%. ჩვენთან მუშაობს დაახლოებით 53 პროფესიის წარმომადგენელი, მათი უმრავლესობა IT და ტექნიკურ სფეროებში მოღვაწეობს, დაახლოებით 27%  კი უცხოელები არიან. ვხედავთ, რომ თანდათან იმატებს მარკეტინგის გუნდებისა და ლობისტების რიცხვი, პროფესიების მიხედვითაც დივერსიფიკაცია ხდება, რაც ძალიან გვახარებს.

სამომავლო გეგმები...

ტერმინალი ჩვენი ჰოლდინგის ერთ-ერთი პროექტია, გარდა ამისა, ძალიან ბევრ სხვადასხვა ინდუსტრიაში ვგეგმავთ შესვლას. რაც შეეხება ტერმინალს, წელს სამი ახალი ფილიალი იხსნება, ერთი საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, სულ ცოტა ხანში გაიხსნება მარჯანიშვილის ფილიალი და მესამე ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცე "აქსის თაუერშიც" მოეწყობა. გარდა ამისა, თავს მხოლოდ თბილისის გეოგრაფიით არ ვიზღუდავთ, განვიხილავთ რეგიონებსაც და ამასთანავე  გვინდა ევროპის ბაზარზე, ესტონეთსა და ჩეხეთში გასვლაც. ნამდვილად დიდი გეგმები და ამბიციები გვაქვს იმისთვის, რომ ტერმინალი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპის რეგიონში იყოს წარმატებული.