თუ ჯერაც არ შეგიმჩნევიათ ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც დაახლოებით ორი თვეა top.girls_performance-ის სახელით გამომწერებს ფემინისტური შეტყობინებებით სავსე კონტენტს სთავაზობს, გირჩევთ, თვალი აუცილებლად გადაავლოთ. ანგარიში ერთგვარი PR კამპანიის ნაწილია იმ პერფორმანსისთვის, რომელიც გურამ მაცხონაშვილის რეჟისორობით 25, 26 და 28 ოქტომბერს, 21:00 საათზე გაიმართება.
ყველაზე მაგარი გოგოები Royal Court-ის 1980-იანი წლების გახმაურებული პიესაა, რომელიც საქართველოში პირველად იდგმება. პიესა ფემინისტური მიმართულებისაა, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ მისი დადგმის კონცეფციაც არტისტი ქალების იდეებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობს. პერფორმანსში მხოლოდ და მხოლოდ მსახიობი ქალები მონაწილეობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ რეჟისორისა და პროდიუსერის გარდა ქალებით არის დაკომპლექტებული შემოქმედებითი გუნდი; მათ შორის, მომღერალი, კომპოზიტორი, ქორეოგრაფი, ფოტოგრაფი და ტექნიკური რეჟისორი.
ყველაზე მაგარი გოგოების ავტორი ბრიტანელი დრამატურგი კერილ ჩერჩილი მთავარი გმირის, მარლინის პერსონაჟის შექმნით კარიერაზე ორიენტირებული წარმატებული ქალის ცხოვრების წესსა და არჩევანს ასახავს. “თხრობის არალინეარული ხერხით, პიესა გვიჩვენებს სოციალური და კულტურული პარამეტრებით განსხვავებულ მხარეებს და 80-იანი წლების წარმატებული ქალის სახეებს ირეკლავს. მარლინი ვახშამზე ეპატიჟება ქალებს ისტორიიდან თუ ლიტერატურიდან: სუფრას უსხედან ვიქტორიანელი მოგზაური იზაბელა ბერდი, რომის პაპი იოანა და ნახატიდან წინსაფრითა და ჯავშნით გადმოსული გიჟი გრეტა. სტუმრები ბრენდის სვამენ, გატაცებით ჰყვებიან თავიანთ ამბებს და გვაჩვენებენ, რა პოტენციური საზღაურის გადახდა უწევთ ისტორიულად ქალებს წარმატების მისაღწევად.” - ვკითხულობთ აღწერაში.
რადგანაც პიესის კონცეფცია ფემინისტურ მოტივებზეა აგებული, შემოქმედებითი გუნდის წევრები ქალთა გაძლიერების მიზნით მაყურებლებს საინტერესო ექსპერიმენტშიც იწვევენ. კერძოდ, ისინი აბიჯებენ თეატრის შენობის ზღურბლს, სცდებიან ტრადიციულ თეატრალურ ფორმებს და პერფორმასს მისგან მოშორებით, ღია სივრცეში წარადგენენ, სცენად კი ყველაზე მასკულინურ გარემოს - საფეხბურთო მოედანს ირჩევენ. პერფორმანსი, რომელსაც მაყურებელი ამგვარ ექსპერიმენტულ სივრცეში იხილავს, live მუსიკის თანხლებითაც გაიმართება.
Live მუსიკას ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე გაუძღვება, რომელიც ამასთან დადგმის კომპოზიტორიცაა. Hammock Magazine-თან ინტერვიუში იგი ენთუზიაზმით გვიამბობს, თუ რას უნდა ელოდნენ მაყურებლები ყველაზე მაგარი გოგოების პრემიერიდან:
“პირველად პიესის კითხვა რომ დავიწყე, თითქოს ყველაფერი მარტივი და ბუნებრივი იყო, რადგან მოგზაურობ დროში, მაგრამ ფუნდამენტური სათქმელი არ იცვლება. ცოტა მოსაწყენიც კი მომეჩვენა, რატომ უნდა მელაპარაკა ჩემი მუსიკით და მონაწილეობით საკითხზე, რომელსაც ყოველდღე ისედაც დიდ დროს ვუთმობთ. თუმცა, შემხვდა სცენები, რომლებმაც ყურადღება გამამახვილებინა ისეთ დეტალებზე, რისი გამოცდილებაც თავად მე, როგორც ადამიანს, როგორც გოგოს, ცხოვრებაში არ მქონია.
Top Girls ყველაფერზეა - კლასობრივ, სქესობრივ, სოციალურ განსხვავებებს ირეკლავს, კონკრეტულად კი ქალის სახით. ხანდახან ვფიქრობ, როდის შეიძლება მოგვბეზრდეს ლაპარაკი ქალის ცხოვრების სირთულეებზე წარმატების მისაღწევად, მაგრამ, ალბათ, მანამდე უნდა აღვნიშნოთ ეს ტრავმები, სანამ ისტორიები და სტერეოტიპები მართლა უკან არ ჩამორჩება. ჩემი აზრით, 80-იანების ბრიტანეთში დაწერილი პიესა საქართველოსთვის ახლა არის დროული. თხრობის მანერა და დიალოგები, თავისთავად იყო მუსიკალური, რამაც თავიდანვე გამომიწვია. კომპოზიციები არ იქნება სწორხაზოვანი, რადგან სივრცე არ იზღუდება კონკრეტული ქვეყნით ან ეპოქით. პერფორმანსი იძლევა საშუალებას, რომ გამოვიყენოთ სხვადასხვა ჟანრი და დრო მუსიკაში. ჩემთვის სამუშაო პროცესი სავსეა მცდელობებით. მაგალითად, პერსონაჟმა იმღეროს 60-იანების ბრიტანული მუსიკა, რადგან უბრალოდ ნიჭიერი და მუსიკალურია, დაუკრას არფისტმა, რადგან გვყავს ქეთანა სტურუა უნიკალური ინსტრუმენტით, რომელიც კონკრეტულ სცენებში ჟღერადობით ზუსტია, გვყავს ლიზა კერესელიძე საოპერო ვოკალით, რამაც იდეა მოგვცა სიტყვიერი სათქმელი მუსიკით ჩაგვენაცვლებინა. ყოველდღე ვაკეთებთ სხვადასხვა სახის ჩანაწერს, რაც ჩემთვის ამოცანაა - ყველა სცენამ საკუთარი აურა ატაროს, ეს მუსიკალურად გაგახსენებს მას. მესმის, რომ ქაოსურად ჟღერს შორიდან, მაგრამ შიგნით პროცესი იმდენად ლავირებადია, რომ დროსა და სივრცეში დაკარგვის განცდა არ გაქვს, უბრალოდ, ბუნებრივად მიჰყვები პროცესს".
ავტორი: კერილ ჩერჩილი
რეჟისორი: გურამ მაცხონაშვილი
პროდიუსერი: ანრი კილაძე
მხატვარი: გურამ მაცხონაშვილი
კომპოზიტორი: ანუშკა ჩხეიძე
მოძრაობის რეჟისორი: ლანა ყავრელიშვილი
მთარგმნელი: ნინა სურამელაშვილი
არფისტი: ქეთანა სტურუა
ფოტოგრაფი: ნატა სოფრომაძე
ვიდეოგრაფი: ანანო გაბიცინაშვილი
ტექნიკური მენეჯერი: ანი ჯაფარიძე
მონაწილეობენ: ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, თეა კიწმარიშვილი, ქეთი ხიტირი, ლიზა კერესელიძე, ქეთა შათირიშვილი
ასაკობრივი შეზღუდვა: 16+
დაწერე კომენტარი