80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დეკორი - კვადრატული ფილა ახალი ფორმით გამოჩნდა. ადრე მას ვხვდებოდით ყველგან - სააბაზანოს კედელზე თუ საცურაო აუზის დეკორში, დღეს კი ქართულმა ბრენდმა - Toibox-მა ფუნქციური დანიშნულება მიანიჭა და კუბის ფორმის ავეჯის სახით წარმოგვიდგინა. ქართველი ახალგაზრდების, ნინა გვასალიასა და თეო თოიძის ახალი წამოწყება Toibox-ის კერამიკული ფილებით მორთულ რამდენიმე ტიპის ხელნაკეთ ავეჯს აერთიანებს - გრძელი მაგიდები და მრავალფუნქციური კუბის ფორმის ტუმბოები ინტერიერის გასალამაზებლადაა შექმნილი. 


"ჩვენი პროდუქტი ნებისმიერი ადამიანისთვისაა, ვისაც სურს, რომ თავის სახლს მყუდროება და განსხვავებული დეტალი შემატოს". - აღნიშნავენ ბრენდის დამფუძნებლები. 


ერთი წლის წინ, საცხოვრებელი სივრცის შეცვლის შემდგომ, ნინა და თეო ინტერიერით დაინტერესდნენ. აკვირდებოდნენ და ეძებდნენ ყველა ისეთ ნივთს, რომელიც მათ სახლებს განსაკუთრებით მყუდროსა და თბილს გახდიდა. სწორედ ძიების პროცესში ონლაინსივრცეში აღმოაჩინეს ახალი ტრენდი - კერამიკული ფილებით დამზადებული ავეჯი, რომელიც ქართველი მომხმარებლისთვის ჯერ უცნობი იყო და გადაწყვიტეს, პირველებს ეწარმოებინათ  მსგავსი დიზაინის საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები.
პროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც პირველი მაგიდა ააწყვეს, რომელმაც მნახველების დიდი მოწონება დაიმსახურა. დამფუძნებლები ვიზუალური ხელოვნების სფეროში მუშაობენ და დიზაინი მათთვის ნაცნობი მიმართულებაა, თუმცა ტექნიკურად ავეჯს აქამდე არ ამზადებდნენ.



 "თავდაპირველად ყველაფერი სახაზავით იწყება, მთავარია სწორი ნახაზის შექმნა, რომელსაც ზუსტად უნდა მოერგოს წინასწარ შერჩეული კერამიკული ფილები. ამ დროს ყველა მილიმეტრი მნიშვნელოვანია და შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. ნახაზზე დაყრდნობით კეთდება შესაბამისი შიდა სტრუქტურა, რომლის დასამზადებლად მერქანბოჭკოვან ფილებს ვიყენებთ. მას შემდეგ, რაც სტრუქტურა აწყობილია, იწყება ფილების განთავსება ზედაპირზე, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს.  დეტალების დამუშავებით  კი პროდუქტს საბოლოო სახეს ვანიჭებთ. კუბი პირველ ეტაპზე ყველაზე მარტივად დასამზადებელი ფორმა იყო, თუმცა ყოველ ახალ კოლექციას მეტად კომპლექსური ფორმები ემატება”


კომპაქტური ზომის კუბის ფორმის ტუმბო ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს. კლასიკური დიზაინი და სწორი კონტურები ყველაზე ორიგინალურად წარმოადგენს პოსტმოდერნულ ესთეტიკას თქვენს საცხოვრებელ სივრცეში. ამ დეკორატიულ სადგამზე შეგიძლიათ მოათავსოთ ჟურნალები, წიგნები, ყვავილები, გარდა ამისა, სათავსოდაც გამოიყენოთ.



მუდმივი და უნივერსალური, ასე შეგვიძლია დავახასიათოთ Toibox-ის  ელეგანტური და ამავდროულად, ეფექტური დიზაინის მქონე მაგიდა, რომლის განთავსებაც  საცხოვრებელი სივრცის შემოსასვლელში ან საერთო ოთახის კედელთან შეგიძლიათ. გარდა ამისა, სამუშაო მაგიდად გამოყენება მას ყველაზე ორიგინალურ საოფისე ნივთად აქცევს. 

Toibox როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკური ღირებულების მქონე ნივთია. პროდუქტების უმეტესობა დამოუკიდებლადაც მნიშვნელოვან და საინტერესო ვიზუალურ შტრიხს მატებს სივრცეს. ბრენდის სახელწოდების - Toibox-ის ინსპირაცია გუნდის ერთ-ერთი წევრის, თეო თოიძის მეტსახელს -  თოის უკავშირდება, რომელსაც ასევე აქვს ილუსტრაციების ბრენდი “თოი სთორი”. ყველა შეძენილ Toibox-ის ავეჯს მოჰყვება სასაჩუქრე ყუთი, რომელშიც სხვადასხვა ნივთია მოთავსებული და მყიდველისთვის ბავშვობაში გახსნილი თოიბოქსის გამოცდილებას იმეორებს. Toibox-ის ავეჯის შეძენა ბრენდის ინსტაგრამ პლატფორმაზეა შესაძლებელი. მყიდველს თავად შეუძლია აარჩიოს სასურველი მოდელი და ისარგებლოს ადგილზე მიტანის სერვისით. დამფუძნებლები გეგმავენ  განსხვავებული ფუნქციისა და დიზაინის მქონე ინტერიერის აქსესუარების დამატებას და აქტიურად მუშაობენ სამომავლოდ ფიზიკური სივრცის გახსნაზეც.