ოტავას საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი (OIAF), რომელიც 1975 წელს დაფუძნდა, ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული ანიმაციური ფილმების ფესტივალია. ფესტივალი კანადის კინოს ინსტიტუტმა დააარსა და აშშ-ს კინოაკადემიის შესარჩევი ფესტივალების სიაში შედის. 


მიტოვებულმა სოფელმა, რომელიც ქართველი რეჟისორის, მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმია, გამარჯვება ოტავას საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის ერთ-ერთ ძირითად კატეგორიაში მოიპოვა. ფილმმა მიიღო პრიზი საუკეთესო დიზაინის ნომინაციაში, რომელიც დამდგმელ მხატვარ ირაკლი ტოლიკაშვილს გადაეცა.

საერთაშორისო აღიარებასთან ერთად OIAF-ში გამარჯვება იმ მიზეზითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ფესტივალში გამარჯვებულს აძლევენ შანსს, ოსკარის ნომინაციაში კონკურსის გარეშე მოხვდეს.



მიტოვებული სოფელი შეიქმნა 2018-2020 წლებში, კინოსტუდია “კვალი XXI-ის”, კინოცენტრ “ქართული ფილმი - აფხაზეთისა” და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით.

ოტავას საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის გარდა ფილმი აჩვენეს 3 კონტინენტის 15-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის, ორჯერ საფრანგეთში და სამჯერ იაპონიაში, სადაც ფილმს გადაეცა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯილდო და სიგელი. ფილმი ასევე აჩვენეს ტოკიოსა და ნაგანოს ხელოვნების მუზემშიც, სადაც  24 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. აღსანიშნავია ფილმის წარმატება პარიზის ანიმაციური ფილმების ფესტივალზეც,  სადაც ფილმმა ორი ჯილდო - მაყურებლის პრიზი  და ჟიურის პრიზი  მოიპოვა და  „ქართული კინოს განახლებად“ შეფასდა". ანიმაციურმა ფილმმა მიიღო საუკეთესო ფილმის ჯილდო ჩეხეთში, ხოლო ბულგარეთში კრიტიკოსების ჯილდო.

მიტოვებული სოფელი უახლოეს მომავალში კვლავ დაუბრუნდება კანადას და ამჯერად ქალაქ მონრეალს ეწვევა.