რამდენიმე დღის წინ PETA-მ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: "ვეგანურ სამყაროში კორონავირუსი არ იარსებებდა". ეს ნახევრად ხუმრობით ნათქვამი ფრაზა მეცნიერულად დადასტურებულ ჭეშმარიტებას ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა, როგორც ყველა ხუმრობა, ჭეშმარიტების სულ მცირე მარცვალს მაინც ატარებს. ვეგანური სამყარო კი, თუ კარგად დავუფიქრდებით, არ ნიშნავს მხოლოდ იმ სამყაროს, სადაც ადამიანები ცხოველზე, როგორც საკვებ პროდუქტზე უარს ამბობენ, ეს თავისთავად გულისხმობს ისეთ გარემოსაც, სადაც მათ შორის მოდისა და სილამაზის ინდუსტრია არც ცხოველის ტყავსა თუ ბეწვს და არც თავად ცხოველს არ იყენებს ექსპერიმენტული ტესტირების ჩასატარებლად. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ტანისამოსის მწარმოებელი და სილამაზის ინდუსტრიაში მოღვაწე არაერთი ბრენდი უხეშად არღვევს ცხოველის იმ უფლებებს, რომელიც ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციაში ჯერ კიდევ 1997 წელს ჩაიწერა და რომელიც ხაზგასმით ამბობს, რომ "ყველა ცხოველს აქვს უფლება მოეპყრონ პატივისცემით და არცერთ ცხოველს არ უნდა ეპყრობოდნენ ცუდად, მით უმეტეს სასტიკად..."
არათუ ცუდად ეპყრობა (მით უმეტეს - სასტიკად), არამედ დაარსების დღიდან იბრძვის მათი უფლებებისთვის კომპანია Body Shop. თავის მოვლისა და სილამაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი, რომელიც ამ ინდუსტრიაში ცხოველებისა და ზოგადად, გარემოს მიმართ უჩვეულო სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. უჩვეულო იმიტომ, რომ The Body Shop ამ ინდუსტრიაში პირველი ბრენდია, რომელმაც ცხოველზე ექსპერიმენტის ჩატარებასა და საკუთარი პროდუქციის მათზე დატესტვაზე უარი საჯაროდ განაცხადა. ეს კი იქამდე მოხდა, სანამ დიდ ბრიტანეთში, იქ, სადაც ეს კომპანია დაარსდა, 1998 წელს ეს საქმიანობა საბოლოოდ აიკრძალებოდა. უფრო მეტიც, ბოდიშოპს, რომელიც ამ იდეას ჯერ კიდევ ათი წლით ადრე ახორციელებდა, ბრიტანეთში ამ კანონის ამოქმედებისთვის დიდი წვლილი მიუძღვის.
ბრიტანეთში ცხოველებზე ტესტირება კანონით იკრძალება, თუმცა მსოფლიოს 80%-ზე მეტ ქვეყანაში მსგავსი აკრძალვა ჯერ კიდევ არ მოქმედებს. ამიტომაც, როგორც ორგანიზაცია Cruelty Free International ამბობს, ყოველწლიურად დაახლოებით 500 000 ცხოველი, სამწუხაროდ, თავის მოვლისა და სილამაზის ინდუსტრიას მსხვერპლად ეწირება. სწორედ Cruelty Free International-თან თანამშრომლობით, კომპანია Body Shop-მა ცხოველთა ტესტირების აკრძალვასთან დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით 2018 წლის ოქტომბერში 8.3 მილიონი ხელმოწერა შეაგროვა და საერთაშორისო შეთანხმების მისაღწევად ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
"ბოდიშოპში" კი, იქ, სადაც სჯერათ, რომ ის, რაც სილამაზეს ემსახურება, თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი ბოროტებისგან, ჩვენც გვარწმუნებენ, რომ ეს რეალობა, ისევე როგორც სამყაროსთვის მიღებული ყველა სასიკეთო შეთანხმება, მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია, მერე კი PETA-ს იდეალურ ვეგანურ სამყაროში, იქ, სადაც ყველა ცოცხალი ორგანიზმი დაცულად იგრძნობს თავს, შეიძლება ადამიანების წასვლას არ ელოდონ და მართლაც დაბრუნდნენ ცხოველები იმ გარემოში, სადაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან.
დაწერე კომენტარი