ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისათვის საქართველოს კანდიდატი გამოვლენილია. ჟიურის გადაწყვეტილებით, ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” ოსკარის შესარჩევ კონკურსში საქართველოს სახელით იასპარეზებს.


საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ოსკარზე წარსადგენი ქართული ფილმის შერჩევა 1 სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ, რაც კომისიამ არაერთი კრიტერიუმის გათვალისწინებით კინემატოგრაფებისაგან განცხადებების მიღება დაასრულა, ამოარჩიეს  სამი საუკეთესო, რომელთაგანაც ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსს მხოლოდ ერთი მოიპოვებდა. ლევან კოღუაშვილის “მეოთხე ბრაიტონთან” ერთად კონკურსში მონაწილეობდა ალექსანდრე კობერიძის “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” და ნინო ბასილიას “პერსონა #2”.

გამარჯვებული ფილმი 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში დახურული ჩვენების შემდეგ 15-წევრიანმა კომისიამ გამოავლინა, რომელთა შორის იყვნენ: მერაბ ნინიძე, ნანა ჯორჯაძე, ნანა ექვთიმიშვილი და დეა კოლუმბეგაშვილი.


შეგახსენებთ, რომ “მეოთხე ბრაიტონმა” ტრიბეკას კინოფესტივალის სამ ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმმა ჯილდო მოიპოვა საუკეთესო ნარატიული ფილმის კატეგორიაში. პრიზი მიიღეს მთავარი როლის შემსრულებელმა ლევან თედიაშვილმა და სცენარის თანაავტორმა ბორის ფრუმინმაც.