Window Project-ისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით 9 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები გამოიფინება. “Triptychos” (“ტრიპტიქოს”) მნახველს ხელოვანის პირადი გამოცდილებით შთაგონებულ ექსპოზიციას წარუდგენს, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამ სივრცეში ემოციური ნარატივის შემცველ ნამუშევრებში ამოიკითხება.
“Triptychos” ბერძნული სიტყვაა, რომელიც “სამ ნაკეცს ან ფენას” აღნიშნავს. ტრიპტიქი, რომელიც ხელოვნების ნაწარმოების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, სამი ერთმანეთის შემავსებელი ან ერთმანეთისგან განსხვავებული ნაწილისგან, კომპონენტისგან, თემისგან ან ნიმუშისგან შედგება. ლევან სონღულაშვილის გამოფენა, რომელიც სივრცული ტრიპტიქის ხაზს ავითარებს, დამთვალიერებელს უბიძგებს, რომ სამ სახვადასხვა ოთახში ხელოვანის მოგზაურობის კვალს გაჰყვნენ და ექსპოზიციის ნარატივი საკუთარ ინტერპრეტაციულ არეალშიც აღიქვან.
ლევან სონღულაშვილის გამოფენა ორგანზომილებიან გამოსახულებებს სამგანზომილებიან სივრცედ გარდაქმნის, ხოლო სტატიკურ გარემოს დინამიკურად აქცევს. დამთვალიერებელი მოგზაურობას არყის ხეების ტყეში იწყებს, რომელიც სონღულაშვილის მიერ 2012 წელს ტუშით შესრულებული ნახატის (“მონაზონი (დანტე)”) ესთეტიკაზე დაყრდნობით, სიზმრისეული შეგრძნებებით დატვირთულ ინსტალაციადაა ქცეული. დიდ ტერიტორიაზე შექმნილ ინსტალაციაში არაერთი დეტალი ერწყმის ერთმანეთს. მონოქრომულ ტყეში სიარულისას დამთვალიერებელი ამჩნევს, რომ არყის ხეების გუნდი კედელზე ორგანზომილებიან გამოსახულებებთან თავისთავად სინთეზირდება, ხოლო ხეებს შორის დამალული მინის ირმის აღმოჩენით ნათელი ხდება, რომ დამკვირვებლის როლს მხოლოდ დამთვალიერებელი კი არა, ექსპოზიციის შემადგენელი ნამუშევრებიც ასრულებს.
არყის ხეებით სავსე თეთრკედლებიანი ოთახის შემდეგ, რომელსაც ხელოვნური განათება კიდევ უფრო ნათელს ხდის, მნახველი სრულიად კონტრასტულ გარემოში ინაცვლებს და მეორე ოთახის შესასვლელშივე გერმანელი ფილოსოფოსის, ნიცშეს ცნობილ მეტაფორას კითხულობს: “როდესაც იყურები უფსკრულში, უნდა იცოდე, რომ უფსკრულიც შემოგყურებს შენ” / “FOR WHEN YOU GAZE LONG INTO THE ABYSS, THE ABYSS GAZES ALSO INTO YOU”. სიტყვები, რომლებიც ერთდროულად შიშისმომგვრელიცაა და დამთვალიერებელში დამატებით ინტერესსაც ბადებს, იმავე ოთახში არსებული კუბის ფორმის ობიექტით ვიზუალურ ფორმებში ვლინდება. წყვდიადში თითქმის ბოლომდე ჩაძირული უზარმაზარი კუბი თავისთან მხოლოდ ერთ ადამიანს ეპატიჟება, რაც მნახველისათვის ინტიმურ გარემოს ქმნის და თვითრეფლექსიისაკენ უბიძგებს.
მესამე, ანუ ბოლო ოთახში უნგრელ-ავსტრიელი კომპოზიტორის, გიორგი ლიგეტის ნაწარმოების ფონზე ლევან სონღულაშვილის ახლად დასრულებული ნამუშევარი, სათაურით “ელიზიუმია” გამოფენილი. სიტყვა “ელიზიუმის” ამოკითხვა არაერთი მწერლის ნაწარმოებშია შესაძლებელი, მათ შორის, ჰომეროსის “ოდისეაში”. აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვა გარდაცვალების შემდგომი სიცოცხლის სიმბოლოდაც გამოიყენება, ამიტომაც “ელიზიუმის” ხილვით დამთვალიერებლის მოგზაურობა სრულდება. „[“ელიზიუმი”] ნათელი პალიტრის საშუალებით აბსტრაქტულ ფორმებს, ფიგურატიულ ელემენტებსა და დინამიკურ მონასმებს აჩვენებს. პიქსელის მსგავსი ფიგურები ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან დანახულ მთელი სამყაროს ამსახველ თავსატეხს ქმნიან. ჩემთვის წარსული, აწმყო და მომავალი ამ ნახატში წრეზე ტრიალებენ,” - ამბობს სონღულაშვილი ნამუშევარზე.
შეგახსენებთ, რომ ლევან სონღულაშვილი ნიუ-იორკში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია. მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია “მედუზა”, რომელიც 2015 წელს Sotheby-ს აუქციონზე ამერიკელმა კოლექციონერმა შეისყიდა. ხელოვანის ნამუშევარი შთაგონებად იქცა გია ყანჩელისთვისაც, რომელმაც თავის ნაწარმოებს სონღულაშვილის ნამუშევრის სახელი “idem et idem” / “კვლავ და კვლავ” დაარქვა.
დაწერე კომენტარი