ორგანიზაცია Paris Internationale, რომელიც უკვე მეშვიდე წელია მასშტაბურ პროექტს აქტიურად ახორციელებს, 2021 წლისათვის საქართველოდან ორ გალერეას - Artbeat-სა და LC Queisser-ს იწვევს. Artbeat-იდან წარმოდგენილი ხელოვანები ნიკა ქუთათელაძე და სალომე ჩიგილაშვილი არიან, ხოლო გალერეა LC Queisser სოფიო მედოიძისა და Melike Kara-ს ნამუშევრებს გამოფენს.
Paris Internationale-ის ფარგლებში გალერეები არტისტების სოლო ან დუო გამოფენებს წარადგენენ. გალერეა Artbeat-ის საერთო შოუს ფარგლებში ნიკა ქუთათელაძე და სალომე ჩიგილაშვილი იმ მთავარ კონცეფციებს იკვლევენ და აჩვენებენ, რომლებიც ისტორიის აღქმასა და ყოველდღიურ რეალობას უკავშირდება. არტისტები ამ გამოცდილებას პირად ხედვაზე დაყრდნობით იზიარებენ და თავიანთი შემოქმედებით მნახველს მოუწოდებენ იფიქრონ იმაზე, თუ როგორ იცვლება რეალობა დროთა განმავლობაში მაშინ, როცა იგი წარსულის მოვლენებთანაც ამყარებს მჭიდრო კავშირს.
გალერეა LC Queisser-ის არტისტი სოფიო მედიოიძე სხვადასხვა მედიუმში მუშაობს, მათ შორის ფილმზე, ფოტოსა და სკულპტურაზე, ხოლო Melike Kara-ს შემოქმედება განსაკუთრებით ცნობილია პერსონალური ნარატივებით, ნამუშევრებში ტრადიციებისა და რიტუალების თემების შემოტანით.
ორგანიზაცია Paris Internationale ტრადიციული ხელოვნების ბაზრობების ინოვაციური ალტერნატივაა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი გალერეათა ახალგაზრდა თაობის არტისტების მხარდაჭერაა. Paris Internationale 20-24 ოქტომბერს ჩატარდება. გამოფენებთან ერთად დაგეგმილია რამდენიმე ლექციაც, რომელსაც სპეციალურად მოწვეული სპიკერები გაუძღვებიან, მათ შორისაა Kunsthalle Tbilisi-ს დამფუძნებელი ირენა პოპიაშვილი და MoMA-ს კურატორი პედრო გადანოც.
დაწერე კომენტარი