23 ოქტომბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით გალერეა BEERS London 11 არტისტი ქალის ჯგუფურ გამოფენას აანონსებს, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველი ხელოვანი რუსუდან ხიზანიშვილია.
გამოფენა სათაურით WÜNDER WOMXN: The Female Figurative ლონდონში გაიმართება და იმ არტისტი ქალების ნამუშევრებს გააერთიანებს, რომელთა შემოქმედებითი პრაქტიკა მეტწილად ქალის სხეულის შთაგონებით შექმნილ ნამუშევრებს მოიცავს. რადგანაც ტრადიციული მიდგომის მიხედვით ქალთა გამოსახულების ორგანზომილებიან სიბრტყეზე გადატანა მხოლოდ მხატვარი კაცების პრეროგატივას წარმოადგენდა, გალერეა BEERS London-ის ჯგუფური შოუ ქალის ფორმებზე, მის იდენტობაზე და თვითაღმოჩენასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამთვალიერებელთან მხოლოდ არტისტი ქალების პერსპექტივიდან საუბრობს. გამოფენაზე მონაწილე ხელოვანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ - მათ შორის, კანადას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპისა და აფრიკის ქვეყნებს, ირანს და კოლუმბიას.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მხატვარი რუსუდან ხიზანიშვილი ამჟამად თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. მისი ნამუშევრები არაერთ პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებზე იყო ექსპონირებული. მათ შორის აღსანიშნავია პერსონალური გამოფენა “ქალღმერთებზე და ქალებზე”, რომლის ექსპოზიცია The Window Project-ში მოეწყო, ასევე ჯგუფური გამოფენები - “Figurative Samplers” დენმარკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და “The Moon” პარიზის Nil Gallery-ში.
დაწერე კომენტარი