“...გაზაფხული იყო, იკაროსი რომ დაეცა” თბილისის ფოტოფესტივალის მე-12 გამოშვების ფარგლებში დაგეგმილი მთავარი გამოფენა და პანდემიის პერიოდში ფოტოფესტივალის მიერ განხორციელებული პირველი ფიზიკური ღონისძიებაა. გამოფენა 9-ეკრანიანი ვიდეოინსტალაციისაგან შედგება, რომლის ნახვა თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში 27 ოქტომბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
Celine Croze
გამოფენის სათაური “...გაზაფხული იყო, იკაროსი რომ დაეცა” მე-20 საუკუნის ამერიკელი პოეტის, უილიამ კარლოს უილიამსის სიტყვებია მისი ცნობილი ლექსიდან “პეიზაჟი იკაროსის დაცემით“, რომლის მთავარი თემა ადამიანურ ინდიფერენტულობას უსვამს ხაზს. მზის სიახლოვეს ფრენით განწირული იკაროსის დაცემას ვერავინ ამჩნევს: ვერც ის ფერმერი, მიწას რომ ამუშავებს გაზაფხულზე, ვერც ზღვა და ვერც მზე. იკაროსის ზღვაში ვარდნის ხმა ზუსტად ისე რჩება შეუმჩნეველი, როგორც სამყაროს სიმკაცრითა და უსამართლობით დაღლილი ადამიანების ხმები და ცხოვრება დღეს. “გაზაფხული იყო, იკაროსი რომ დაეცა” იმ ადამიანების ამბებზე ჰყვება, რომელთა ხმა რეალობის სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე მრავალშრიანი სიღრმიდან ვერ აღწევს ხოლმე. ამ ფოტოებით მოყოლილ ამბებს ჩვენამდე “სხვების” ისტორიები მოაქვს, რომლებიც ხშირად უხილავია, თუმცა ისინი სინამდვილეში ჩვენი ამბებია, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს აქცევს იკაროსად.
Sonia Madrigal
გამოფენაზე წარმოდგენილი ვიდეოინსტალაცია ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ფოტოგრაფების ასამდე ნამუშევარს აერთიანებს და ფოტოგრაფიის მედიუმის საშუალებით თანამედროვე სამყაროს დიდ სურათს ქმნის.
გამოფენის ცენტრალური ნაწილი ამერიკული ფოტოგრაფიაა. 9 ეკრანიდან 3 სწორედ მათ ნამუშევრებს აჩვენებს. ფესტივალი იმითაცაა განსაკუთრებული, რომ იგი დამთვალიერებლებს პირველად წარუდგენს პრესტიჟულ ფოტოსააგენტო Magnum Photos-თან თანამშრომლობით შექმნილ პროექტს Magnum Photos: Made in USA, რომელიც გააერთიანებს სააგენტოს 15-მდე ამერიკელი და არაამერიკელი ფოტოგრაფის აღბეჭდილ ამერიკის შეერთებულ შტატებს.
Romain Bagnard
ახალგაზრდა ევროპული ფოტოგრაფია, რომელიც თბილისი ფოტოფესტივალისა და ევროპული ფოტოგრაფიული პლატფორმის, FUTURES-ის პარტნიორობის შედეგად შეიქმნა, 11 ხელოვანის ნამუშევრებს აჩვენებს. ერთი ეკრანი კი 6 წამყვანი ბელგიელი არტისტის სერიებით მთლიანად ახალგაზრდა ბელგიელ ფოტოგრაფებს ეთმობა.
გამოფენაზე ნაჩვენები იქნება მექსიკელი ფოტოგრაფების ფოტოპროექტები. თანამედროვე ქართული ფოტოგრაფია კი დავით მესხის, გიორგი ნებიერიძის, საბა გორგოძის ნამუშევრებით, ასევე ნატა სოფრომაძისა და მასუ მწარიაშვილის პროექტით იქნება წარმოდგენილი.
Eleni Onasoglu
“…გაზაფხული იყო, იკაროსი რომ დაეცა“ მუზეუმის საკოლექციო კედელზე ვიდეოინსტალაციის ფორმატში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ქართული ფოტოგრაფიის კლასიკასაც მოუყრის თავს.
27 ოქტომბერს ვიდეოინსტალაცია თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში დამთვალიერებლებისათვის 15:00 საათიდან გაიხსნება.
ავტორი: ანა გაბისიანი
გარეკანის ფოტო: დავით მესხი
დაწერე კომენტარი