მარტინ მარჯიელამ, რომელმაც ფრანგული მოდის სახლი Maison Margiela დააფუძნა, მოდის ინდუსტრია 2009 წელს დატოვა და დღეს თავის შემოქმედებას რადიკალურად განსხვავებული ფორმებით წარმოაჩენს. ყოფილი დიზაინერი პირველ პერსონალურ გამოფენას ფონდ Lafayette Anticipations-ის საექსპოზიციო სივრცეში ატარებს, სადაც სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს აჩვენებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მარტინ მარჯიელას სკულპტურები, კოლაჟები, ინსტალაციები, ნახატები და ფილმები. მსურველებისათვის გამოფენის ნახვა 2 იანვრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
“მოდით შეპყრობილი ცხოვრების ადრეული პერიოდიდანვე ვიყავი და ჩემი ხედვა ყველა შესაძლო კონცეპტუალური გზის ჩვენებით განვავითარე, მაგრამ სხვა მედიუმების გამოკვლევაც მჭირდებოდა, რათა დაბრკოლებების გარეშე შემძლებოდა წმინდა შემოქმედებით მესიამოვნა,” - ამბობს მარტინ მარჯიელა.
გამოფენის კურატორი რებეკა ლამარშ-ვადელია, რომლის სიტყვებით, მარჯიელას სოლო შოუ დროის შესახებაა და იმაზე ჰყვება, თუ როგორ უგულებელვყოფთ ან ვიღებთ მას.
მარტინ მარჯიელას პერსონალურ გამოფენაზე სხვადასხვა პერიოდში შექმნილ არაერთ დასამახსოვრებელ ნამუშევარს შეხვდებით, მათ შორისაა, “Red Nails” (2019), “Vanitas” (2019) და “Bus Shelter” (2020). ექსპოზიციის ყველა ნიმუში ფასდაკლებით გაიყიდება.
დაწერე კომენტარი