იაიოი კუსამა - თანამედროვე იაპონელი არტისტი, რომლის შემოქმედება განსაკუთრებული ფერადოვნებით გამოირჩევა, ერთ-ერთ მთავარ შთაგონებას გოგრებში პოულობს. კუსამას გოგრების ფორმებთან დაკავშირებული ობსესია ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდა. როგორც ხელოვანი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში - Infinity Net-ში იხსენებს, პირველად როცა გოგრა დაინახა, მასთან მიახლოებისას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს გოგრამ საუბარი გაუბა. 




დაახლოებით 50 წელზე მეტია, რაც იაიოი კუსამას შემოქმედებაში გოგრებს ცენტრალური ადგილი უკავია, რომელთა ფორმები ხელოვანს ფურცლებზე შესრულებული ორგანზომილებიანი ნამუშევრებიდან დაწყებული, ინსტალაციებით დამთავრებული, სხვადასხვა მედიუმში აქვს წარმოდგენილი. დღეს კუსამას გოგრები თანამედროვე ხელოვნების მოყვარულების გამორჩეული ნიმუშებია, რომელთა განხილვა განსაკუთრებით აქტუალურ სახეს ჰელოუინის პერიოდში იძენს.



ამ თემაზე კუსამამ პირველი ნამუშევარი საჯაროდ თავის მშობლიურ ქალაქში, მაცუმოტოში 17 წლის ასაკში გამოფინა. ნამუშევარი “ნიჰონგას” სტილში იყო შესრულებული, რომელსაც იაპონელი მხატვრები განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში მისდევდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ გამოფენის შემდეგ კუსამას შემოქმედებაში გოგრები თითქმის აღარ გამოჩენილა და მათი გამოსახვის ტენდენციას იაპონელი ხელოვანი დაახლოებით ოცი წლის შემდეგ, 1970-იან წლებში მიუბრუნდა.




იაიოი კუსამას გოგრების ნამუშევრები მეტწილად კაშკაშა ყვითელი შეფერილობისაა, რომლებზეც სხვადასხვა ზომის შავი კოპლებია გამოსახული და თუ ამ ნამუშევრებზე მზერას ძალიან დიდი ხსნის განმავლობაში შევაჩერებთ, ოპტიკური ილუზიის გათვალისწინებით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ისინი მოძრაობას იწყებენ.  




იაიოი კუსამას ცნობილი გოგრის ნამუშევრებიდან გამორჩეულია კუნძულ ნაოშიმაზე არსებული სკულპტურა, რომელიც პირდაპირ ოკეანეს გადაჰყურებს. ამასთან ვაშინგტონის ჰირშორნის მუზეუმი და სკულპტურის ბაღი კუსამას ნამუშევარს სპეციალურად მოწყობილ დახურულ სივრცეში წარმოადგენს, რომლის დიზაინი გოგრის უზარმაზარი ობიექტის ფერების მიხედვითაა შექმნილი. იაპონელი ხელოვანის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევარი გოგრის სარკეებიანი ინსტალაციაა, სათაურით All the Eternal Love I Have for the Pumpkins, რომელიც უსასრულოდ არეკლილ გოგრებს ასახავს და მნახველს კუსამას მაგიური გარემოს ნაწილად აქცევს.