თუ უკვე მიიღეთ ჰელოუინის კოსტიუმირებული წვეულების მოსაწვევი, საკულტო ფილმები საუკეთესო შთაგონების წყაროა. ჟურნალი Hammock გთავაზობთ 15 დაუვიწყარ ლუქს ფილმებიდან.
Polly Maggoo ფილმიდან Who Are You, Polly Maggoo? (1966)
პოლი მაგუ 60-იანი წლების ფრანგული კინოს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟია. დამახასიათებელი სტილი - მოკლე შავი ფერის თმა, მკვეთრი ბრჭყვიალა მაკიაჟი და თეთრი მაისური საკმარისია, რათა ჰელოუინისთვის ფრანგული კინოს დაუვიწყარი სიმბოლო გახდეთ.
Patrick Bateman ფილმიდან American Psycho (2000)
პატრიკ ბეიტმენს საკულტო ფილმიდან "ამერიკელი ფსიქოპათი" თავისუფლად შეგვიძლია მივანიჭოთ ყველაზე მოდური კინომანიაკის ტიტული. მამაკაცის ელეგანტური კოსტიუმი, საწვიმარი, ვინტაჟური ყურსასმენები საქმიან ნიუიორკელ ფსიქოპათად გაქცევთ.
Margot Tenenbaum ფილმიდან The Royal Tenenbaums (2001)
უეს ანდერსონის ფილმმა The Royal Tenenbaums დიდი როლი ითამაშა დახვეწილი სპორტული სტილის ფორმირებაში. ფილმის პერსონაჟი მარგო ტენენბაუმი კი უკვე წლებია კვლავ რჩება დიზაინერების მუზად და ახალგაზრდების შთაგონების წყაროდ. ჰელოუინის ღამისთვის სოციოპათის როლის მორგება რთული არ უნდა იყოს. ამისათვის გრძელი ბეწვის მოსაცმელი, ზოლიანი "პოლოს კაბა" და ვარდისფერი ხელთათმანები დაგჭირდებათ.
Lydia Deetz ფილმიდან Beetlejuice (1988)
სარკასტული მოზარდი ლიდია ფილმიდან Beetlejuice იდეალური პერსონაჟია ჰელოუინისთვის. წითელი საქორწინო კაბა და ფირის კამერა ყველაზე ორიგინალური გზით შექმნის გოთურ ესთეტიკას.
Sandra Kolter ფილმიდან Ziegfeld Girl (1941)
თუ ჰელოუინის წვეულებაზე ჰოლივუდური სიმბოლო გსურთ გახდეთ, სანდრა კოლტერის დაუვიწყარი კოსტიუმი ფილმიდან Ziegfeld Girl საუკეთესო არჩევანია. ორიგინალური გლამურული ლუქი ნამდვილად გაქცევთ წვეულების მთავარ პერსონაჟად.
Coach ფილმიდან Gentlemen (2019)
გაი რიჩის ფილმი "ჯენტლმენები" ინგლისელი "განგსტერების" ცხოვრების წესს ასახავს. დაჯგუფების მეთაურის სპორტულმა უნიფორმამ კი ფილმის გამოსვლისთანავე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.
Willy Wonka ფილმიდან Charlie and the Chocolate Factory (2005)
მსახიობმა ჯონი დეპმა ფილმში "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა" ვილი ვონკას დაუვიწყარი სახე შექმნა. ხოლო ახალგაზრდების საყვარელი მსახიობის, ტიმოთე შალამეს ექსცენტრიკული კონდიტერის ფორმაში გამოჩენამ კინოს ეს ლეგენდარული პერსონაჟი კვლავ გაგვახსენა.
Katrina ფილმიდან Vamp (1986)
1986 წელს გადაღებულ ფილმში Vamp გრეის ჯონსი ექსტრავაგანტული ვამპირის როლში გვევლინება. თეთრი ფერის ფერუმარილი და წითელი სამოსი ვამპირი ქალის სახეს ყველაზე მისტიკურ და არასტანდარტურ იერს ანიჭებს.
Noriko Nakagawa ფილმიდან Battle Royale (2000)
იაპონური ჰორორი ჰელოუინის მოდურ შთაგონებად შეიძლება ვაქციოთ. ჩვენი არჩევანია ფილმი "სამეფო ბრძოლა", რომელშიც მთავარი გმირი სკოლის უნიფორმით სახასიათო ლუქს ქმნის. ტილოს პიჯაკი, გრძელი ქვედაბოლო და თასმებიანი ტყავის ფეხსაცმელი დაგჭირდებათ 90-იანი წლების იაპონური ატმოსფეროს შესაქმნელად.
Rosemary Woodhouse ფილმიდან Rosemary's Baby (1968)
პოლანსკის ფსიქოლოგიური ჰორორი "როზმარის ბავშვი" 60-70-იანი წლების მოდის გზამკვლევად შეიძლება ჩავთვალოთ. ფილმის მთავარი გმირის, როზმარის კოსტიუმები მრავალი დიზაინერის შთაგონების წყაროდ იქცა. ჰელოუინის საღამოსთვის მისი დაუვიწყარი ცისფერი ვინტაჟური კაბის ჩაცმას გირჩევთ. უფრო დრამატული ლუქისთვის დამატებით აქსესუარად საბავშვო ეტლის გამოყენებაც შეგიძლიათ.
Rob Gordon ფილმიდან High Fidelity (2000)
თუ ჰელოუინის ექსცენტრიკულ ლუქს კომფორტი გირჩევნიათ, Dickies-ს მაისურის, ვინტაჟური Levi's-ის ჯინსისა და მზის სათვალის დახმარებით 2000-იანი წლების ამერიკული კინოს პერსონაჟად გადაიქცევით.
Sharon Tate ფილმიდან Once upon a time in Hollywood (2019)
კვენტინ ტარანტინოს ფილმი Once Upon a Time in Hollywood ჰიპისა და ჯინსების ეპოქას ასახავს. ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი შერონ ტეიტი, რომლის როლსაც ამერიკელი მსახიობი მარგო რობი ასრულებს, 70-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ლუქებით წარდგა მაყურებლის წინაშე. ბოჰემური სტილის კაბა, ფერადი პიჯაკი და მაღალყელიანი ტყავის ფეხსაცმელი ეპოქის კალიფორნიელი გოგონას იმიჯს შეგიქმნით.
Leeloo ფილმიდან The Fifth Element (1997)
სათავგადასავლო ფენტეზის, "მეხუთე ელემენტის" ლეგენდარული კოსტიუმები ცნობილი ფრანგი დიზაინერის, ჟან-პოლ გოტიეს მიერაა შექმნილი. ლიუკ ბესონის ფილმში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ლილუს ფუტურისტული კოსტიუმი ჰელოუინის წვეულებისთვის თამამი, მაგრამ ამავდროულად მიმზიდველი გადაწყვეტილებაა.
Wendy Torrance ფილმიდან Shining (1989)
სტენლი კუბრიკის საკულტო ჰორორი "ნათება" ჰელოუინის ღამეს სანახავი ფილმების სიაში შედის. გარდა ამისა, ფილმი წვეულების კოსტიუმის შთაგონების წყაროც შესაძლოა გახდეს. ფილმ "ნათებაში" ერთ-ერთ მთავარ როლს 70-იანი წლების სტილის სიმბოლო შელი დიუვალი ასრულებს, მისი კუბოკრული პერანგი და ყავისფერი "ველვეტის" კაბა ჰელოუინის წვეულების სტუმრების საყვარელი არჩევანია.
Edward Scissorhands ფილმიდან Edward Scissorhands (1990)
ამერიკელი რეჟისორის, ტიმ ბარტონის ფილმების პერსონაჟები ყოველი ჰელოუინის თემატური წვეულებისთვის შეუდარებელი ინსპირაციის წყაროა. ამ მხრივ, მისი კლასიკური ნამუშევარი "ედვარდ მაკრატელხელება" ნამდვილად გამორჩეულია. ფილმის მთავარი პერსონაჟის კოსტიუმსა და ქაოსურ ვარცხნილობაში სტუმრები ადვილად ამოგიცნობენ.
დაწერე კომენტარი