საშინელებათა ჟანრის ფილმებისადმი ინტერესი ჰელოუინის კვირეულში გაცილებით მაღალია. თუ ჰელოუინზე სანახავი ფილმების სიის შედგენა ჯერ კიდევ არ დაგისრულებიათ, Hammock Magazine იმ ცნობილი რეჟისორების რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ჟურნალმა IndieWire-მა საგანგებოდ ჰელოუინის დღისათვის გაგვიზიარა. სტატიაში ცნობილი რეჟისორები, რომელთა შორის არიან - უეს ანდერსონი, ჯიმ ჯარმუში, პედრო ალმოდოვარი და სხვები, მათთვის საყვარელ საშინელებათა ჟანრის ფილმებს ასახელებენ. 

გასპარ ნოეს რეკომენდაცია: Un Chien Andalou

 
ლუის ბენუელისა და სალვადორ დალის სიურრეალისტურ ფილმ “ანდალუზიურ ძაღლს” ბევრი რეჟისორი განუცვიფრებია, მათ შორის, გასპარ ნოეც. “ფილმის საწყისი სცენა, როცა ქალს თვალს უჭრიან, უბრალოდ  შოკისმომგვრელია,” - ამბობს ფრანგი რეჟისორი.

კრისტოფერ ნოლანის რეკომენდაცია: Alien


სტენლი კუბრიკთან ერთად კრისტოფერ ნოლანის ხედვის ჩამოყალიბებაზე რიდლი სკოტის კვალი წარუშლელია. როგორც ნოლანმა ერთ-ერთ მედიასთან საუბრისას ახსენა, რიდლი სკოტის ფილმებით ბავშვობიდანაა გატაცებული. “Alien-მა” კი განსაკუთრებით იმიტომ აღაფრთოვანა, რომ ფილმმა ის ექსტრაორდინარული სამყარო გააცნო, რომელმაც სრულად მოიცვა.

უეს ანდერსონის რეკომენდაცია: Rosemary’s Baby


“როზმარის ჩვილი” ის ფილმია, რომელსაც ძალიან ხშირად ვუყურებ,” - ამბობს უეს ანდერსონი Rotten Tomatoes-თან რომან პოლანსკის გახმაურებულ ფილმზე. “ეს ფილმი ყოველთვის განსაკუთრებით შთამაგონებს და იდეებით მავსებს… მია ფაროუ საოცრად თამაშობს, წიგნიც წაკითხული მაქვს, რომელიც შესანიშნავია.” მია ფაროუ “როზმარის ჩვილში” მთავარ როლს ასრულებს, რომლის პერსონაჟს სატანური რიტუალებით დაინტერესებული მეზობლების გარემოცვაში უწევს ცხოვრება.

ჯიმ ჯარმუშის რეკომენდაცია: American Psycho


Rotten Tomatoes-თან ჩაწერილ ინტერვიუში ჯიმ ჯარმუშმა მერი ჰერონის “ამერიკელი ფსიქოპათი” თავის საყვარელ ფილმად დაასახელა, რომელიც ბრეტ ისტონ ელისის 1991 წელს გამოცემული ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. ”ვფიქრობ, “ამერიკელი ფსიქოპათი” დღეს უფრო რეზონანსულია, ვიდრე 20 წლის წინ, როცა ფილმის პრემიერა შედგა”, - ამბობს ჯარმუში, რომელიც აღფრთოვანებას ვერ მალავს კრისტიან ბეილის საშემსრულებლო ოსტატობაზე. 

პედრო ალმოდოვარის რეკომენდაცია: Rapture


როცა პედრო ალმოდოვარს British Film Institute-მა იმ 13 ესპანური ფილმის დასახელება სთხოვა, რომლებმაც განსაკუთრებით შთააგონა, ესპანელმა რეჟისორმა განაცხადა, რომ ივან სულუეტას 1993 წლის ჰორორი ამ სიაში უპრობლემოდ მოხვდებოდა. “Rapture ის “დაწყევლილი” ფილმია, რომელსაც თავიდან არავინ უყურებდა, დღეს კიდევ თანამედროვე კლასიკად ითვლება. სხვათა შორის, ამ ფილმის მსახიობებს ჩემს 1980-იანი წლების ფილმებშიც შეხვდებით,” - ამბობს ალმოდოვარი “Rapture-ზე”, რომლის სიუჟეტი კინოთი და ჰეროინით შეპყრობილი რეჟისორის გარშემო ვითარდება.

გილიერმო დელ ტოროს რეკომენდაცია: Eyes Without a Face


ჟორჯ ფრანჯუს 1960 წლის ფრანგულ-იტალიური ჰორორის  მთავარი პერსონაჟი პლასტიკური ქირურგია, რომელიც შეპყრობილია იმ იდეით, რომ ავარიაში მოყოლილი ქალიშვილის განადგურებული სახე ტრანსპლანტაციის გზით აღადგინოს. “ამ ფილმმა სილამაზისა და ბრუტალურობის კონტრასტით შთამაგონა,” - ამბობს გილიერმო დელ ტორო The Criterion-თან ინტერვიუში.

მარტინ სკორსეზეს რეკომენდაცია: The Innocents


ჯეკ კლეიტონის 1961 წლის ფსიქოლოგიურ ჰორორს - “The Innocents-ს” ხშირად ყველაზე საშიშ ფილმად განიხილავენ. ამ მოსაზრებას მარტინ სკორსეზეც ეთანხმება და The Innocents-ს თავის საყვარელ საშინელებათა ჟანრის ფილმად ასახელებს. სურათი ჰენრი ჯეიმსის ნაწარმოების ეკრანიზაციაა, რომელშიც მთავარ როლებს დებორა კერი, მაიკლ რედგრეივი და მეგს ჯენკინსი ასრულებენ.

კვენტინ ტარანტინოს რეკომენდაცია: Audition



კვენტინ ტარანტინოს ტაკაში მიიკეს 1999 წლის ჰორორი განსაკუთრებულად უყვარს. 2009 წლის ინტერვიუში რეჟისორი ფილმს “ნამდვილ შედევრსაც” უწოდებს.  

ჯონ კარპენტერის რეკომენდაცია: The Exorcist



გამორჩეული ჰორორის - “Halloween-ის” რეჟისორი ჯონ კარპენტერი “ეგზორცისტის” ყურებას გირჩევთ. The Fader-თან საუბრისას კარპენტერმა განაცხადა, რომ ფილმი ახლახან კიდევ ერთხელ ნახა და ისევ გაოგნდა იმით, თუ როგორ დაანგრია “ეგზორცისტმა” არაერთი ტაბუ პატარა გოგონას სახით, რომლის სულსაც ეშმაკი დაეპატრონა.

ტიმ ბარტონის რეკომენდაცია: The Wicker Man


“მართალია, ამ ფილმის გამოსვლას სერიოზული წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ მაინც მგონია, რომ საოცარი ფილმია, თითქოს გაჰიპნოზებს. უცნაური სიზმრის მსგავსია. უძლური ვარ ხოლმე ასეთ ფილმებს ხელმეორედ ვუყურო, რადგან ამ დროს გონებას ჰგონია, რომ სიზმარს ხედავს,” - ამბობს ბარტონი რობინ ჰარდის 1973 წლის ფილმის შესახებ.

ბონგ ჯუნ ჰოს რეკომენდაცია: Misdsommar


ოსკაროსანი ფილმის - “პარაზიტის” რეჟისორი ბონგ ჯუნ ჰო გირჩევთ, რომ “Midsommar” ნახოთ. მისი სიტყვებით, არი ასტერმა ამ ჟანრისათვის დამახასიათებელი ხაფანგების გვერდის ავლით ნამდვილი და გონივრული ჰორორი შექმნა. 

ლუკა გუადანინოს რეკომენდაცია: The Fly

ლუკა გუადანინო, რომლის ფილმი “სასპირია” ერთ-ერთი გამორჩეული ჰორორია, Vulture-თან საუბრისას თავის საყვარელ ყველა დროის შედევრად დევიდ კრონენბერგის “The Fly-ს” ასახელებს. გუადანინოს თქმით, ფილმს საშიშს მხოლოდ წარუმატებელი ექსპერიმენტი არ ხდის. გუადადინოსთვის ჰორორი, პირველ რიგში, ჯეფ გოლდბლუმისა და ჯინა დეივისის პერსონაჟების არშემდგარი სიყვარულია.