ჰელოუინის წვეულებისთვის საინტერესო კოსტიუმთან ერთად ორიგინალური მაკიაჟიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჟურნალი Hammock გთავაზობთ 12 შთამაგონებელ  მაკიაჟს მოდის ისტორიიდან.

 

Givenchy Fall 2015



მოდის სახლის, Givenchy-ის 2015 წლის ჩვენება მოდის მოყვარულებისთვის დაუვიწყარია. სამოსთან ერთად გამოვარჩევთ სახის გაფორმებას ვიქტორიანული ეპოქის ბოშის სტილში. ამ ლუქისთვის მაკიაჟის გამოყენება სულაც არ არის საჭირო, დაგჭირდებათ მხოლოდ თმის ცვილი და მასიური მბზინავი სამკაული სახისთვის.  

 

Gucci Fall 2018 



იტალიელმა დიზაინერმა ალესანდრო მიკელემ მოდაში ზღაპრული გარემო და იტალიური რენესანსის სული დააბრუნა. მოდის სახლის, Gucci-ს კოსტიუმებთან ერთად, მაკიაჟიც ხელოვნების ნიმუშებთან შეგვიძლია გავაიგივოთ. 2018 წლის ჩვენებაზე მოდელებს ადამიანების თავები ეკავათ ხელში. ისეთივე ხელოვნური თავის დამზადება ჰელოუინისთვის საუკეთესო იდეაა.  

 

Maison Margiela Spring 2016




Sci-Fi, “გლემ-როკისა” და რომანტიკულობის სინთეზი - ასე გამოიყურებოდა მაკიაჟი Maison Margiela-ს 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე. თვალის ირგვლივ დახატული მბზინავი ჩრდილები და უსწორმასწორო ვარცხნილობა ლეგენდარული მომღერლის, დევიდ ბოუის სტილს მოგაგონებდათ. თუ ჰელოუინის წვეულებისთვის "ზიგი სტარდასტის" არაორდინალური კოსტიუმის მორგება გსურთ, ეს მაკიაჟი თქვენს ლუქს დასრულებულ იერს მიანიჭებს.

 

Christian Dior Spring 2003 Couture




ბრიტანელი დიზაინერის, ჯონ გალიანოს მიერ შექმნილი კოლექციები მოდის სახლ Dior-ისთვის ყოველთვის შთამბეჭდავი იყო. სწორად შერჩეული მაკიაჟი მის ჩვენებებს უფრო თეატრალურს და განუმეორებელს ხდიდა. ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია მოდის სახლის 2003 წლის გაზაფხულის Haute Couture ჩვენება. თუ ზუსტად შეძლებთ მაკიაჟის გამეორებას, ფერადი შიფონის სამოსთან ერთად რომანტიკული გეიშას როლს მოირგებთ. 

 

 Vivienne Westwood Fall 2013




Straight from the Paper - ასე შეფასდა მაკიაჟი ინგლისელი დიზაინერის 2013 წლის ლონდონის მოდის კვირეულის შემოდგომის ჩვენებაზე. მეიქაფ-არტისტის, ვალ გარლანდის მიერ შექმნილი ფერადი კონტურული მაკიაჟი პოპ-არტის გოგონად გაქცევთ.

 

 Alexander McQueen Fall 2015 



როგორ გამოიყურებოდა ვიქტორიანული ეპოქის ქალი? მისი გაცოცხლება ლეგენდარულმა ინგლისელმა დიზაინერმა ალექსანდრ მაკქუინმა მოახერხა 2015 წლის შემოდგომის ჩვენებაზე. თეთრი სახე, ხვეული თმა და ტერაკოტისფერი ელფერი თვალსა და ღაწვებზე მაქმანიან სამოსთან ერთად ყველაზე ორიგინალური გზით წარმოაჩენს ვიქტორიანული ეპოქის ესთეტიკას. 

 

Moschino Fall 2018




თუ ჰელოუინის საღამოსთვის არჩევანს ვერ აკეთებთ ჟაკლინ კენედსა და არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენელს შორის, ლუქები Moschino-ს 2018 წლის ჩვენებიდან ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. 60-იანი წლების მოცულობითი ვარცნილობა, ტვიდის თავსაბურავი და არასტანდარტული მაკიაჟი საკმარისია ჰელოუინის ორიგინალური ლუქის შესაქმნელად. 

 

Alexander McQueen Fall 2001



მოცულობითი ხვეული ხელოვნური ვარცხნილობა, შავი ღიმილი და აწეული ვიწრო წარბები - კიდევ ერთი საინტერესო სახე დიზაინერ ალექსანდრ მაკქუინის ჩვენებიდან. ცირკის ხუმარად გარდასახვა ჰელოუინის წვეულებისთვის მარტივი გამოწვევაა. 

 

Marc Jacobs Fall 2016 




გოთური სტილის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ლუქი წარმოგვიდგინა დიზაინერმა მარკ ჯეიქობსმა 2016 წლის შემოდგომის ჩვენებაზე. შეღებილი წარბები, შავი ფერის ტუჩსაცხი და ტალღოვანი ვარცხნილობა წვეულების ყველაზე Rock Moment იქნება. 

 

Schiaparelli Spring 2020 




90-იანი წლის ტრენდი - ფერადი თვლები მაკიაჟში მოდის სახლმა Schiaparelli-მ 2020 წლის ჩვენებაზე დააბრუნა. მოზარდივით რომ არ გამოიყურებოდეთ, გირჩევთ მბზინავ თვლებს მასიური ოქროსფერი სამკაული და მდიდრული სამოსი შეუხამოთ. სწორედ ასე გამოიყურებოდნენ მოდელები Schiaparelli-ის ჩვენებაზე. 

 

Jean Paul Gaultier Spring 2007 Couture




ხატწერა - ფრანგი დიზაინერის, ჟან პოლ გოტიეს ერთ-ერთი საყვარელი თემაა. საუკეთესო ნიმუშები დიზაინერმა 2007 წლის მოდების ჩვენებაზე წარმოგვიდგინა. მოდელები ვიხილეთ ოქროსფერი შარავანდედითა და ხელოვნური ცრემლით თეთრ პირისახეზე, რაც ქალწულ მარიამის პერსონიფიკაციაა. 

 

Jacquemus Fall 2015


ახალგაზრდა ფრანგი დიზაინერის, სიმონ ჟაკემუსის 2015 წლის შემოდგომის ჩვენებაზე პიკასოს შემოქმედებით შთაგონებული მაკიაჟი ვიხილეთ. სახის ერთ ნახევარზე გრაფიკულად შესრულებული პორტრეტი Two-Faced ეფექტს ქმნიდა.