ჰელოუინის დღესასწაული ახლოვდება, შესაბამისად,  კოსტიუმირებული წვეულების ჩაცმულობაზე უნდა დაიწყოთ ფიქრი. 2021 წელმა ბევრი საინტერესო მოდური მომენტით დაგვამახსოვრა თავი - რეპერ კანიე ვესტის ფანტომასის ნიღბიდან დაწყებული, "ბალენსიაგას" სიმპსონებით დამთავრებული. Hammock Magazine-მა თქვენთვის  აარჩია ამ წლის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები პოპკულტურიდან, რომლებიც ჰელოუინის კოსტიუმების შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს.

Kanye West Fantomas Mask


კანიე ვესტის ექსცენტრიკული იდეები ალბათ გაოცებას აღარ იწვევს. 2021 წელს რეპერის სტილი გამორჩეულად დასამახსოვრებელი  აღმოჩნდა. გასულ კვირას კანიე  შავი სამოსითა და “ფანტომასის” ნიღბით შენიშნეს ფოტოგრაფებმა - როგორც ჩანს, რეპერი ჰელოუინისთვის ნაადრევად მოემზადა.

Kim Kardashian Met Gala Outfit


2021 წლის მეტ-გალას წითელ ხალიჩაზე კანიე ვესტის ყოფილი მეუღლე - კიმ კარდაშიანი დიზაინერ დემნა გვასალიას მიერ შექმნილ არაორდინალურ შავ კაბაში გამოჩნდა. ეს ლუქი ინტერნეტ-მომხმარებლებმა სწრაფად აიტაცეს და სოციალურ ქსელებში უკვე შევხვდით კიმის მიმბაძველებს. თუ გსურთ, რომ ჰელოუინის წვეულებაზე ვერავინ ამოგიცნოთ, ეს კოსტიუმი იდეალური არჩევანია.

Sex and The City Reunion


2021 ჩვენი საყვარელი ტელესერიალების დაბრუნების წელია. ლეგენდარული სერიალი "სექსი დიდ ქალაქში" დეკემბერში ახალი სეზონით გრძელდება. მანამდე კი თავისუფლად შეგიძლიათ საყვარელი ოთხეულის კოსტიუმები მოირგოთ. ჩვენ კერი ბრედშოუს ეს ლეგენდარული ლუქი შევარჩიეთ.

Harry Styles 


მოზარდების საყვარელი მომღერალი ჰარი სთაილზი ბევრჯერ მოგვევლინა ორიგინალური სასცენო კოსტიუმებით, რაც მოდის სახლ Gucci-ის დამსახურებაა. 

ალესანდრო მიკელეს მუზამ ჯინსები და სპორტული მაისურები 80-იანი წლების მოდისათვის დამახასიათებელი კოსტიუმებით, მარგალიტებითა და აბრეშუმის პერანგებით ჩაანაცვლა.

Lil Nas X Grammys Outfit


Lil Nas X-მა 2021 წელს საზოგადოება არაერთხელ აალაპარაკა. მუსიკოსი ხან ეშმაკის, ხან კი მარი ანტუანეტას იმიჯით მოგვევლინა. Grammys-ს 2021 წლის დაჯილდოებაზე კი "კოვბოის" სტილის ქუდითა და ვარდისფერი ტყავის კოსტიუმით გამოჩნდა.  

Bridgerton 


სერიალი Bridgerton ყველაზე ხმაურიანი ისტორიული დრამაა. მთავარი გმირების სასიყვარულო ურთიერთობებისა და სარკასტული დიალოგების გარდა, სერიალს გამორჩეულს ხდის ზღაპრული კოსტიუმებიც. სერიალიდან პერსონაჟის, დაფნე ბრიჯერტონის კოსტიუმი - პასტელური ცისფერი კაბა შევარჩიეთ. ორგანზას ხელთათმანებისა და ბუნებრივი მაკიაჟის წყალობით რეგენტის ეპოქის გოგონად გადაიქცევით.

House Of Gucci


თუ ჰელოუინის წვეულებას მეწყვილესთან ერთად უნდა ესტუმროთ, გირჩევთ ლედი გაგასა და ადამ დრაივერის ლუქები მოირგოთ რიდლი სკოთის ბიოგრაფიული დრამიდან House Of Gucci. ბეწვის მოსასხამი, ყელიანი სვიტერი, დიდი ზომის სათვალე და ბევრი სამკაული - 90-იანი წლების იტალიური მოდისთვის დამახასიათებელი მდიდრული  ლუქი მზად არის.

Pyer Moss Fall 2021 Couture


2021 წელს მოდის ჩვენებებზეც ჭარბობდა ექსცენტრიკული ჩაცმულობები. ამ მხრივ გამორჩეულია Pyer Moss-ის 2021 წლის შემოდგომის  შოუ, რომელზეც საყოფაცხოვრებო ნივთებით შემოსილი მოდელები ვიხილეთ. ერთი შეხედვით სახალისო კოსტიუმების მიღმა შავკანიანთა გამომგონებლობა და ბავშვობის ნოსტალგია დგას. 

Balenciaga x Simpsons


ამ წლის ჰელოუინის კოსტიუმირებულ წვეულებას ყველა ალბათ ერთი მიზეზის გამო ელოდება - მოირგონ "ბალენსიაგას" სამოსში გამოწყობილი მარჯ და ბარტ სიმპსონების იმიჯი. ხელოვნური ლურჯი ვარცხნილობა, ბაფთიანი ოქროსფერი კაბა და "ბალენსიაგას" ცნობილი წითელი ქურთუკი ერთი ღამით სპრინგფილდის მოდურ მცხოვრებად გაქცევთ.

Cruella 


ქარიზმატული ანტიგმირები 2021 წელს ეკრანებზე კვლავ გამოჩნდნენ. დისნეის ფილმის, Cruella-ს პრემიერა ზაფხულში შედგა. კრუელა ყოველთვის იყო დისნეის ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟი, რაც მისი მრისხანე და ავანგარდული იმიჯის დამსახურებაა. "მოდის მსხვერპლად" ქცეული პერსონაჟი კინოსურათში თავს დაუვიწყარი კოსტიუმებით გვამახსოვრებს. ოსკაროსანი დიზაინერის, ჯენი ბევანის მიერ შექმნილ კოსტიუმებს შორის ჩვენი ფავორიტი “ქაღალდის კაბაა”. შავ-თეთრი თმითა და გაზეთებით აწყობილ კაბაში დისნეის ყველაზე გლამურულ პერსონაჟს დაემსგავსებით. 

Grimes


მუსიკოსი გრაიმსი კარლ მარქსის "კომუნისტური პარტიის მანიფესტის“ კითხვისას შენიშნეს ფოტოგრაფებმა. "მე არ ვარ კომუნისტი", განმარტა მომღერალმა. თუ ჰელოუინისთვის გაგიჭირდებათ გრაიმსის ჩაცმულობის გამეორება, შეგიძლიათ მაისურზე ეს ფრაზა დაიწეროთ. 

Asap Rocky 

2021 წლის მეტ გალა ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო. Კიმ კარდაშიანის თვალისმომჭრელი შავი კოსტიუმის გარდა, მომღერალი რიანა და რეპერი Asap Rocky-ც ვიხილეთ ორიგინალურ სამოსში. Მომღერალს Balenciaga-ს კუტიურიეს შავი კაბა ეცვა, რეპერი კი ზამთრის ფერადი მოსასხამით წარდგა ჩვენ წინაშე. Ეს ერთი შეხედვით უცნაური კოსტიუმები ერთად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. Ჰელოუინზე ჭეშმარიტი Fashion Killa-ს ტიტულს ამ ლუქით მოიპოვებთ.