29 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე უსახელო გალერეაში ქვიარ-პროექტის, “თანამზრახველების” გამოფენა გაიმართება, რომლის ფარგლებში თბილისში მოღვაწე ფოტოგრაფისა და აქტივისტის, რომან ვალუნკინის ფირის ფოტოსურათებს დაათვალიერებთ.



“თანამზრახველები” საქართველოში მცხოვრებ უშიშარ ქვიარ-ადამიანებს აჩვენებს, სადაც ფოტოგრაფი პროვოკაციულად განიხილავს სხვადასხვა გენდერის არსს და ბინარულობის მიღმა სექსუალობის თავისებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ხელოვანის რწმენით, მისი ობიექტივის მიერ აღბეჭდილ ადამიანებს ჩადენილი აქვთ დანაშაული, რომელიც ერთგვარი მეტაფორაა და ქვიარ-ინდივიდის გამოწვევებით სავსე თვითგამორკვევის მოგზაურობას ასახავს, თუმცა საზოგადოების წარმოდგენით, მათი “დანაშაული” ნორმალურობისა და ჩვეულებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.




“ჩემი მიზანია, საკუთარი ამბის მოყოლით ნამდვილი და პირადი ისტორიები გამოვავლინო. ჩემი თანატოლების ისტორიები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ჩემს პიროვნებასა და პროფესიაზე და დამეხმარნენ, ჩამოვყალიბებულიყავი ისეთ ხელოვანად, როგორიც დღეს ვარ - ავთენტური, მღელვარე და გამომწვევი,” - ამბობს რომან ვალუნკინი.




გამოფენისათვის შერჩეული სერიები არაერთ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებულა. ეს ჟურნალებია: Risk, Hart, FGUK, Pornceptual, Pineapple, CAP74024, KALTBLUT და FuckingYoung! 

პროექტის პარტნიორები ქვიარ-საკითხების კვლევით დაინტერესებული პირები არიან. მათ შორისაა: ლევან გელბახიანი, მეთ შალი, დავით აფაქიძე, ნინი გოდერიძე (God Era),  პიტო სეთური, უტა ბექაია, აკა ფროდიაშვილი და ლადო ბოკუჩავა.