თანამედროვე ადამიანისათვის სახლის, როგორც არქიტექტურული ერთეულის კონცეფცია ბევრ ერთმანეთისაგან განსხვავებულ აღქმას ექვემდებარება. ყველაზე გავრცელებული წარმოდგენით, სახლი, უპირველეს ყოვლისა, სხვათა თვალთახედვის მიღმა არსებული დაცული ტერიტორია და მუდმივი ნავსაყუდელია, რომელშიც ინტიმური ქმედებები ყოველთვის დასაშვები, კომფორტული და კონფიდენციალურია. ზოგი წარმოდგენით, სახლის მნიშვნელობა იმ დროებით სივრცეს უკავშირდება, რომელსაც ან იძულებით ტოვებენ, ან პირადი მიზეზებით, ნებით გაურბიან. სხვა განსაზღვრებით კი  სახლი შესაძლოა, დამოუკიდებელ სივრცულ ობიექტადაც განიხილებოდეს, რომელსაც თავისი “ცნობიერება” და ამბავი გააჩნია. 



სახლთან დაკავშირებული წარმოდგენების გაგრძელება მდიდარი ფანტაზიისა და დაკვირვების უნარზე ხდება დამოკიდებული. ქართველი ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი წიგნში 100 ფოტოამბავი: 90-იანები სახლს კიდევ უფრო გაფართოებული მნიშვნელობით წარმოადგენს და წერს, რომ 1990-იან წლებში სახლს კულტურული ცენტრის განსაზღვრებაც ჰქონდა. ამ წარმოდგენის საილუსტრაციოდ იგი იყენებს ლადო ბურდულის სახლის ფოტოს, სადაც არაერთი საინტერესო საღამო, კონცერტი თუ მოდის ჩვენება გამართულა. 90-იანებში ბურდულის სახლის წვეულებები გამოხატვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა, სადაც საბჭოთა იდეოლოგიის მიერ დაწესებული ცენზურა ვერ მოქმედებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ პერიოდში აქტიური მასპინძლის როლს მხატვარი ირაკლი ფარჯიანიც თამაშობდა, რომლის სახლში აღმოჩენა სტუმრობის კლასიკურ გაგებაზე მეტად საინტერესო დიალოგების წარმართვის შესაძლებლობას ემსგავსებოდა. 



სახლისა და კულტურული სივრცის თანხვედრის ტენდენცია მხოლოდ 90-იანი წლებით არ შემოფარგლულა და ხელოვნების სახელით პირადი სივრცეების ინტერვენცია მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის საერთო პროექტმა (2017-2020), რომლის საწყის ეტაპზე ხელოვანი ნატუკა ვაწაძეც აქტიურად იყო ჩართული, თანამედროვე ეპოქაშიც განაგრძო. საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არარსებობის ფაქტორმა არტისტებს გადააწყვეტინა, რომ დაწესებულება “არაფრისგან” შეექმნათ და მეტიც, მუზეუმის როლი თავად მოერგოთ. მაშინ, როცა ქართული ხელოვნების 80-90-იანი წლების გარდამავალ პერიოდზე ლიტერატურა თითქმის არ არსებობდა, ხელოვანებმა ეპოქის კვლევა დამოუკიდებლად აწარმოეს და ამ მოხალისეობრივი ნაბიჯით “არაოფიციალურად” წოდებული ქართული ხელოვნება საფუძვლიანად შეისწავლეს. ჩაწერეს ინტერვიუები იმ 50-ზე მეტ არტისტთან და ხელოვნებათმცოდნესთან, რომლებიც 80-იანების დასასრულსა და 90-იანების დასაწყისში მუშაობდნენ, შეადგინეს ნამუშევართა ფოტო/ვიდეო დოკუმენტაცია და შესაბამისი სამუზეუმო მასალა მოამზადეს.



რა თქმა უნდა, ქართული თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში სახლის კონცეფცია მხოლოდ ალტერნატიულ კულტურულ ინსტიტუციად არ ლიმიტირდება და თანამედროვე ტენდენციებზე დაყრდნობით სახლი ნამუშევრის მთავარი კონცეპტუალური მასალა ხდება. ქართველი ხელოვანებისათვის სახლის, როგორც არქიტექტურული ობიექტის განსაზღვრება მუდმივობისა და დროებითობის კონტექსტში ხშირად მონაცვლეობს და თუ იმ პოლიტიკურ-სოციალურ სვლებსაც გავითვალიწინებთ, რომლებიც ქართველ არტისტებზე არათუ ირიბად, არამედ პირდაპირი გზებითაც ზემოქმედებს, ცხადი გახდება, თუ რატომ ეპასუხებიან ისინი სახლთან დაკავშირებულ პარადიგმებს განსაკუთრებული სიხშირითა და სენსიტიურობით.



სახლმა, რომელიც ვაჟიკო ჩაჩხიანმა ვენეციის 57-ე ბიენალეზე საქართველოს პავილიონში წარადგინა, დამთვალიერებლები უჩვეულო გარემოში მოახვედრა. სახლის ინტერიერში გამუდმებით წვიმდა მაშინ, როდესაც მაყურებლებს ობიექტზე დაკვირვება დაცული გარემოდან შეეძლოთ. გამოფენა სათაურით “ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში” ძველ იმერულ ოდას წარმოადგენდა, სადაც ზამბარებიანი საწოლი, მაგიდა მისაღებ ოთახში სკამებითა და ნავთის სანათით, ერთმანეთზე დაწყობილი ჭურჭლის გროვა, კედელზე ჩამოკიდებული ქალის პორტრეტი, ძველებური პირსაბანი და ძველი ოდისათვის დამახასიათებელი სხვა ინტევნარები ჩაჩხიანის სახლის ინტერიერს ავსებდა. შუშაბანდიანი სახლის შიდა სივრცე, რომელშიც  ექვსი თვის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, დროთა განმავლობაში პირვანდელ სახეს რადიკალურად იცვლიდა და მნახველებში ახალ შეკითხვებს ბადებდა.



ICI Berlin-ის აკადემიური კოორდინატორი და კომუნიკაციების მენეჯერი კლაუდია პეპელი ტექსტში Enduring Rain ჩაჩხიანის ინსტალაციას ეხმიანება. მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ მნახველები სახლის ცვლილების ყოველ ფაზას ექვსივე თვეს ვერ დააკვირდებოდნენ, საგულისხმოა, რომ მცირე დროითი მოცემულობაც კი მნახველებს ძალაუნებურად დააფიქრებდა იმაზე, თუ რა შესაძლო გზებს გამოივლიდა ოდა აქამდე მოსასვლელად, ან რას ემგვანებოდა სახლის არსებობის საბოლოო ფორმა. ნამუშევარს არც შტორმი მოჰყვება, არც აპოკალიფსურ კულმინაციას გვთავაზობს და ხანგრძლივ წვიმასაც არ უჩანს ბოლო, ამიტომ ინსტალაციის არც ხილული საწყისი ჩანს და არც დასასრული. ნამუშევარი იმ აპათიასა და მელანქოლიას ილუსტრირებს, რომელიც გადასატანია, თუმცა ექვსთვიან ავდარს გმირის გამოჩენა საერთოდ არ მოჰყვება, რაც ხსნის თეორიულ შესაძლებლობასაც კი ბურუსში ახვევს. პეპელთან ინტერვიუში ჩაჩხიანი ახსენებს, რომ წარსულის გამოცდილება ადამიანს შინაგანად ცვლის, თუმცა ეს ცვლილება მის გარეგნულ იერსახეს არ ეხება. ხელოვანისათვის სახლის ინსტალაცია შიდა და გარე ნარატივების დუალისტური მეტაფორაა, რომელიც ტრავმატული ისტორიის (პოლიტიკური, სოციალური) მნიშვნელობას განსაზღვრავს და ადამიანის ფსიქოლოგიური ტენდენციების ჩამოყალიბებაზე მის ზეგავლენას იკვლევს. 



სახლი, რომელიც მნახველებს აწმყოს გაუჩინარებას თვალნათლივ უჩვენებს, ნოსტალგიას ბადებს და იმ ადამიანზეც გვაფიქრებს, რომელიც არ გამოჩნდება. მერე რა, რომ სახლი ფსიქიკის ილუსტრაციაა. ინტერესის ერთი უნებლიე და მთავარი საგანი ისიცაა, თუ სად წავიდა ადამიანი, რატომ წავიდა, ვისთან წავიდა, დაბრუნდება თუ არა ოდესმე, ან რა დახვდება სახლში, როცა შინ დაბრუნდება ხავსისა და ლპობაშეპარული კედლების გარდა. დესტრუქცია, რომელსაც ინსტალაცია ძალიან, ძალიან ნელი ტემპით ასახავს, მნახველებს “მოსაცდელ ოთახში” ამყოფებს, საიდანაც ისინი ქაოსითა და ბრუტალურობით აღსავსე გარემოს დაცული ტერიტორიიდან ადევნებენ თვალს, რაც პიროვნულად მკვეთრად არ აღაშფოთებთ მიუხედავად იმისა, რომ უბედურება მათ თვალწინ მიმდინარეობს. დამკვირვებლების ამ დაცულად ყოფნის მდგომარეობას პეპელი ომარ ფასტის ციტატით ამყარებს, რომლის სიტყვების მიხედვით, მანამ სანამ მოსაცდელ ოთახში ყოფნა საშვილოსნოს კედლებში არსებობას ემსგავსება, ის, რაც გარეთ მიმდინარეობს, შენ არ გეხება. 



ჩაჩხიანისეული დესტრუქციის განსაზღვრება, რომელიც სახლის ცვლილებათა ფაზებითაა წარმოდგენილი, ქართველ ხელოვან ნიკა ქუთათელაძისთვისაც ნაცნობი კვლევის საკითხია, თუმცა ამ შემთხვევაში, დამკვირვებლის ამპლუაში ყოფნა ინდიფერენტულ ხასიათს საერთოდ არ ატარებს და “ის, რაც გარეთ ხდება” ხელოვანის მზერის ტრაექტორიაში ყოველთვის ემოციური მნიშვნელობით იკვეთება. მის შემოქმედებაში სახლის ფორმა პირდაპირ არქიტექტურული ლანდშაფტის ისტორიას უკავშირდება, რომელიც უფუნქციოდ დარჩენილი კონკრეტული სახლის ამბის განზოგადებით ერთ საერთო სურათს ასახავს. ბოქლომდადებული სახლები, ჩამოშლილი ფასადები, გაძარცვული ოთახები, დაზიანებული მთავარი კარები, რომლებიდანაც გამომავალ სხვადასხვა სახეობის ცხოველსაც შეიძლება მოვკრათ თვალი, თანამედროვე ქართული გარემოს ნაცნობი სურათია, ამიტომაც ოდესღაც ფუნცქიონირებადი, დღეს კიდევ გასაწირად დატოვებული სახლები ნიკა ქუთათელაძის ხედვას ძალაუნებურად პროტესტის ფორმაშიც ამწესებს, რაც მის ახალ ნამუშევრებში ვლინდება ხოლმე.



ინსტალაცია “რომ დავიცვა სახლი სანამ შორს ვარ” გურიის სოფელში შემჩნეული სახლის შთაგონებით შეიქმნა, რომელიც მძარცველებისა და ცხოველების შეჭრისგან თავდაცვის მიზნით ეკლიანი მცენარეებით იყო ამოვსებული. მართალია, ხელოვანს ზუსტად ვერ ეცოდინებოდა, რატომ დატოვეს სახლი მცხოვრებლებმა, არც იმაზე ექნებოდა დაბეჯითებითი პასუხი, იმ გუდანაბად აკრეფილებს ეკლები მართლაც საიმედო დამცველად ეგულებოდათ თუ არა, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ სახლთან შეუგუებელი განშორება შესაძლოა ასეთ გულუბრყვილო თავდაცვითი მექანიზმის შედეგამდე მისულიყო, ქუთათელაძის ახალ ნამუშევარს შეასხა ფრთები.



თბილისის პირველი არქიტექტურული ბიენალეს ფარგლებში ხელოვანმა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე სახლი დროებით გურიის სოფელში შემჩნეული საცხოვრებლის რეპლიკად გადააქცია, რომლის დამცველობითი კონცეფცია ტრიფოლიატის ასეულობით ტოტით წარმოადგინა. ურბანული გარემოდან პირდაპირ ტრიფოლიატების შუაგულში მოხვედრილი დამთვალიერებელი კონტრასტულ გარემოში - უდაბურ, გაუკაცრიელებულ სახლში ხვდებოდა და მის სურვილს სივრცეში თამამად გადაადგილებულიყო ჯგუფ-ჯგუფად ამოზრდილი ეკლები ყოველი ფეხის ნაბიჯზე ეწინააღმდეგებოდა. ინსტალაცია, რომელიც მნახველს გადასახლების ტენდენციასა და ამ ფაქტთან შეუგუებლობას უჩვენებს, თავის მხრივ, ყველასათვის საერთო ზოგად ნოსტალგიურ სურათს ააშკარავებს და ისევ იმ დესტრუქციულ განზომილებაში გვაბრუნებს.


ნიკა ქუთათელაძე, რომელიც განათლებით არქიტექტორია, მიტოვებული სახლის კონცეფციას არაერთხელ უბრუნდება. თუ წინა ინსტალაციაში ხელოვანი ცდილობდა, რომ მიტოვებული სახლი როგორმე შეენარჩუნებინა, გალერეა Artbeat-ის საექსპოზიციო სივრცეში იგი შენობის შლისა და ნგრევის თემას მთელი თავისი ბრუტალურობით წარადგენს. პერსონალური გამოფენისათვის “ტარიელი ემზადება გამოსაზამთრებლად” ხელოვანი მთავარ კონცეპტუალურ მასალად იმ სამშენებლო რკინის ფილებს (“ჟეშტებს”) იყენებს, რომლებიც ხის სახლს ლპობისაგან იცავს. ნიკა ქუთათელაძემ რკინის ფილები გურიის სოფლის სხვა მიტოვებული სახლიდან ადგილობრივების დახმარებით ჩამოარღვია, შემდეგ კი Artbeat-ის ერთი საგამოფენო ოთახი სიმულაციურ სახლად გადააქცია, რომლის ინტერიერი სოფლიდან ჩამოტანილი სამშენებლო ფილებით მოაპირკეთა, ხოლო კიბეები და იატაკი დასავლური სახლებისათვის დამახასიათებელი ფერითა და მასალით წარმოადგინა. წინა მაგალითებისაგან განსხვავებით, ამ ინსტალაციაში მარტო არ აღმოჩნდებოდით და ყოველ კუთხეში ჩასაფრებულ ადამიანებსაც დაინახავდით. ისინი სამშენებლო ფილების შუაგულში, ფერწერული ნამუშევრებიდან იმზირებოდნენ, რომელთა იქ არსებობით შლის, ნგრევისა და გადასახლების საკითხი ერთიორად გამძაფრებულ სახეს იძენდა და ისევ იმ დესტრუქციულ ორთაბრძლაში გვრთავდა.


4 ივნისს The Why Not გალერეამ გვანცა ჯიშკარიანისა და ელენე კაპანაძის კურატორობით ქართველი ხელოვანის მარიამ აქუბარდიას პერსონალური გამოფენა გახსნა. საბჭოთა კავშირში ფუნქციონირებადი სანატორიუმები, როგორც ერთგვარი ანთროპოლოგიური კვლევის საგანი, აქუბარდიას სერიის ერთ-ერთი წამყვანი მოტივი გახდა. როგორ იცვლება ნაგებობის ფუნქციური სახე ეპოქების კვალდაკვალ და როგორ ყალიბდება ადამიანთა ემოციური ბმები საყოფაცხოვრებო შენობის მიმართ - ამ კითხვებს მარიამ აქუბარდია ყველაზე აბსტრაქტული გზებით პასუხობს. მის ნამუშევრებში ასახული გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი სანატორიუმები, რომლებიც ლოკალურ კონტექსტში საბჭოთა ეპოქაში მომრავლდა, დღეს დევნილების დროებითი საცხოვრებლია. ხელოვანი სერიაში ამბივალენტურობისა და ურთიერთგამომრიცხაობის ნიადაგზე თამაშობს და ტილოებზე გამოსახული ადამიანების ამბებს ბოლომდე არ ამხელს, ამიტომაც დამთვალიერებელი ზუსტად ვერასოდეს იგებს სერიის პერსონაჟი “სანატორიუმ-სახლში” იმყოფება თუ “სანატორიუმ-დასასვენებელში” ნებივრობს.


სერიაში სახლის შენობის ფორმა დაკვირვების მთავარი ობიექტი არაა, აქ არსებითი ის ადამიანური ეგზისტენციაა, რომელიც შინ ყოფნის პარადიგმას ეხმიანება. ამიტომ 13 ფერწერული ნამუშევრისაგან შემდგარი ექსპოზიცია რეალისტური სურათების მაგივრად იმას აჩვენებს, რასაც გონება შთაბეჭდილებების სახით ინახავს. მარიამ აქუბარდია, რომელიც წარმოშობით აფხაზია, მუდმივი სახლების დროებითი საცხოვრებლებით ჩანაცვლებისა თუ ფრაგმენტული მეხსიერების საკითხებს ძალიან ახლოდან იცნობს და გრძნობს. აქუბარდიას ნამუშევრები ამ ფაქტორთან ემოციურად სინთეზირდება, რაც მხატვრის სპეციფიკურ შემოქმედებით მანერას ლოგიკურად ესადაგება. ახლად აღმოჩენილი ძველი საოჯახო ფოტოალბომის მსგავსად, სერია თითქოს ცნობიერების ზედაპირზე უეცრად ამოტივტივებულ წამებსა და იმ მოგონებებს აჩვენებს, რომლებიც დეტალებისაგან ნელ-ნელა იძარცვება, მაგრამ ბოლომდე არა და არ ქრება. სერია ადამიანებს ლანდებად გვაცნობს, ყოფის დეტალებს ხან სილაღითა და სადღესასწაულო განწყობით სავსე, ხან კიდევ ამოუცნობი, რუტინული, უტყვი და მელანქოლიური სურათებით ასახავს. დროდადრო სახლად ქცეული სანატორიუმის გარემო კი, რომლის შუაგულში ხანდახან დამშრალი შადრევნებიც ამოხეთქავენ, თანდათან რთულად აღსაქმელ სურათს ემსგავსება და იმ წარმავალ კადრებს მოგვაგონებს, რომლებიც მოძრავი მანქანების ფანჯრების მიღმა ერთმანეთს თვალის დახამხამებაში ენაცვლება.


აქუბარდია სახლის დროებითობის საკითხს ემოციურად განსაზღვრავს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ინსტალაციაზე  “ყინვის საწინააღმდეგოდ შეფუთული ციტრუსის ხეები” (2019), რომელიც დაუცველობისა და მიუწვდომელი სახლის ილუსტრაციაა. აქ ადამიანის მიერ ასათვისებელ სივრცეს ქუთათელაძისეული “კეთილი” ტრიფოლიანტების გუნდი კი არა, საზარელი სარეველა ეპატრონება, რადგან ადამიანის კვალი საკუთარ სახლში მრავალი წლის წინათ გააქრეს.


სახლის განსაზღვრებაზე საუბრისას არ უნდა უგულებელვყოთ ის ფაქტიც, რომ ნებისმიერი კონდიციის შენობა (ამ შემთხვევაში, სახლი) თავის ენაზე მეტყველებს და ეს პროცესი დროსთან ერთად ისტორიულ მნიშვნელობას იძენს. ამეტყველების ისტორიულ მაგალითად ისიც შეიძლება ჩაითვალოს, როცა საბჭოთა სახლის ევრორემონტის კეთებისას კედლის ის დანარჩენი შრეები, რომლებიც წინა რემონტების შედეგად გაჩნდა, არსებობას ისევ განაგრძობს. ეს საკითხი ვენეციის 55-ე ბიენალეზე (2013) ქართული პავილიონის სახლის ერთ-ერთი კონცეფცია იყო და როგორც ამ კონკრეტულ საკითხზე მომუშავე არტისტი გიორგი ლუთიძე განმარტავს, პოსტსაბჭოთა ადამიანის მიერ ევროსტანდარტების ათვისების პროცესი იმ ევრორემონტიანი კედლის მსგავსად ერთიანად, “შიდა შრეების” გადააზრების გარეშე განვითარდა. აქედან გამომდინარე, ლუთიძის ნამუშევარი ბიენალეს ფარგლებში აგებული სახლის შიდა კედელზე სამი ფერის საღებავების გამოყენებით ამ რამდენიმე შრეზე აქცენტირდება. აღსანიშნავია ის, რომ ქართულ პავილიონში არტისტები სახლის ამეტყველებას პირდაპირი გზითაც ეცადნენ და მეტალისა და ხის საგანთა ხმების გაძლიერებულად გამოცემით სახლი მთავარ კომუნიკატორად წარმოადგინეს.


ვენეციის 55-ე ბიენალეს ქართული პავილიონი გიო სუმბაძის ესკიზის მიხედვით აიგო, რომელიც არსენალეს განაპირას მდებარე ნაგებობაზე დაშენებულ კონსტრუქციას წარმოადგენდა და ქართული სპონტანური არქიტექტურის რეპლიკას ქმნიდა. სახლი “კამიკაძე ლოჯიას” სახელით იყო ცნობილი, რაც ლოჯიას მნიშვნელობით ქართული რეალობისათვის დამახასიათებელ მიშენებათა ტენდენციურობას უსვამდა ხაზს, ხოლო კამიკაძის განსაზღვრებით ქართველების დესტრუქციულ ბუნებაზე ამახვილებდა ყურადღებას. 


თუმცა ისიც თვალსაჩინოა, რომ დესტრუქციის საპირისპიროდ, ქართველი თანამედროვე არტისტები საცხოვრებელი სახლის კონცეფციას შინაგანი თავისუფლებისაკენ ინერციით სწრაფვასთანაც აიგივებენ და სწორედ მიშენებათა ტენდენციურობით შთაგონდებიან. კითხვაზე, საქართველო ევროპაა თუ აზია, მაგნუმის სააგენტოს ფოტოგრაფი თომას დვორჟაკი პასუხობს, რომ საქართველო არის აივანი. “როცა 8 წლის ვიყავი, ჩემმა თანატოლმა მეზობელმა გოგომ დამანახა, როგორ უჭრიდნენ თავის საძინებელ ოთახში ფანჯარას, რათა მიეშენებინათ აივანი, რომელიც არ ჰქონდათ. ეს აქტი ჩემთვის ურბანული წესრიგის დარღვევითა და ქაოსის შემოტანით, რაღაც მხრივ თავისუფლების სიმბოლო გახდა,” - ამბობს ხელოვანი ქეუ მეფარიშვილი ინსტალაციაზე, რომელიც ორი წლის წინ პატარა გალერეის ვიტრინაში გამოიფინა. თომას დვორჟაკის სიტყვები უცნაურად აღარ გვეჩვენება მაშინ, როცა უკვე რამდენიმე ათწლეულია მიშენების საკითხი ქართული ურბანული გარემოს თანამდევი მოვლენა და თავისუფლებისაკენ მიმავალი ყველაზე პრივატული სვლაა. იდენტურ არქიტექტურულ დაგეგმარებას, რომლის მაგალითზეც საბჭოთა სისტემის დოგმატიზაციამ - თანაბარი საცხოვრებელი პირობების შექმნამ, ადამიანის ინტიმური საზღვარი გადაკვეთა, თანამედროვე ეპოქა მიშენებული აივნებით შეეპაექრა. ამ კონტექსტში  ქეუ მეფარიშვილის დაკვირვება გლდანის მერვე მიკრორაიონის არქიტექტურულ სურათს მოიცავს, სადაც აივანი, როგორც პირადი საზღვრის გაფართოების მცდელობა, ურბანულ კოლაფსსაც ნიშნავს და მცხოვრებლების საპროტესტო მანიფესტაციადაც წარმოდგინდება. ქეუ მეფარიშვილის აივნის მაკეტი, რომლის ფერადოვნება ვიტრინის მიღმა არსებულ სივრცესაც გარდამავალი ფერებით აელვარებდა, გალერეის ისედაც მომცრო ტერიტორიაზე უზარმაზარ, გაჭედილ წარმონაქმნს ემსგავსებოდა და მიშენებათა საერთო სურათს მაქსიმალური სიზუსტით ესადაგებოდა.




როცა გვძინავს და სიზმრებს ვნახულობთ, ქალაქი თვალებს არ ხუჭავს. როცა გავახელთ თვალებს და აივნებიდან გადავიხედავთ, ქალაქი სახეს შეიცვლის. იქნებ ქალაქმა დახუჭა თვალები და ახლაც კი სიზმარს ნახულობს. ეძინა ჩვენთან ერთად და ესიზმრებოდა, რაც მაშინაც გააგრძელა, როცა ჩვენ გამოვიღვიძეთ.
“თანამედროვე თბილისის ასაკის ათვლას საბჭოთა კავშირის დანგრევიდან ვიწყებთ...” “...არქიტექტურის გარდაქმნა ... ახალი კორპუსების ტალღა...“, “ეძინა ქალაქს და ხედავდა სიზმარს” ძაფია ბეტონის ლაბირინთში...” - ეს სიტყვები ამონარიდებია მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის ახალი პროექტის ტექსტიდან. “ეძინა ქალაქს და ხედავდა სიზმარს” თბილისის გზამკვლევია, რომელიც ქალაქის არაცნობიერში ვირტუალურად გვამოგზაურებს და ურბანული განაშენიანების ელემენტებს, მათ შორის,  საცხოვრებელი სახლების მიშენებებისა თუ დაშენებების მაგალითებს ასახავს. ბოლო პერიოდში ეს პროექტი ერთ მოცემულობაზე განსაკუთრებით დაგვაფიქრებს - კერძოდ, საცხოვრებელ კორპუსებზე, რომელთა სახეცვლისათვის მცხოვრებლების პირადი სურვილებიც საკმარისია, განსაკუთრებით კი იმ საცხოვრებელ კორპუსზე, რომელიც ძილის პროცესის გავლით ფუნქციონირების უკანასკნელ ფაზასაც ემშვიდობება, რასაც ისევ მარიამის შემოქმედებისაკენ მივყავართ და “შელოცვა დაკარგულის დასაბრუნებლად-ის” სახით მის პოეტურ რეფლექსიებზე გვაფიქრებს.