ამერიკელი რეჟისორი ჯიმ ჯარმუში, რომლის ფილმოგრაფია გამორჩეული ვიზუალური თხრობის სტილით ხასიათდება, ცნობილია, რომ რეჟისურის გარდა 1980-იანი წლებიდან კოლაჟებსაც ქმნის. თუმცა ბოლო 5 წლის განმავლობაში იმდენად ინტენსიურად მუშაობს, რომ რეჟისორმა ნამუშევრების ერთ სივრცეში თავმოყრა გადაწყვიტა და წიგნში, სათაურით Some Collages რჩეული კოლაჟები გააერთიანა. 




“ბავშვობაში დაბადების დღის საჩუქრად მიკროსკოპი მივიღე. პირველად რაც შევისწავლე, დაფლეთილი გაზეთის პაწაწინა ნაგლეჯი იყო. გაოგნებული ვიყავი. იმის მაგივრად, რომ ცალკეული, მყარი ფურცლის მსგავსი ნივთიერება დამენახა, ერთმანეთში გადახლართული ძაფების მსგავს ბოჭკოებს წავაწყდი…” - ვკითხულობთ ჯარმუშის ახალი წიგნის რელიზში. 




კოლაჟების შესაქმნელად ჯარმუშმა ძველი გაზეთები გამოიყენა, რომლებში არსებული ტექსტები თუ სურათები ბურთულიანი კალმის წვერით ამოჭრა და შედეგად შექმნილი ნამუშევრები მყარი ყავისფერი ქაღალდის შუაში მოათავსა. ამერიკელი რეჟისორის თქმით, მისი კოლაჟების დიდი ნაწილი ბოლო წლებში, დედის გარდაცვალებამდეა შექმნილი, როცა მასთან სახლში ხშირად რჩებოდა და კოლაჟებზე მუშაობით რეალურ სამყაროს ემიჯნებოდა. Some Collages-ში შესული ნამუშევრების დათვალიერებისას არაერთ სიურრეალისტურ თუ დადაისტურ ესთეტიკას ამოვიცნობთ, სადაც დავინახავთ ადამიანს კოიოტის თავით, რომელიც მანქანის უკანა სავარძლიდან იმზირება, ასევე შევამჩნევთ ხელოვან იოზეფ ალბერსს, რომლის თავი გაზეთის სვეტის ნაწილით არის წარმოდგენილი და მასზე სიტყვები Josef Albers და Bauhaus გარკვევით იკითხება. ჯიმ ჯარმუში კოლაჟებში ცნობილი ადამიანების თავებით ხშირად მანიპულირებს და მათ სურვილისამებრ ცვლის, რაც ერთი შეხედვით ძალიან სახალისოა, თუმცა ამავდროულად, ძალიან საშიშადაც გამოიყურება. იუმორი ჯარმუშისათვის ყოველთვის გადამწყვეტია, რადგან როგორც ნიუ-იორკის სკოლის პოეტებისაგან ისწავლა, თუ ნებისმიერი საქმე ერთ სახალისო დეტალს მაინც არ შეიცავს, მაშინ ყველა მცდელობას აზრი ეკარგება.



საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჯარმუშისათვის თავისი შემოქმედება ერთ ზოგად პრინციპზეა აგებული. როგორც იგი იხსენებს, ერთხელ ამერიკელმა პოეტმა კენეტ კოხმა რილკეს პოემის თარგმნის დასრულებისათვის ორ დღე მისცა, თუმცა ჯარმუშის პასუხზე, რომ მან გერმანული ენა საერთოდ არ იცოდა, კენეტმა ნიშნისმოგებით მიუგო: “Exactly!” ჯარმუშის თქმით, მისი ნამუშევრებიც იდეაც სწორედ ეს არის - აიღოს ნებისმიერი რამ და მისგან სიახლე წარმოშვას.