ჯაე ლის ილუსტრაციები 80-90-იან წლებში მცხოვრები უდარდელი თინეიჯერის სიზმრებს ჰგავს. პარიზში მოღვაწე ხელოვანი ჩინეთში გაიზარდა და მხოლოდ ერთი წელია, რაც საზოგადოებას ნამუშევრებს უზიარებს. 



პანდემიის დროს ქალაქგარეთ, სოფელში დავსახლდი, სადაც არ მქონდა ინტერნეტთან წვდომა. დროს ხატვაში ვატარებდი“,  ამბობს ხელოვანი. „გადავწყვიტე, სოციალურ ქსელებში ამეტვირთა ჩემი ილუსტრაციები. გაოგნებული ვიყავი უკუკავშირით“. 



ჯაე ლის ნამუშევრებში ნეონური წარმოსახვითი გარემოა შექმნილი, მიმზიდველი და საინტერესო პერსონაჟებით, რომლებიც ბავშვობის ნოსტალგიას აცოცხლებენ და ქვეცნობიერ სამყაროში გვამოგზაურებენ. 


 

ილუსტრაციები რეალურისა და ირეალურის აღქმას ცვლის - გამოგონილი სიუჟეტები მნახველისთვის თითქოს მაინც ნაცნობია, ხოლო იმ ელემენტებს, რომლებსაც ხშირად ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში - სიზმრისეულ სიმბოლოებად წარმოაჩენს. ხელოვანი ამ ემოციას ერთმანეთში გარდამავალი პასტელური ტონალობების, მწვანესა და იისფერის დელიკატური მონაცვლეობითა და კაშკაშა შუქჩრდილების გამოყენებით აღძრავს. 


 

გამომსახველობითი საშუალებების ძიების პროცესში ხელოვანს ადრეულ ასაკში ნანახი ჟურნალ Playboy-ის ილუსტრაციები დაეხმარა. 



მოხიბლული ვიყავი შიშველი სხეულით. იმ დროს უცხო იყო ჩემთვის სექსუალური განზომილება, თუმცა ბუნდოვანი და მოელვარე შუქ-ჩრდილები სურათებში ძლიერად დაილექა ჩემ მეხსიერებაში“, ჰყვება ხელოვანი მისი შთაგონების ადრეულ გამოცდილებაზე. 




ანიმეს ესთეტიკის მქონე პერსონაჟები, დამაინტრიგებელი სცენები და უბრალო საგნებიც კი იდუმალ ვიბრაციებს აფრქვევენ, რაც ხელოვანის თქმით, მნახველს ინტერპრეტირების საშუალებას აძლევს. ფიგურები და სიუჟეტები სხვა განზომილებიდან ვიდეოთამაშს მოგვაგონებს. მთავარი გმირი მნახველია, რომელმაც პერსონაჟების ბედი უნდა გადაწყვიტოს.