თანამედროვე ბერძენი ფოტოგრაფის, კოსტას სპატისის ნამუშევრები გეომეტრიული ფოტოგრაფიის არაჩვეულებრივი ნიმუშია. სურათებში წარმოდგენილი ჩრდილები, არქიტექტურისა თუ მათემატიკის ზუსტი კონცეპტები ხელოვანს ობიექტების გეომეტრიულ ასახვაში ეხმარება. 



 

 “ჩემი შთაგონება ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბუნებაში ნანახი სიმეტრიულობაა. მიყვარს ახალი და საინტერესო ადგილების აღმოჩენა, ბუნებრივი გეომეტრია და მისით მიღწეული შუქჩრდილების ასახვა", - ამბობს ხელოვანი.







საბერძნეთში დაბადებული არტისტი პროფესიით არქიტექტორია, თუმცა  ფოტოგრაფია ბავშვობიდან მისი საყვარელი საქმიანობა იყო. ამ ორი სფეროს გადაკვეთა მნიშვნელოვნად აისახა მის შემოქმედებაზე. ფოტოგრაფის სტილი ზუსტი და მინიმალისტურია, სადაც ძირითადად, პეიზაჟებსა და საზაფხულო ლანდშაფტებს ვხედავთ. საბერძნეთის ფირუზისფერი ზღვის სიღრმე, კრისტალურად სუფთა ქვიშა და ადამიანების სამოსის ფერები ერთად განსაკუთრებულ კონტრასტს ქმნის. სურათებზე გამოსახული Მოძრავი ფიგურები კი მედიუმის როლს ასრულებს და
ერთმანეთისგან განსხვავებული მატერიების გამყოფად გვევლინება. 



ფოტოგრაფს სასურველი შედეგის მიღებაში თანამედროვე ტექნოლოგიები ეხმარება.  სრულყოფილი სიუჟეტების ასახვას დრონის გამოყენებით ახერხებს, რაც მის ნამუშევრებს უფრო
სიმეტრიულს ხდის.




კოსტას სპატისის სურათები მნახველისთვის ზაფხულის ემოციებთან, ზღვისპირა ქალაქების სურნელთან და
ბედნიერ ყოველდღიურობასთან ასოცირდება. თეთრისა და კაშკაშა ცისფერის, ოქროსფერისა და ზურმუხტისფერის მონაცვლეობა კიდევ უფრო აძლიერებს ამ ემოციებს, დინამიკური სიუჟეტები კი ბუნებასა და ადამიანებს შორის სრულყოფილ ურთიერთობას გვიჩვენებს და ამ კავშირის მუდმივობაში გვარწმუნებს.