წარმოგიდგენთ აკა ფროდიაშვილის SS2022 კოლექციას, რომელიც დიზაინერმა ციფრულ ფორმატში წარადგინა.
დიზაინერის 23 ლუქისგან შემდგარ კოლექციაში ფერთა პალიტრად ვიხილეთ იისფერი, მკვეთრი ვარდისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანეს ტონალობები, რომლებიც დიზაინერის ხელწერად ქცეულ შავი ფერის მაღალყელიან ფეხსაცმელთან და ხელთათმანთანაა შეხამებული. კიდევ უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქამრები და თავსაბურავები, რომლებიც წლების მანძილზე ადამიანების სირთულეებით სავსე ცხოვრების მთხრობელად იქცა და პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვის სიმბოლოდაც შეიძლება წარმოვიდგინოთ.
მუზეუმის სივრცეში მოთავსებული კვარცხლბეკი დროებით ექსტრემისტმა ქალმა მიითვისა. მას სურს, საზოგადოება დღეს გამეფებული დისკრიმინაციული და საზიანო ხედვებისგან გაათავისუფლოს. ვხედავთ მეომარს, რომელსაც მხარს უმშვენებს მისი თანამოაზრის - ილია ჭავჭავაძის პორტრეტი. იქნებ სულაც მეომარი განმანათლებელი ქალის მიერ შექმნილი პერსონაჟია და ჩვენი მანკიერებების შეცვლისკენ კვლავ მოგვიწოდებს და ცდილობს გაგვახსენოს, რომ უფლებები უნივერსალურია.
აკა ფროდიაშვილი კიდევ ერთხელ ჩვეული გულწრფელობით შეეცადა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხების წინ წამოწევას, საკუთარი კოლექცია კი პროტესტის ერთგვარ ინსტრუმენტად აქცია.
დაწერე კომენტარი