ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი, რომლის პროფესიული გამოცდილება მოდის ინდუსტრიის არაერთ წამყვან ბრენდთან თანამშრომლობას უკავშირდება, ამჯერად შემოქმედებითი ხელმძღვანელის ამპლუას ირგებს. მისი ახალი პროექტი - Post-soviet Youth in Power მოდისა და დიზაინის სკოლის, IED Milano-ს ერთ-ერთი კურსის ფარგლებში განხორციელდა, რომლის კონცეფცია აქტივიზმს უკავშირდება და თანამედროვე ეპოქის სხვადასხვა აქტუალურ პრობლემას ეხმიანება.

ჟურნალი Hammock წარმოგიდგენთ ინტერვიუს თაკო ნაცვლიშვილთან. ქართველი მოდელი პროექტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დეტალებზე გვესაუბრება.





თაკო, მოგვიყევით, რატომ აირჩიეთ მთავარ თემად აქტივიზმი?

თავდაპირველად მინდოდა, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელზეც ვიმუშავებდი, ქართულ მოტივებზე ყოფილიყო დაფუძნებული. ასევე მსურდა, რომ ამ პროექტით ძლიერი და საინტერესო შეტყობინებები გადმომეცა. საქართველოს წარსული ისტორიისა და აწმყოს გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანაში აქტივიზმის კულტურა დიდ როლს თამაშობს. დღევანდელი ახალგაზრდები არ უშინდებიან თავისუფალი აზრის გამოხატვასა და იმ პრობლემების გაპროტესტებას, რომლებსაც თანამედროვე რეალობაში ხშირად ვეჩეხებით. ახლა ჩვენს ქვეყანაში აქტივიზმი ისე მძვინვარებს, როგორც არასდროს. 

მეორე მიზეზი იყო ის, რომ მინდოდა ხმა უცხოელებისათვის მიმეწვდინა. მსურდა მეჩვენებინა მათთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ახალი თაობა თავისუფალი, თანასწორობის მომხრე და ადამიანთა უფლებების დამცველია, რადგან სხვა ეროვნების პირებისაგან რამდენჯერმე მსმენია კომენტარი, რომ თითქოს ჩვენ რუსეთის შემადგენელი ნაწილი ვართ ან სულაც ძველმოდურ იდეოლოგიას ვემხრობით. ადამიანთა ნაწილისათვის საბჭოთა კავშირთან დღემდე ვასოცირდებით, მაგრამ  ძირითადად ისეთი ხალხისგან მსმენია მსგავსი აზრი, რომლებიც საქართველოზე მცირე ინფორმაციას ფლობენ და ქვეყანაში ნამყოფებიც კი არ არიან.



მოგვიყევით პროექტის ძირითადი კონცეფციის შესახებ...

 

ახლახან დავამთავრე IED Milano (BAH Marketing & Communications). ეს პროექტი Fashion photography and Styling-ის კურსისთვის გავაკეთე. პროექტის თემაა აქტივიზმი პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. ზოგადად, მოდის ინდუსტრიაში ხშირად ვხვდებით ცნობილი ბრენდების კამპანიებსა და "ედიტორიალებს", რომლებიც მნიშვნელოვან შეტყობინებებს გადმოსცემენ სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკოლოგიურ საკითხებსა და პრობლემებზე. მეც მინდოდა, რომ ჩემს პროექტს მსგავსი დატვირთვა ჰქონოდა და ამ ყველაფრის საქართველოსთან დაკავშირება გადავწყვიტე. პროექტის კონცეფცია უკავშირდება აქტივიზმს და ყურადღება გამახვილებულია ახალ ქართულ თაობაზე, რომლებიც ერთად იბრძვიან თავისუფლებისთვის და ანგრევენ ძველმოდურ და კომუნისტურ იდეოლოგიასა და სტერეოტიპებს.  ამ "ედიტორიალით" მინდოდა, უცხოელი საზოგადოებისათვის მიმეწვდინა ხმა, რათა მეჩვენებინა მათთვის, რომ საქართველოში ახალგაზრდები თანასწორობისა და ადამიანის უფლებებისთვის ვიბრძვით. პროექტმა მოიპოვა ცნობილი გერმანული ონლაინჟურნალის, Kaltblut-ის ყურადღება და ჩემი პროექტი გამოაქვეყნა.



თქვენი პროექტის სათაურია Post-soviet Youth in Power. რასთან ასოცირდება თქვენთვის პოსტსაბჭოთა თაობა?

 

ჩემთვის პოსტსაბჭოთა თაობა ასოცირდება ნათელ მომავალთან, თავისუფლებაზე შეყვარებულ ადამიანებთან, რომელთა ღირებულებები სამართლიანობისა და თანასწორობის ზღვარზე გადის.



როგორ შეაფასებდით მოდას, როგორც კომუნიკაციის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმას?

 

დღევანდელ ეპოქაში მოდა ერთ-ერთი მედიუმია. ის, რაც ადამიანს აცვია, სხვებთან კომუნიკაციის პირველი, არავერბალური გზაა, რომელიც გარშემო მყოფებთან კონოტაციურ შეტყობინებებს გზავნის. არა მხოლოდ ესთეტიკური სილამაზის გადმოცემის, არამედ მისი მფლობელის ღირებულებებისა და პირადი ბრენდის უნიკალური უნარის გამო, მოდა კომუნიკაციის სფეროს ასპექტადაც შეიძლება ჩაითვალოს.




ვინ არიან ადამიანები, რომლებიც გადაღებაში მონაწილეობენ და რა პრინციპით აირჩიეთ ისინი? 

ამ ფოტოსესიისთვის ავარჩიე რეალური აქტივისტები, ჩემი მეგობრები და კოლეგები, ასევე ძლიერი დამოუკიდებელი ქალები და კაცები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოში და საზღვრებს გარეთ. "ედიტორიალში" ასევე გამოყენებულია წარმატებული და დამწყები ქართველი დიზაინერების სამოსი.



პოსტერებიდან ჩანს, რომ პატრიოტული ნარატივიდან დაწყებული, მოდით დამთავრებული, ერთდროულად რამდენიმე თემაზე კონცენტრირდებით. რა ძირითად შეტყობინებებს აგზავნით მნახველებთან?

 

ეს პროექტი რამდენიმე შეტყობინებას აერთიანებს, რომლებიც მხოლოდ საქართველოს კრიზისს კი არა, მსოფლიოს მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს მოიცავს, ხოლო ამ ყველაფრის გამოხატვაში მოდის ინდუსტრია დიდ როლს თამაშობს. პოლიტიკურ ნაწილში გამახვილებულია ყურადღება იმ საკითხზე, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ხაზგასმულია მოტივი, რომ ჩვენ არასდროს მივემხრობით USSR-ის იდეოლოგიას. მინდოდა გამეკეთებინა აქცენტი ქალთა უფლებებზეც, კერძოდ იმაზე, რომ ქალებს არ გაგვაჩნია დაწესებული ლიმიტები და რამდენიმე პოსტერით გენდერული თანასწორობის საკითხებს გავუსვი ხაზი. ასევე გამოყენებული მაქვს პოსტერები, რომლებიც ჰომოფობიის საწინააღმდეგო შეტყობინებებს მოიცავს. ბოლო საკითხად კი ეკო-აქტივიზმი ჩავრთე, რადგან ვთვლი, რომ საქართველოში ამ თემასთან დაკავშირებით ცნობიერება ასამაღლებელია. ეკო-აქტივიზმის ნაწილის გადასაღებად შემოქმედებითი გუნდი წერეთლის მეორადებს ვეწვიეთ, სადაც მთელ სართულებზე ტანსაცმლის უზარმაზარი გორებია აღმართული.



პროექტისადმი ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. როგორ შეაფასებდით პროექტის გავლენას საზოგადოებაზე და რა დამატებითი მოლოდინები გაქვთ ამ წამოწყებასთან დაკავშირებით?

უცხოელებისგან ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა პროექტს, ძალიან ბევრს მოეწონა და მიხარია, რომ დადებითად შეხედეს ამ "ედიტორიალს". ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი უფრო დიდ მასშტაბზე გავა და მასზე დიდი მოდის ჟურნალებიც ალაპარაკდებიან.

CREDITS:

Project & Art Direction and Fashion Styling by Tako Natsvlishvili /
models.com/models/tako-natsvlishvili / Instagram: @takonats

Photography by Butu Bilikhodze / linktr.ee/butu.505 / Instagram: @kaonashi_i
Photography Assistance by Anni Kokaia / Instagram: @annikokaia
Hair & Makeup by Nina Jincharadze /

Models/Activists:
Marisha Urushadze / Instagram: @1marisha_
Mariam Kvashilava / Instagram: @schivarlanoia
Lado Mkheidze / Instagram: @ladomkheidze
Luka Bitchikashvili / Instagram: @lucr3z1a_
Mate Khidasheli / Instagram: @shallymatt
Tamarikono / Instagram: @tamarikono
Mariam Geguchadze / Instagram: @mariamgegu
Tatusha Arveladze / Instagram: @ta2shaarv
Shota Dighmelashvili / Instagram: @shoutahh
Tako / Instagram: @tako.jpg
Mariam Nikolashvili / Instagram: @mariamqera

Models from Look Models Agency / www.lookmodels.ge / Instagram: @lookmodelsmanagement

Brands used are:

Plastic Watcher @plasticwatcher.ge / Avtandil @avtandil.official / Situationist @situationist_official / Vaska @vaska_official__ / Aleksandre Akhalkatsishvili @aleksandreakhalkatsishvili / Gucci @gucci / Burberry @burberry / Chanel @chanel / Marc Jacobs @marcjacobs / Nine Minutes @nineminutes / Materiel @materieltbilisi / Saint Laurent @ysl