წარმოიდგინე:


ტბა. ტბის გასწვრივ გზაა. გზაზე ძაღლი მირბის. მოპსი. მირბის. მირბის. უკან მე მივდევ, როგორც შემიძლია. კიდევ უფრო უკან ფინელი ეინო მოგვდევს ველოსიპედით. უკვე ქანცი გასძვრა და პედალებს ინერციითღა ატრიალებს. ტბაში წყლის ველოსიპედზე კეტა ზის და ცდილობს წყლით გამოგვყვეს, თან პერიოდულად ხელებს იქნევს და ყვირის: “ფრენკიიიიიიი”.

ალბათ, წარმოიდგინე, მაგრამ არც ისე დეტალურად. კეტა და ეინო არ იცი ვინ არიან. ფრენკი - მით უფრო.

თავიდან ასე იყო:

- ძაღლი დავკარგე! - მეუბნება გოგო, რომელსაც დიდი მწვანე ჰუდი აცვია და ტბის პირას, საქანელაზე ზის.

- მოიცა, აქ დაკარგე სადმე?

- ჰო აქ, აბა სად დავკარგავდი?

- და რატო არ მოძებნე? აა, თუ მოძებნე და ვერ პოულობ?

- სულელი ხარ ხო? - ამრეზით მიყურებს, თავს იქნევს და ისევ ტბას აშტერდება.

ფამილიარობა Gen-Z-ის მოგონილია.

- ნიჩივო, დაბრუნდება - ვამშვიდებ.

ისევ მიყურებს, თითქოს რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ თავს იკავებს. ლამაზია. ფართხუნა შარვალზე ფერადი ბოტასები აცვია. ჰუდი, ალბათ, 4-5 ზომით დიდია და რაღაცნაირად ამ ყველაფერს ისე იხდენს, რომ ძალიან ლამაზია.


- რა გქვია? - ვეკითხები.

- კეტა. შენ?

- ალე-კ-სანდრე. - ვხუმრობ, ვითომ.

- ნაღდში სულელი ხარ.

- მართლა კეტა გქვია? ქეთევანი თუ ეკატერინე?

- კეტა არაა საკმარისი?

- ჰო კაი. კეტა იყოს.


ვუყურებთ ყვარლის ტბას, რომლის გარშემოც ტყე ვან-გოგის ფერებშია გადაღებილი. წყალზე ჩამავალი მზის შუქი დამრეცად ეცემა და ზედაპირის გასწვრივ სხივებს ქმნის, თითქოს მხატვარმა ფუნჯი გადაუსვა. ალაზნის ველიდან პერიოდულად გრილი სიო უბერავს და ტბაზე კოხტა ტალღებს ქმნის, ამიტომ ხანდახან გეგონება, რომ ტბა მოძრაობს. თუ სადმე წამის გაჩერება მართლაც შეიძლება, - აი, ეს ადგილია.

- უნდა ვიპოვოთ. - გადაჭრით ვეუბნები კეტას.

- როგორ? - ტბისთვის თვალმოუცილებლად მეკითხება.

- ფილმებში როგორცაა. ჯერ გვინდა გეგმა და მერე ამ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ.

- ჯეიმს ბონდობაზე ოცნებობდი? - მეკითხება ირონიულად.

- შენ გინდა შენი ძაღლის პოვნა თუ პროსტა ირონიის მუღამში ხარ?

პასუხს არ მცემს. ფიქრობს.

- ეგეთი ამბავია, - ვეუბნები - ერთი ვარიანტია რომ შენი ძაღლი ტყეში გავარდა და დაგვერხა მაგ შემთხვევაში, ამხელა ტყეში რას იპოვი და ნუ ვსიო. მეორე ვარიანტია, რომ სადღაცა აქვეა და ვერ პოულობ, ჰოდა ეგეთი ადგილი ამ სასტუმროში სულ რამდენიმეა, ეხლა ავდგებით, ყველგან დავივლით და პატარა გამოძიებას ჩავატარებთ. მოსულა?

- Wannabe Sherlock?

- მიდი, მიდი, უოტსონ, ადექი, წავედით.

ვდგები და ისე ვბრუნდები სასტუმროსკენ, რომ კეტას არც ველოდები. ზურგს უკან მესმის:

- ეე, მოიცა, სად მიდიხარ?!

- მალე თორე დაღამდება სადაცაა..

- ეე, დამიცადეე..

მორბის. 


სინამდვილეში წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა ვიპოვო ეს ძაღლი, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ კარგად დავფიქრდები, რამეს მოვიფიქრებ. სასტუმროს ფოიეში შევდივარ და პირდაპირ მიმღებ ოპერატორთან ვაჭრი.

- შეგიძლიათ სასტუმროს გეგმა მოგვცეთ?

- უკაცრავად?

- გეგმა რა, სქემა, რამე ნახაზი. ყველაფერი რომ აღნიშნული იყოს რა, ყველა ოთახი და სივრცე.

ოპერატორი ისეთი თვალებით მიყურებს, ბოლომდე ვერ ვხვდები უბრალოდ გაკვირვებულია თუ ეხლა დახლს ქვემოდან ვინჩესტერს ამოიღებს, გადატენის, მომიშვერს და “მარტო სახლში 2-ში” რომ კევინი ფილმს უყურებს, იმის პერსონაჟივით მეტყვის: “ეხლა სამამდე დავითვლი და შენი ფეხი აღარ იყოს აქ!” მერე უკუთვლას დაიწყებს და მეც ადგილიდან მოვწყდები. მაგრამ არა. მოთმინების გამოცდას ათიანზე აბარებს და კორექტულად მეუბნება: “უკაცრავად, ასეთ სქემას ვერ მოგცემთ, თუ რომელიმე კონკრეტული სივრცე გაინტერესებთ, მზად ვარ დაგეხმაროთ”. კონკრეტული სივრცე. ჰმ. მგონი მივხვდი რაშიცაა საქმე.
- კეტა, შენი ძაღლის ჯიში..

- ჰა? ა, ოკ.. Pug.. როგორ იქნება ქართულად..

- ფაგ.. მმ.. ფაქ.. არ ვიცი.. მოიცა დავგუგლოთ.

Pug = მოპსი.

- ხორცი უყვარს?

- არა, ვეგანია.. რომელ ძაღლს არ უყვარს ხორცი?

- ჰოდა, რესტორანში მოძებნე?

- მოვძებნე. მერე?

- კაი.. მმ.. სამზარეულოში?

კეტა სკეპტიკურად მიყურებს.

- კი, მზარეულებს ეხმარება ხინკლის მოხვევაში..

- არა, ნახე, შეიძლება სუნს შეჰყვა და სადმე არის ჩაცუცქული თავისთვის, მზარეულები კიდე საქმეში არიან გართულები და ვერ ამჩნევენ.. წამო.




ეს არის ის, საოცრება რომ უნდა მომეფიქრებინა? რა ჩაცუცქული. ჯანდაბას. რაც არის - არის. პირველად რესტორნის სივრცეში შევდივართ. დიზაინი გემოვნებით შეურჩევიათ, კედელს კოხტა პანო ამშვენებს, სამზარეულოს სივრცე დიდი შუშითაა გამოყოფილი, კულინარიული პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის. სასტუმროს რეზიდენტებს ყურადღებას არ ვაქცევ, პირდაპირ სამზარეულოს კარს ვეჯაჯგურები, “უკაცრავად, მანდ არ შეიძლება შესვლა” - ზურგს უკანღა მესმის ხმა. შევდივარ.

- ძაღლი ხომ არ გინახავთ? მოპსის ჯიშის ძაღლია. ჰქვია.. - კეტას ვუყურებ, - რა ჰქვია ძაღლს, მითხარი..

- ფრენკი..

- ფრე.. რა? მართლა ფრენკი ჰქვია?

- ჰო, რა იყო..

- ფრენკი ჰქვია! - ხმამაღლა ვასრულებ განცხადებას. ან აქაც გადავრჩები, ან რომელიმე ტაფა მომხვდება თავში. ჯანდაბას. სანამ მზარეულები გონზე მოსვლას მოასწრებენ, ზურგს უკან მოწეული ხმის პატრონი უკვე აქაა:

- უკაცრავად, ამ სივრცეში შესვლა არ შეიძლება, თუ რაიმე კითხვა გაქვთ, მე გიპასუხებთ. - მეუბნება ოფიციანტი და მუდარანარევი თვალებით მიყურებს.

- ფრენკის ვეძებთ - ამბობს კეტა.

- ვის?

- ძაღლს! სამზარეულოშია, იმალება - ვპასუხობ.

- უკაცრავად, მაგრამ ძაღლი ვერ შევიდოდა სამზარეულოში. სამზარეულოს სივრცეში განსაკუთრებულად კონტროლდება ყველაფერი, გამორიცხულია.

- აბა სად იქნება? - საუბარში ისევ კეტა ერთვება.

- არ ვიცი, როგორ გითხრათ აბა..
 

კეტა გვერდით გამყავს. “გჯერა რასაც გვეუბნება?” - გამომცდელი მზერით ვეკითხები. “რატო არ უნდა მჯეროდეს”. “არავის ნდობა არ შეიძლება ჩვენს დროში!” - ვამბობ და ვგრძნობ, რომ უკვე ისეთ ეშხში შევედი ამ გამოძიების კვალდაკვალ, თავი მართლა შერლოკ ჰოლმსი მგონია. “სივრცე მეორე: საკონფერენციო დარბაზი” - ვამბობ და ჩქარი ნაბიჯით მივდივარ დანიშნულების პუნქტისკენ. კეტა ისევ უკან მომჰყვება. “მემგონი მართლა შეშლილი ხარ, მარა why not, ok, funny” - ზურგს უკან მესმის.

საკონფერენციო სივრცის კარი დაკეტილია.

- შევანგრიოთ. - ვთავაზობ კეტას.

- უბრალოდ, მენეჯერს რომ ვთხოვოთ გაღება?

- მმ.. ჰო, შეიძლება არც ეგაა ცუდი იდეა.

მენეჯერი გულითადად ეკიდება ჩვენს თხოვნას და კარს გვიღებს, თუმცა წინასწარ გვაფრთხილებს, რომ შეუძლებელია ძაღლი იქ შესულიყო და ვერ შეემჩნიათ.

- თქვენ არ იცით ახლანდელი ძაღლები როგორები არიან.. - ვეუბნები - ოცდამეერთე საუკუნეა, ხო გესმით..

დიდად არც მენეჯერს ესმის ეს რა შუაშია და პრინციპში, არც მე, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ დარბაზი მართლაც ცარიელია, ფრენკი აქ არაა.

- სხვა ხომ ვერაფრით დაგეხმარებით? - გვეკითხება მენეჯერი.

- არა, მადლობა.. - ამბობს კეტა.

- სასტუმროს სქემას თქვენც ვერ მოგვცემთ? სრული ნახაზი გვჭირდება, ყველა კუთხე-კუნჭულით.

სანამ მენეჯერი გაოცებისგან გამოერკვევა, კეტა მუჯლუგუნს მკრავს. “წავედით” - მეუბნება და ფოიესკენ მივყავარ.

- მაინც ყურადღებით იყავით, შორს ვერ წავიდოდა! - ვეძახი მენეჯერს და კეტას მივყვები.

 ფოიედან გარეთ გავდივართ. უკვე დაღამებულა და თუ დღისით ტყე იყო ვან-გოგის დახატული, ახლა ისევ მისივე ნამუშევარია, ოღონდ ცაზე - “ვარსკვლავებიანი ცა ყვარლის ტბაზე” - ალბათ, ასე დაარქმევდა ამ მოწინწკლულ მოკაშკაშე ტილოს.


- ძაღლს არასოდეს ვიყოლიებ. - ვამბობ.

- ე, რატო? - გაკვირვებული მიყურებს, - არ გიყვარს?

- არა, პირიქით. ძაან მიყვარს.

- აბა, მაზოხისტი ხარ?

- არა.. მყავდა, ბავშვობაში. ჩემმა ძმამ მომიყვანა, შავი კულულა ბეწვი ჰქონდა, ისეთი საყვარელი პუდელი იყო.. ჩაპა დავარქვი..

- აჰა, ok, მივხვდი.. შენც ის როჟა ხარ, მერე ვეღარ იცლიდი, ყურადღებას ვერ უთმობდი და მიხვდი რო ძაღლი შენი თემა არაა და იმედია ვინმეს მაინც აჩუქე და ქუჩაში არ გაუშვი - მეუბნება კეტა უკმაყოფილოდ.

- სულაც არა. კიდეც ვიცლიდი და კიდეც ვზრდიდი, სანამ ვიღაც მთვრალი ტიპი ჩემი უბნის ვიწრო ქუჩაზე მანქანით არ შემოვარდა და კინაღამ ეზოში მოთამაშე ბავშვებს გადაგვიარა.. ჩვენ გადავრჩით, მოვასწარით მიმოფანტვა. ჩაპამ ვერ მოასწრო.

- ფაქ.. sorry..

- იმ ტიპს მაგრად ეკიდა. დატყდა ეგრევე. ჩაპა კიდე სახლის უკან დავასაფლავე.

უხერხულად ვდუმვართ.

- მემგონი საუკეთესო დრო არ იყო ახლა ამის მოსაყოლად - უცებ ვხვდები უადგილობის კონტექსტს.

- არა უშავს. აქ მანქანები მაინც არ დაქრიან. ფრენკი მაქსიმუმ ტყეში დაკარგულიყო. მართალი იყავი.

- მაინც ვიპოვით. - ვამშვიდებ კეტას და ვფიქრობ, - ნომრები დაგვრჩა.

- რა?

- ნომრები.

- და ნომრებში როგორ ვნახავთ, ხალხს შევუვარდებით ეგრევე?

- შევარდნა რა საჭიროა? სახელს რომ ეძახი, რეაგირებს?

- კი.. რაღაც პონტში..

- ვსიო.. ყველა ნომერთან მივალთ და დავიძახებთ: “ფრენკიი!” საიდანაც პასუხს მივიღებთ, ეგაა.

- და რას გვეტყვის, “აქა ვაარ” - დაგვიძახებს თუ რა?!

- მივხვდებით დამიჯერე, ოცდამეერთე საუკუნის თაობის ძაღლია.. ეგრე ვერავინ დაჩაგრავს..

ორივეს უხერხულად გვეცინება.. მაინც ვიპოვით. For Chappa, For Franky! Freeedooom!


ნახე ეხლა რა ხდება: ამ სასტუმროში 41 ნომერია, 4 სართული. თუ ყურადღებით ჩამოვივლით, შეუძლებელი არაფერია. ქვედა სართულებიდან ვიწყებთ. რატომღაც ჩავთვალეთ, რომ თუ “ბოროტმოქმედი”, რომელმაც ფრენკი მიისაკუთრა ერთ-ერთ ნომერშია, ასე ნაკლებად გაგვექცევა ან დაგვემალება. ფილმებში ხომ ეგრეა ხოლმე, ბოლოს ბოროტმოქმედს სახურავზე უწევს ასვლა და გადამწყვეტ სცენაში სახურავის კიდესთან დგას, მთავარი გმირი იარაღს უმიზნებს და ეუბნება: “ახლა ვეღარსად წამიხვალ, ჩამბარდი”, ბოროტმოქმედი კი ცდილობს რაიმე მოიფიქროს. თუ გაუმართლა, მისი მეწყვილე ამოფრინდება ვერტმფრენით, ესეც შეახტება და ჰაიდა, სდიე. ან გადახტება და სანამ მთავარი გმირი მიირბენს და აღმოაჩენს, რომ დაბლა რაღაც რბილზე დახტა, უკვე გვიანია დევნა. იშვიათ შემთხვევაში, რომ ჩაბარდეს, ან თავი შეაკლას. ერთი სიტყვით, ქვედა სართულებიდან ჯობია დაწყება.

- ფრენკიი - სასხვათაშორისოდ ვიძახი ყველა კართან.

- ფრენკიი - ყვირის კეტაც.

მოდი, დაწვრილებით არ მოგიყვები, როგორ ავიარეთ ქვედა სამი სართული. მხოლოდ იმას გეტყვი, თუ რა მოხდა მეოთხე სართულზე, 404-ე კართან.
 

- ფრენკიი.. - უკვე 403-ე კართან ვართ, როცა მოულოდნელად 404-ე კარი იღება და იქიდან თმაშეჭაღარავებული მაღალი კაცი ყოფს თავს.

- Are you looking for someone? - გვეკითხება არცთუ ინგლისური აქცენტით.

“ნაღდში ამას ჰყავს” - ხმადაბლა ვეუბნები კეტას.

- Yes. And we know what you are hiding in your room.

- Sorry, what?

- We know everything! - მხარს მიბამს კეტა და უცნობს გამჭოლი მზერით უყურებს. მამაკაცი ნომრიდან გამოდის და გვიახლოვდება.

- Why me? I have nothing to hide from you.

“ოჰ, გამოვიდა მამა აბრამის ბატკანი..” 

- Really.. You can come in..

“შევიდეთ?” - ეჭვით ვეკითხები კეტას. “წამო” - მპასუხობს.

- Yes, we would like to..




მამაკაცი ხელით მიპატიჟების ჟესტს აკეთებს. ნომერში შევდივართ. ნომერი ისეთი ჩაპიწკინებულია, გეგონება სულ ეს წამია რაც მაცხოვრებელი შემოვიდა და ჯერ ხელი არაფრისთვის უხლია. ხით გაფორმებულ კედელთან კომფორტული საწოლი და ხისავე ტუმბოები დგას, სიფრიფანა ფარდებს მიღმა კი აივანი მოჩანს, რომლიდანაც ღამე რომ არ იყოს, ალაზნის ველსაც გადახედავდა კაცი.

- Are you living here for sure? - ვეკითხები.

- I hate the mess.. - მოკლედ მპასუხობს, - So, did you find what you were looking for?

რაც მართალია, მართალია, ფრენკი არც აქაა.

ამას მოჰჰყვება ბოდიშების კასკადი, ქართულად ინგლისურად, ჟესტებით, თავის დახრით, წელში მოხრით, თავში ხელების წაშენით და ერთი სიტყვით, ყველაფრით, რითაც შეგვეძლო. გვეუბნება, რომ ფინელია, სახელად ეინო ჰქვია და აქ ორი კვირითაა ჩამოსული, განტვირთვისთვის. ჩვენც ვუხსნით, რომ კეტას ძაღლს ვეძებთ, მოპსის ჯიშის, ასეთს და ასეთს, სახელად ფრენკის და ა.შ.

- So lets find him! I’m going with you! - ამბობს ეინო.




“აა.. ისაა..”, “ჰო, მაგრამ”.. “buut…” და მსგავსი რეპლიკების შემდეგ Suicide Squad მზადაა. ფოიეში კიბით ჩამოვდივართ, რომ არცერთი კუთხე არ დაგვრჩეს უნახავი, - მე, კეტა და ეინო. გარეთ გასვლისას ვხვდებით, რომ უკვე კარგა გვიანაა, სავარაუდოდ ყველას სძინავს და ისედაც, სასტუმროში ფაჩუნს ნაკლებადღა აქვს აზრი, თუ ფრენკი არც სარესტორნე სივრცეშია, არც სამზარეულოში, არც საკონფერენციო დარბაზში, არც ფოიესა და დერეფნებში და არც ნომრებში, მაშინ ერთადერთი საეჭვო ადგილი რჩება: ახლომდებარე შენობა სპა-ოთახებით, აუზითა და გასართობი სივრცით. შენობამდე მისასვლელად კი ტყეში საგულდაგულოდ განათებული ბილიკი უნდა გავიაროთ, ბარემ გზადაც შემოვძახებთ ერთი-ორ “ფრენკიი”-ს, იქნებ გაგვიმართლოს.

- So.. why did you decid…

Ok. wait. ვინაიდან ამბავში უცხოენოვანი პერსონაჟი შემოიჭრა, მეც რომ არ ვიწვალო და შენც არ გაწვალო, მოდი, შევთანხმდეთ, რომ ტექსტის შემდგომ დიალოგებში გმირები ქართულად ისაუბრებენ, თუმცა ცხადია ეინო ინგლისურად ეკონტაქტება კეტას და მთხრობელს. ნუ, ფინალამდე ასე იყოს. Deal? მადლობა.

- ჰოდა.. ისე, რატომ გადაწყვიტე ასე გვიან ღამით ორ უცნობ ადამიანს ძაღლის მოსაძებნად წამოგვყოლოდი? - ვეკითხები ეინოს და ტყის ბილიკს მივუყვები.

- მაინც ვერ ვიძინებ. რა ვაკეთო ოთახში. ასე კი, უფრო საინტერესოა - ამბობს ეინო და უზრუნველად იყურება აქეთ-იქით.

ჯეტლეგი? - ეკითხება კეტა.

- არა, ინსომნია. ამიტომ ვარ აქ. ექიმმა მირჩია გარემო გამომეცვალა, სადმე უცხო და განსხვავებულ ქვეყანაში წავსულიყავი და კარგად დამესვენა. მესამე დღეა რაც აქ ვარ და გამთენიისკენ მაინც მეძინება ხოლმე, ეგეც კაია..

- მე მთელი ცხოვრებაა აქ ვარ და სულ მეძინება - ვამბობ. კეტა იცინის. ეინო ბოლომდე ვერ ხვდება ამ სასოწარკვეთილ ხუმრობას.

- ფინეთში მოკლე დღეები და გრძელი ღამეები იცის, - აგრძელებს ეინო, - თითქოს მაგიტომ სულ უნდა გეძინოს, მაგრამ პირიქითაა, ვეღარავინ იძინებს.

ამასობაში დანიშნულების პუნქტსაც მივადექით. დღე-ღამის ამ დროს, რა გასაკვირია და დაკეტილი გვხვდება. დახურულ სივრცეებში ფრენკი ნამდვილად ვერ იქნება, დაკეტვისას შეამჩნევდნენ, აი, რაც შეეხება შენობის სახურავზე, ღია აუზს..

- აუზი! - ყვირის კეტა! - აუ, უეჭველი აუზში იქნება! აუუ! ჩემი ფრენკიი

- კაი, ნუ პანიკობ - ვამშვიდებ, - ვნახოთ ჯერ..

შენობის სახურავზე ავდივართ. აუზი ცარიელია. ეინო, რომელსაც არ ესმოდა, რომ ფრენკის აუზში ყოფნა ვიეჭვეთ, გაკვირვებული გვიყურებს:

- აუზში გეგონათ ძაღლი? გვიანი შემოდგომაა, ვინ ავსებს ასეთ დროს ღია აუზს წყლით?

- შენ არ იცი ოცდამეერთე საუკუნის ძაღლები.. წყალი სულ არ სჭირდებათ, აუზში რომ ჩავიდნენ. - ვეუბნები ეინოს სერიოზული სახით. ვერაფერს ხვდება და ხელს იქნევს.

- არც აქაა. - ამბობს კეტა გულისწყვეტით.

- ერთადერთი ადგილი რჩება, პირსი. - ვამბობ ინგლისურად, რომ ეინომაც გაიგოს.

- ვინ? - კითხულობს ეინო.

- რა ვინ.. პირსი რა, ნავმისადგომი, ნავები და წყლის ველოსიპედები სადაცაა გაჩერებული, ტბაზე..

- ჰო, მარა, მანდ უკვე მოვძებნე. - მპასუხობს კეტა.

- ნაპირზე რო ნავები ალაგია, პირქვე, მაგათ ქვეშაც ნახე?

- მაგათ ქვეშაც შეიძლება იყოს?

- რატო ვერ იქნება რო?

- რანაირად შეძვრებოდა?

- ეე, შენ არ იცი ოცდამეერთე..

- გეყოფა, ყელშია უკვე ეგ ჯოუქი - მაწყვეტინებს კეტა და სწრაფი ნაბიჯით მიდის კიბისკენ. ეინოც მიჰყვება.

- რავი, ბევრჯერ რო ვიმეორებ, უფრო კაი ხუმრობაა - ვამბობ ჩემთვის და მივყვები.




არც სასტუმროს სარესტორნო სივრცე, არც სამზარეულო, არც საკონფერენციო დარბაზი, არც ნომრები, არც ეზო, არც სპა-შენობა, არც აუზი, არც ტყე თავისი განათებული ბილიკით და აი უკვე არც ნავმისადგომი (კი, ნავების ქვეშაც ვნახეთ. ავტ. შენ.). ფრენკი არსადაა. თავის დასაზღვევად წყვდიადის მიუხედავად ტბასაც კი დავარტყით წრე, ველოსიპედების პარკინგიც მოვიარეთ, ტერასაც. ყველაფერი, ყველა კუთხე-კუნჭული. ფრენკი არსადაა. ვცდილობდი უკანასკნელ იმედს მოვჭიდებოდი, მაგრამ ვუყურებდი კეტას და ვგრძნობდი რომ მისთვის ეს იმედი მე გავაჩინე და მევე გავაცრუე.

უკვე ღონემიხდილები ნავმისადგომთანვე ჩამოვსხედით. მე იქვე, ბალახზე “დავეფინე”, კეტა ფიცარნაგის მოაჯირს მიეყრდნო. ეინოს ამასობაში პარკინგიდან ველოსიპედის გამოყვანა მოესწრო, იქვე მიეწვინა და მასთან იჯდა. ყვარელში ვან გოგის “ვარსკვლავებიან ღამეს” ნელ-ნელა მონეს “შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა” ცვლიდა. მე და კეტას ხმის ამოღების თავიც აღარ გვქონდა. ეინო კი, რომელიც ბოლო დღეებში გამთენიისას ჩაძინებას მიჩვეულიყო, თავის ძველ “მე”-ს დაუბრუნდა და სრულიად ფხიზლად იყო. 

- მხატვრობა გიყვართ? - იკითხა ჩვენი დუმილის შემყურემ.

თავი დავუქნიეთ.

- ეს ტბა კეიტელეს ტბას მაგონებს. - თქვა და ყვარლის ტბისკენ მიგვითითა, რომელსაც უკვე მზის შუქი დასცემოდა და ისევ გამჭოლ სხივებს ქმნიდა. - კეიტელე ფინეთშია. ჩვენმა დიდმა მხატვარმა, აკსელი გალენ-კალელამ დახატა ერთხელ. აი, ეს სხივები კეიტელეზეცაა. ფინელები ამბობენ, რომ ეს ვაინამოინენის ნავის კვალია. იცით ვაინამოინენი?

თავი გავაქნიეთ.

- ჰოო.. კალევალაშია.. ჩვენს ეპოსში.. ვაინამოინენი სამყაროს ძლევამოსილი ღმერთკაცია. ეგრე მთავრდება ვაინამოინენის ამბავი, ეტყვიან, სადღაც სამყაროში  ჩვილი დაიბადა უმანკო ჩასახვითო. ვაინამოინენი იტყვის, საეჭვოა ეგ ამბავი და ეგ ჩვილი უნდა განადგურდესო. მაგრამ სულ ორიოდე კვირის ბავშვიც კი უკვე ისეთი ძლიერია, რომ ვაინამოინენს ამარცხებს. ასე ჰყვება კალევალა ახალი მესიის დაბადების ამბავს. ვაინამოინენი თავის ნავში ჯდება და კეიტელეს ტბაში შედის, ადამიანებს კი უბარებს, ამიერიდან ამ სამყაროს ახალი ღმერთკაცი ჰყავს, მე კი აღარაფერში გადგივართო. თუმცა გავა დრო და როდესეც ჩემი ძალა ისევ დაგჭირდებათ, მე დავბრუნდებიო. ამბობს ასე და შეცურავს. ფინელები ამბობენ, რომ სწორედ ვაინამოინენის ნავისგან დატოვებული კვალია მზის შუქზე სხივებად რომ იწელება კეიტელეს ტბაზე..

- მადლობა ეინო, რა საინტერესოა - ვეუბნები და ვუღიმი.

- ყვარელშიც ვაინამოინენმა ჩაიარა? თუ თქვენც გყავთ თქვენი ღმერთკაცი?

- როგორ გითხრა აბა.. შეიძლება ღმერთკაცი არა, მაგრამ ჩვენც გვყავს ისტორიაში ერთი დიდებული კაცი, ყვარელს რომ უკავშირდება.

- ჰოო, კარგია, ე.ი. მაგის ნავის ნაკვალევია ამ ტბაზე. - ამბობს ეინო.

- შეიძლება, ვინ იცის, იქნებ ასეცაა. - ვპასუხობ და ვუყურებ მზის სხივებს ტბაზე.

ვსხედვართ ასე გაუნძრევლად. დაღლილები და მოწყენილები. რთულია შეგუება იმ აზრთან, რომ ამდენი ტყუილად ვიწვალეთ. ფრენკი, ალბათ, მართლაც სადმე ტყეში დაიკარგა და ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ. რამდენიმე წუთის შემდეგ კეტა წყლის ველოსიპედზე ჯდება.

- ეგ ფინელი ღმერთი არ ვიცი, მაგრამ ტბაზე მაინც გავისეირნებ. - ამბობს კეტა.

- წამოგყვები. - ვეუბნები.

- არა, ეხლა მარტო მირჩევნია. - მპასუხობს.

არ ვეწინააღმდეგები. მესმის. წყლის ველოსიპედის პედალებს ატრიალებს და ნაპირს შორდება. ორიოდე მეტრიც არ აქვს გავლილი, რომ მე და ეინო თითქმის ერთდროულად ვამჩნევთ, როგორ მორბის ტბის გასწვრივ გზაზე რაღაც პატარა არსება.

- ფრენკი?! - პირველივე აზრი, რაც თავში მომდის.

- ეგაა? - კითხულობს ეინო.

- კეტა! ფრენკია?! - ვუყვირი კეტას.

კეტა ჩერდება და გაფაციცებული უყურებს არსებას. ძაღლია. აშკარად ისაა, ფრენკია.

- ფრენკიიი! - ყვირის კეტა.

ამ დროს სასტუმროდან ახალგაზრდა წყვილი გამორბის. ძაღლი მათთან მირბის. თავზე ბაფთა უკეთია. გოგო ხელში იტაცებს და იხუტებს.

- ეეე, ნენსიიი, როგორ გვანერვიულეე, სად იყავიი! - ზლუქუნებს გოგო. ბიჭიც ეხუტება. ძაღლი გამალებით ლოკავს გოგონას. - კიდევ კარგი გამოჩნდი, დღეს გავდივართ და ვეღარც გიპოვიდიით.

გაშტერებულები ვუყურებთ ამ ოჯახურ პორტრეტს ექსტერიერში. ხან კეტას გადავხედავ, ხან ბედნიერ ოჯახს. რა ნენსი. Who is Nancy?! კეტა კიდევ უფრო დაზაფრული ჩანს. გოგონა ძაღლს ეხუტება და ეფერება. ტრიალდებიან და სწრაფად შედიან სასტუმროში. შოკიდან ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ, როცა ტბის გასწვრივ გზაზე კიდევ ერთი პატარა არსება მორბის.

- ეინო, შენც იმას ხედავ რასაც მე?

- ინსომნია. - ამბობს ეინო.

- ჰალუცინაციები. - ვპასუხობ თავის დაქნევით.

გზაზე პირველის იდენტური ძაღლი მორბის ოღონდ პირველისგან განსხვავებით ეს მეორე ბაფთის გარეშეა წარმოდგენილი. დაბნეულობისგან პირველი ისევ კეტა გამოერკვევა და ახლა უკვე ორმაგი ძალით ყვირის.

- ფრენკიიიიი!

აი, ახლა კი უფრო ნათლად წარმოიდგინე:


ტბა. ტბის გასწვრივ გზაა. გზაზე ძაღლი მირბის. მოპსი. მირბის. მირბის. უკან მე მივდევ, როგორც შემიძლია. კიდევ უფრო უკან ფინელი ეინო მოგვდევს ველოსიპედით. უკვე ქანცი გასძვრა და პედალებს ინერციითღა ატრიალებს. ტბაში წყლის ველოსიპედზე კეტა ზის და ცდილობს წყლით გამოგვყვეს, თან პერიოდულად ხელებს იქნევს და ყვირის: “ფრენკიიიიიიი”.

წარმოიდგინე? ჰოდა ასე გრძელდება:

- ძაღლი ხომ არ დაგინახავთ? - სასტუმროში გიჟივით შევრბივარ და პირველივე ადამიანს ვეკითხები.

- რა?

- ძაღლი, ძაღლი.. აქ შემოვარდა.. მოპსი, მოპსი!

- რას კადრულობთ?! - იჯაგრება შუა ხნის მამაკაცი..

- მოპსი, ანუ ჯიშია.. კაი ხო - “აზრიარაქვს” გამომეტყველებით ვანებებ თავს.

უცებ მიწიან ნაკვალევს ვხედავ და სწრაფად მივყვები. მესმის, რომ ჩემს უკან ეინო შემორბის. იმავე კაცს რაღაცას უხსნის, თან ინგლისურად, თან შიგადაშიგ ფინური სიტყვებით.. “მოოპსიი, მოოპსიი” - ხმამაღლა უყვირის. “თქვენ სულ გადაირიეთ, ვინაა ეს ხალხი?!” - ისმის მამაკაცის აღელვებული ხმა. ეინოც ჩემკენ გამორბის. ნაკვალევს ტერასისკენ მივყავარ. გავრბივარ ტერასაზე და ჰოპ: ფრენკი ტერასის განაპირა სავარძელზე ზის და თითქოსდა ალაზნის ველს გაჰყურებს. მოაჯირს ქვემოთ დამსვენებელი წყვილის მანქანა იძვრება და ნელ-ნელა სცილდება ტერასას. მანქანის უკანა ფანჯრიდან სევდიანი თვალებით იყურება ძაღლი, რომელიც ფრენკის ძალიან ჰგავს, ოღონდ მისგან განსხვავებით თავზე ბაფთა უკეთია. ეინო უკვე ჩემს გვერდითაა და ჩემთან ერთად აკვირდება ამ უცნაურ სურათს, როცა კეტა შემორბის. “ფრენკიი, ფრენკიი” - კივის სასოწარკვეთილი. “აქაა” - ვეუბნები. კეტა ფრენკის იხუტებს, მე ეინოს ვუტრიალდები:

- მანქანის ნომერი დავიმახსოვრე. - ვეუბნები.

- Löydämme hänetkin - ამბობს.

- რა-ეტკინ? - ეინოს ვუყურებ.

- We will find her as well! - მპასუხობს თავდაჯერებულად.

- აბა რა. ეჭვი არ მეპარება. - ვამბობ და სამივე ვიცინით.

უკაცრავად, ოთხივე.