რესტორანი “ველერი” ორგანიზაცია “ჩართესთან” თანამშრომლობით 18 ნოემბერს საქველმოქმედო ვახშამს მასპინძლობს. რესტორნის მენიუ შუააღმოსავლურ კერძებს აერთიანებს და იქ მისულ სტუმრებს ყოველთვის სასიამოვნო საღამოს ჰპირდება. 18 ნოემბერს ორგანიზებული ვახშმისათვის ლონდონელი შეფმზარეული სტუმრებს თანამედროვე ინდური კერძებით, თემატური კოქტეილებითა და ბიოდინამიკური მეთოდით დამზადებული ღვინით გაუმასპინძლდება.
“ველერის” დირექტორის კაწია სამსნაძეს თქმით, საქველმოქმედო ვახშმის იდეა რესტორნის გახსნასთან ერთად გაჩნდა. შთაგონება TED Talk-ის პროექტიდან - Whole in the Wall მომდინარეობს, სადაც ინდოელმა მეცნიერმა სუგატა მიტრამ განაცხადა, რომ თუ მოზარდებს საინფორმაციო წყაროებთან ხელი მიუწვდებოდათ, ისინი განათლების მიღებას დამოუკიდებლად, უფროსების დახმარების გარეშე მოახერხებენ.
“კვლევის შედეგად გავარკვიეთ, რომ charte.ge იდენტურ იდეაზე უკვე წლების განმავლობაში მუშაობდა. შესაბამისად, “ველერმა” charte.ge-სთან თანამშრომლობა იმისთვის დაიწყო, რომ შეგროვებული სახსრები ამ საქველმოქმედო მიზანს ეფექტიანად მოხმარებოდა. მეტი მოტივაციისთვის შევეცადეთ, რომ “ველერში” მოსული სტუმრებისათვის განსაკუთრებული საღამო მოგვეწყო და მათთვის ისეთი კულინარია შეგვეთავაზებინა, რაც თბილისში ნაკლებად ხელმისაწვდომი, უცხო და კრეატიულია. საქველმოქმედო იდეაზე მოვუყევით ევროპის დიდ ქალაქების წამყვან შეფმზარეულებს და მონაწილეობაზე ბევრი მათგანის თანხმობაც მივიღეთ. რადგანაც ჩვენი იდეა ინდოელი მეცნიერის პროექტზე დაყრდნობით დაიბადა, ვიფიქრეთ, რომ ამ საქველმოქმედო სერიების თანამედროვე ინდური კულინარიით დაწყება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ამიტომ ლონდონიდან მოვიწვიეთ ინდური წარმოშობის ბრიტანელი შეფმზარეული, რომელიც ღონისძიების სტუმრებს “ველერის” გუნდთან ერთად ძალიან საინტერესო მენიუთი გაუმასპინძლდება”, - ამბობს კომპანიის დირექტორი კაწია სამსნაძე.
საქველმოქმედო ვახშმის მიზანი სოციალურად დაუცველი მოზარდების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. ორგანიზაცია “ჩართეს” გუნდი სოციალურად დაუცველი მოსწავლეების განათლების ხარისხის ამაღლებაზე აქტიურად მუშაობს და რესტორან “ველერთან” სწორედ ამ მიმართულებით თანამშრომლობას ისახავს მიზნად. “ველერისა” და “ჩართეს” ორგანიზებით მოწყობილი საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსული თანხით მოზარდებს საჩუქრად ინტერნეტის ერთწლიან პაკეტსა და კომპიუტერებს გადასცემენ. ვახშმის ღირებულება 180 ლარს შეადგენს.
“ველერის” წარმომადგენლების განცხადებით, პირველი ღონისძიების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, 2022 წლიდან რესტორანი სტუმრებს არაერთ საინტერესო საქველმოქმედო და თემატურ საღამოს შესთავაზებს.
დაწერე კომენტარი