28 ოქტომბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით თიბისი კონცეპტის სივრცე საერთაშორისო ხელოვანთა გამოფენას მასპინძლობს, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი ნამუშევრები არტისტების შემოქმედებაზე ციფრული ეპოქის გავლენას ასახავს. გამოფენის სათაური „ციფრული მკვიდრები” პოეტისა და ინტერნეტაქტივისტის, ჯონ პერს ბარლოუს ტერმინია და იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებსაც ინფორმაციული ეპოქის განვითარების კვალდაკვალ ციფრულ ტექნოლოგიებთან ადაპტირება ადრეული ასაკიდანვე მოუხდათ. ეს არის გამოფენა ინტერნეტზე, რომელიც იმ მთავარ კითხვაზე სცემს პასუხს, თუ როგორ რეფლექსირებენ ხელოვანები არსებულ რეალობაზე. არტისტთა ნამუშევრები ერთ დიდ ქსელს ქმნის, რაც ისეთივე ეკლექტური და მრავლისმომცველია, როგორც თავად ინტერნეტი. როგორც გამოფენის კურატორი ნინა კინწურაშვილი აცხადებს, ექსპოზიციის ნამუშევრები გლობალური ფენომენის ერთ კონკრეტულ ასპექტს ეხება, სადაც არტისტები ციფრულ რეალობაზე როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად რეაგირებენ. გამოფენა, რომლის იდეაზე მუშაობა კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდმა გამოიწვია, 10-ზე მეტ საერთაშორისო ხელოვანს აერთიანებს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, რომლებიც ორ სხვადასხვა სივრცეშია განთავსებული, დამთვალიერებელს ციფრული აუდიოვიზუალური შოუს მონაწილედ აქცევს და ხელოვანთა სამეტყველო ენის სპეციფიკას სხვადასხვა მედიუმში წარუდგენს.
“არსებობს წარმოდგენა, რომ ინტერნეტი - ეს არის გლობალური ფენომენი, თუმცა გამოფენა ამ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს და ცდილობს გამოყოს ინტერნეტის ის ლოკალური ფორმირებები, რომლის ჩამოყალიბებაზეც ამა თუ იმ სოციალ-პოლიტიკურმა კონტექსტებმა იმოქმედა. ამისთვის გადავწყვიტე წარმომედგინა რამდენიმე ისეთი არტისტი, რომელთა ნამუშევარშიც იგრძნობა ლოკალური კონტექსტით დაინტერესება,” - ამბობს გამოფენის კურატორი ნინა კინწურაშვილი. “ძალიან ხშირად დასავლეთშიც, როდესაც მუზეუმები და გალერეები გამოფენენ ამგვარ ნამუშევრებს, იგრძნობა აღფრთოვანება ტექნოლოგიური სიახლეების და ახალი მედიუმების მიმართ. თუმცა, ამ შემთხვევაში მე მაინტერესებდა ინტერნეტის უფრო ისტორიულ ჭრილში განხილვა და მისი არა როგორც ტექნოლოგიური სიახლის, არამედ როგორც კულტურული და საზოგადოებრივი ფენომენის გამოკვლევა. ...ციფრული სხეულები, რომლებიც ბიოლოგიური სხეულის პარალელურად გაგვაჩნია, ჩვენი ის ვერსიაა, რაც ონლაინ ცირკულირებს. ხშირად ამ სხეულების სიცოცხლისუნარიანობა ჩვენი ბიოლოგიური სხეულების ვიტალურობას უსწრებს. ჩემთვის, როგორც კურატორისათვის, საინტერესო იყო ეს თემა სიღრმისეულად გამომეკვლია ჩემივე პრაქტიკაში და ამასთან მენახა, ინტერესდებოდნენ თუ არა სხვა არტისტებიც მსგავსი თემებით.”
Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან თანამშრომლობის ფარგლებში იმ რამდენიმე არტისტის ნამუშევარს გაგაცნობთ, რომლებსაც „ციფრული მკვიდრების” გამოფენაზე შეხვდებით.
თეზი გაბუნია - ლუვრის ჩაძირვა
ხელოვან თეზი გაბუნიას სიტყვებით, „ლუვრის ჩაძირვა” დიდი პროექტის ერთ-ერთ ეტაპია, რომელსაც წინ უძღოდა ნამუშევრები - „ყალბი გამოფენა” და „შეყავი თავი გალერეაში”. „ლუვრის ჩაძირვა”, რომელიც ნიუ-იორკის არმორი შოუზე გამოიფინა, ამ გამოფენაზე ხელოვანისა და კურატორის შეთანხმდებით, არტისტის Facebook Live-ის სახით ერთარხიან ვიდეოინსტალაციად წარმოადგინეს. ვიდეოინსტალაცია ლუვრის დატბორვასთან ერთად გაოგნებული მომხმარებლების კომენტარებსაც აჩვენებს, რომლებიც მუზეუმის ჩაძირვის ფაქტით ძალიან დაბნეულები არიან. “თეზი გაბუნიას „ლუვრის ჩაძირვის" ახალი სახით რეპრეზენტაცია სვამს კითხვას Real News VS Fake News ფენომენზე და ინფორმაციაზე, რომელიც ცირკულირებს ონლაინსივრცეში, სადაც ობიექტურობა გადაფარულია ზღვა ინფორმაციით და ყოველდღიურად გვიწევს ნავიგაცია ამ რეალობაში,” - ამბობს გამოფენის კურატორი.
თამო ჯუღელი - ნახევრად - ადამიანი, ნახევრად - მანქანა
თიბისი კონცეპტის გამოფენის ფარგლებში ქართველი ხელოვანის, თამო ჯუღელის ექსპერიმენტულ ნამუშევარსაც შეხვდებით. ახალგაზრდა არტისტი, რომლის ძირითადი შემოქმედებითი პრაქტიკა ხელით ხატვას უკავშირდება, გამოფენაზე ისეთ ნამუშევარს აჩვენებს, რომელზეც მის მიერ შექმნილი ციფრული გამოსახულება და ხელით შესრულებული ნახატი ერთმანეთშია სინთეზირებული. “ნამუშევარი ფოტოშოპის სწავლის პროცესში შეიქმნა, რომელიც დღემდე არ მისწავლია იმ მიზეზით, რომ რამდენჯერაც პროგრამას გავხსნიდი, იმდენჯერ ხატვას ვიწყებდი. ეს კონკრეტული ნამუშევარი რომ დასრულდა, მატერიალურ სამყაროში მომენტალურად ფერწერად დავინახე. თავიდან ვფიქრობდი, რომ გამოსახულება პროექტორით გადმომეხატა, თუმცა ეს იდეა აღარ მომეწონა, რადგან მინდოდა, რომ ჩემს ნამუშევარში ის სპეციფიკური მონასმები, რომლებიც ფოტოშოპის “თულებს” აქვს, იდენტურად გადმოსულიყო. ამიტომაც ნამუშევარი ტილოზე დავპრინტე და შემდეგ ზეთის საღებავით ლაქები დავუმატე, რათა ადამიანის ხელისა და მისი კვალის დაფიქსირებით კონტრასტი წარმოქმნილიყო,” - ამბობს ხელოვანი ნამუშევარზე - „ნახევრად - ადამიანი, ნახევრად - მანქანა”.
ნიმა ბაჰრეჰმანდი და რამინ როშანდალი - პიეტას სტატუსი
გამოფენაზე „ციფრული მკვიდრები” ქართველი ხელოვანების გვერდით უცხოელი არტისტების არაერთ საინტერესო ნამუშევარსაც დაათვალიერებთ. მათ შორისაა ირანელი ხელოვანების - ნიმა ბაჰრეჰმანდისა და რამინ როშანდალის ერთარხიანი ვიდეოინსტალაცია, რომელიც ექსპოზიციაზე არტისტების აუდიოვიზუალური კოლაბორაციის სახითაა ნაჩვენები. ნამუშევრის შექმნა განაპირობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებულმა დეცენტრალიზებულმა ომებმა, რის გამოც ადგილობრივებს დრონებისა და სატელიტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ უწევთ ცხოვრება. “ირანელი არტისტები ერთი წლის განმავლობაში კვებავდნენ ხელოვნურ ინტელექტს რეგიონიდან მოძიებული ომის ფოტოებით, რომლებზეც დრონებისგან გაქცევაა ასახული, ხოლო შემდგომ ხელოვანის დამოუკიდებლად თავად AI წარმოქმნიდა მსგავს გამოსახულებებს. ამ ფოტოებზე სხეულები დეფორმირებულია კომპიუტერის მიერ და მათზე რთულია ინფორმაციის ამოკითხვა, თუმცა მარტივად იკითხება იგივე შფოთვა და გაურკვევლობა, რაც ამ რეგიონში დეცენტრალიზებულმა ომებმა მოიტანა,” - ამბობს გამოფენის კურატორი.
ქეუ მეფარიშვილი - ქალიშვილობის ინსტიტუტი
ქეუ მეფარიშვილის ვიდეოინსტალაცია გამოფენაზე ბორბლებზე არსებული ეკრანის სახითაა წარმოდგენილი. როგორც ხელოვანი ამბობს, ნამუშევარი პირველად ვენის ჯგუფური გამოფენისათვის შეიქმნა და თიბისი კონცეპტის სივრცეში ვიდეოინსტალაციის თავდაპირველ ვერსიას აჩვენებს. კვლევა, რომელიც ხელოვანმა ნამუშევრის შექმნამდე ჩაატარა, Facebook-ის დახურული ჯგუფების ანონიმურ შეტყობინებებს მოიცავს, სადაც ქალები თავიანთ კონფიდენციალურ ამბებს სხვა ქალებს უზიარებენ. ქეუ მეფარიშვილის ნამუშევრის გმირი ქალების კოლექტიური გამოცდილების ავატარია, რომელიც იმ საკითხებს ილუსტრირებს, რომლებიც ქალიშვილობის ინსტიტუტთან დაკავშირებულ თანამედროვე მითებს ეხება.
ბოგოსი სეხუხუნი - Conscious Engine 2: absentblackfatherbot
გამოფენაზე შეხვდებით სამხრეთაფრიკელი ხელოვანის, ბოგოსი სეხუხუნის 2-არხიან ვიდეოინსტალაციასაც, რომელიც რობოტულ კომუნიკაციას ასახავს. როგორც გამოფენის კურატორი ნინა კინწურაშვილი აცხადებს, სამხრეთაფრიკელი არტისტის ნამუშევარი ხაზს უსვამს იმ უხერხულობას, რაც სოციალური მედიით კომუნიკაციას ახასიათებს. ხელოვანის ვიდეოინსტალაცია ორ ანიმაციურ სუბიექტს ერთმანეთის პირისპირ, სხვადასხვა ეკრანების საშუალებით აჩვენებს. ნამუშევრის ერთი ანიმაციური სუბიექტი თავად სეხუხუნია, ხოლო მეორე არტისტისაგან შორს მყოფი მამაა. მათი კომუნიკაცია კი იმ წერილებს ეფუძნება, რომლებსაც 18 წლის ბოგოსი და მამამისი ერთმანეთს ექვსი წლის განმავლობაში უგზავნიდნენ.
თამარ გურგენიძე - რა მშვენიერი გოგონებია, გენაცვალეთ სულში
თამარ გურგენიძის ნამუშევარი პირველივე შეხედვისთანავე იმ კომპოზიციებს მოგვაგონებს, რომლებსაც ძირითადად ძველი ფოტოალბომების დათვალიერების დროს ვაწყდებით ხოლმე. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ნამუშევრის შექმნის შთაგონება სწორედ ხელოვანის ბებიის ფოტოარქივი გამხდარიყო, რომელსაც თამარ გურგენიძე სამგანზომილებიან ვიდეოებში აცოცხლებს. “თამუნა გურგენიძის ნამუშევარში ციფრული ტექნოლოგია ნოსტალგიის გამტარ მექანიზმად იქცევა, რასაც ხელოვანი ადამიანური ემოციებისა და მეხსიერების დენადობის თარგმანში მოხელთებისთვის იყენებს,” - ამბობს გამოფენის კურატორი.
ნიკოლოზ კაპანაძე - IVR N29485
გამოფენაზე მოხვედრილებს ნიკოლოზ კაპანაძის ნამუშევარი აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. მისი აუდიოსივრცული ნამუშევარი ავტომატურ ხმოვან სისტემასთან ადამიანის ურთიერთობას იკვლევს.
ჯონ რაფმანი - კატასტროფები მზის ქვეშ
კანადელი არტისტის, ჯონ რაფმანის ნამუშევარს თიბისი კონცეპტის ბნელი ოთახის საგამოფენო სივრცეში აღმოაჩენთ. პოსტჰუმანური დისტოპია, რომელსაც ვიდეოინსტალაცია აჩვენებს, იმ შემზარავ მომავალს ასახავს, რომელშიც კაცობრიობა ვირტუალურ განსაწმენდელშია ატვირთული და მუდმივი ჩაგვრის მსხვერპლია.
ანა კე და ფლორიან მაისენბერგი - Cowntown BellaDonna
ქართველი ხელოვანი ანა კე და გერმანელი არტისტი ფლორიან მაისერნერგი გამოფენაზე 2-არხიანი ვიდეოინსტალაციით წარდგებიან. საექსპოზიციო სივრცეში ეკრანები ერთმანეთის გვერდით, რამდენიმე მეტრის დაშორებითაა განლაგებული. ორივე მათგანი აჩვენებს მიკროლინზითა და 4კ კამერით გადაღებულ ადამიანის თვალს, რომლის სიღრმეში ეკრანის გამოსახულებები ირეკლება. მოძრავი სურათები, რომლებიც თვალის რქოვანაზე წარმოიქმნება, ასახავს ამონარიდებს ფილმებიდან, ფრაგმენტებს Youtube-ს ვიდეორგოლებიდან, ასევე კადრებს სოციალური მედიაპლატფორმებიდან. როგორც გამოფენის კურატორი ნამუშევარზე საუბრისას აცხადებს, ანა კე.ს და ფლორიან მაისენგერგის ვიდეოინსტალაცია საუბრობს ორგანულ სხეულზე, როგორც ინფორმაციის ნაკადის გამტარ არხზე, სადაც ეკრანი წარმოადგენს მიკროჩიპს, რომელიც პირდაპირ თვალის რქოვანაშია შეერთებული.
შეგახსენებთ, რომ თიბისი კონცეპტის გამოფენის „ციფრული მკვიდრების” ფარგლებში, გაიმართება პანელური დისკუსია ხელოვანებთან ერთად. გამოფენა ღიაა ორშაბათი - შაბათი, 10:00-დან 20:00სთ-მდე, დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის.
ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე, სანდრო სულაბერიძე
დაწერე კომენტარი