გუშინ მომღერალ ზენდაიას 2021 წლის CFDA-ს დაჯილდოებაზე Fashion Icon-ის ტიტული გადაეცა. ვფიქრობთ, დამსახურებულად.
დისნეის მსახიობი დახვეწილი ყოველდღიური სტილითა და წითელი ხალიჩის სანახაობრივი ლუქებით წლების განმავლობაში მოზარდების საყვარელ ვარსკვლავად იქცა. ტომ ფორდის ვარდისფერი მეტალის ბიუსტით თუ ფილმ Malcolm & Marie-ში ნანახი თავბრუდამხვევი ბრჭყვიალა კაბით, ზენდაია ყოველთვის ახდენს შთაბეჭდილებას. ჟურნალი Hammock გთავაზობთ ვარსკვლავის ლუქებს, რომელმაც ჩვენი აზრით, იგი 2021 წლის Style Icon-ად აქცია.
Malcolm & Marie
შავ-თეთრ დრამაში Malcolm & Marie მსახიობი მბზინავი კაბით ქაოსურად მოძრაობს სახლის ინტერიერში. ჯეისონ რემბერტმა კაბა სპეციალურად ზენდაიასთვის შექმნა. “მინდოდა შემექმნა მარადიული კაბა”, - ამბობს დიზაინერი.
Euphoria
"ეიფორიას" ყველა პერსონაჟის სამოსი კარგად აღწერს მათ ხასიათს. რუ, რომელიც ბიპოლარული აშლილობით იტანჯება, მამის "ჰუდებს", "კონვერსის" კედებსა და ფერად მაისურებს ატარებს. სერიალში ზენდაიას სტილი არაჩვეულებრივად ასახავს Gen-Z-ის ჩაცმულობას, მაგრამ ამავდროულად, 80-იანი წლების გავლენაც შეიმჩნევა.
New York, Casual Downtown Style
“ეიფორიას” ვარსკვლავი მსახიობ ჯეიკობ ელორდისთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში ქვიშისფერი ქიშმირის მოსაცმელში, მამაკაცის სტილის შავი ფერის შარვალსა და Vans-ში დააფიქსირეს ფოტოგრაფებმა - ახალგაზრდული ამერიკული ყოველდღიური სტილისა და დახვეწილობის საუკეთესო მაგალითი.
Critics Choice Award 2020
წითელი ხალიჩისთვის ზენდაიამ Tom Ford-ის პლასტმასის ვარდისფერი ტოპი და სწორი სილუეტის ქვედაბოლო მოირგო.
93rd Academy Awards
იტალიური მოდის სახლის, Valentino-ს კრეატიული ხელმძღვანელი პიერ პაოლო პიჩოლი ზენდაიას ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი ლუქის ავტორია. “ოსკარის” 2021 წლის დაჯილდოებაზე მსახიობი ჰაეროვან ყვითელ კაბასა და გრძელ, ბუნებრივ ვარცხნილობაში ნიჟარაზე მდგომ ვენერას მოგვაგონებდა.
Dune Red Carpet Looks
2021 წელს ეკრანიზაციის Dune-ის პრემიერას მაყურებლები მოუთმენლად ელოდნენ. ჩვენი საყვარელი ჰოლივუდის მსახიობების გამოჩენა წითელ ხალიჩაზე უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი აღმოჩნდა. ზენდაიამ, სკულპტურულ კაბასა თუ მამაკაცის თავისუფალი სტილის პიჯაკში, საუკეთესოდ მოახერხა დენის ვილენიოვის ფილმის პრეზენტაცია.
ვენეციის 78-ე კინოფესტივალზე ვარსკვლავმა Balmain-ის ხორცისფერი დრაპირებული კაბა მოირგო.
პარიზის პრემიერაზე მოდის სახლის, Azzedine Alaïa-ის კრეატიულმა დირექტორმა პეტერ მიულიემ ბორდოსფერი ყელიანი ტოპი და მომდგარი ქვედაბოლო შეურჩია.
ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უმშვენიერესი ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე მოდის “წყვდიადის ლორდად” წოდებული რიკ ოუენსის კაბაში გამოჩნდებოდა. სპილოსძვლისფერ სკულპუტულ კაბაში მოდის კრიტიკოსებმა ზენდაია Sci-Fi პრინცესას შეადარეს.
დაწერე კომენტარი