16 ნოემბრიდან გალერეა “შარდენში” ქართველი მხატვრის, ვერა ფაღავას პერსონალური გამოფენა გაიმართება. ექსპოზიცია ხელოვანის შემოქმედების რამდენიმე ეტაპს აერთიანებს და კერძო კოლექციებში დაცულ იმ ნამუშევრებს მოიცავს, რომლებიც ფართო საზოგადოებისათვის სრულიად უცნობია. გამოფენა დამთვალიერებლებს ხელოვანის აკადემიური, ფიგურატიული და აბსტრაქციის პერიოდების ნამუშევრებს წარუდგენს, რომელთა ხილვა 12 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი. 




ქართველი ემიგრანტი მხატვარი ვერა ფაღავა (1907-1988) საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი შემოქმედებით ბევრი ცნობილი და გავლენიანი გალერისტი დაინტერესებულა, მათ შორის იყო ჟან ბიუშეც, რომელმაც ვერა ფაღავასა და დორა მაარის საერთო გამოფენა მოაწყო. ქართველი ხელოვანის შემოქმედება აქტუალობას დღესაც არ კარგავს. მისი ნამუშევრები არაერთ პერსონალურ თუ ჯგუფურ შოუზე მონაწილეობს, რომლებიც ცნობილი გალერეებისა და მუზეუმების კედლებზე იფინება. მათ შორისაა, გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოში (2021-2022), პომპიდუს ცენტრი (2021), არტ პარიზი, Galerie Chauvy (2021), პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (2021), Musée cantonal des Beaux-arts ლოზანაში (2021) და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი - MNAM პარიზში (2021).