მიმი აბინტრა ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. მის მიერ აღბეჭდილ ადამიანებს, რომლებიც ძირითადად საქართველოსა და ამერიკაში ცხოვრობენ, ჩანს, ერთმანეთისაგან განსხვავებული ცხოვრების სტილი, ინტერესები და ხედვები აქვთ. მიუხედავად ამგვარი განსხვავებულობისა, მიმი აბინტრას ობიექტივი ადამიანებს საერთო ფასეულობათა სისტემით აერთიანებს და ფირზე იმ პირებს აღბეჭდავს, რომლებიც ემპათიითა და განსხვავებულობის მიღების უნარით გამოირჩევიან.
ჟურნალი Hammock წარმოგიდგენთ ინტერვიუს მიმი აბინტრასთან, სადაც ქართველი ფოტოგრაფი თავის შემოქმედებასთან დაკავშირებულ დეტალებზე გვესაუბრება.
მიმი, დღეს ძირითადად ფოტოგრაფად გიცნობენ, თუმცა შენი შემოქმედების ადრეული ეტაპები ხატვასა და დიზაინს უკავშირდება…
ხატვის მოთხოვნილება ადრეული ასაკიდან გამიჩნდა. სხვათა შორის, ახლახან იხსენებდა ჩემი ძიძა, რომ საშინაო დავალებების შესრულების პარალელურად გვერდით აუცილებლად სახატავი ფურცელი უნდა მქონოდა. ეს დღესაც გრძელდება. ჩანახატებს ლექციების მოსმენის დროსაც ვქმნი, რომლებშიც ლექტორის ვერბალურად გამოთქმული სიტყვები ორგანზომილებიან ვიზუალში ცოცხლდება. ჩემი პირველი სოლო გამოფენა - სახელწოდებით EXTRATERRESTRIAL 2014 წელს თბილისში გაიმართა. ამავე წელს მქონდა ტანსაცმლის ხაზის განვითარების პირველი მცდელობა, რამაც ჩემი ბევრი იდეის მსგავსად, მალევე “მიიძინა”, თუმცა, როგორც ვატყობ, განუხორციელებელი ინიციატივები ჩემს ქვეცნობიერში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ისე გამოდის, რომ წარსულის იდეების ნაკადები ჩემს გონებაში დროდადრო ტივტივდება და კალაპოტში იყრის თავს. მქმნიან, რათა მე შევქმნა. გვერდიდან დანახული ჩემი რიტმი გაუგებარია. ეს იმიტომ, რომ მთელი ცხოვრებაა ჩემში თანთადათან გაჩენილ ნაპერწკლებს მივსდევ.
როდის გაგიჩნდა ინტერესი ფოტოგრაფიის მიმართ?
13-14 წლის ასაკში ფოტომოდელობით დავინტერესდი. ფოტოგრაფიის სამყაროსთანაც ამ გატაცებამ დამაკავშირა. 16 წლის ვიყავი, როცა მამინაცვლისაგან საშობაო საჩუქრად ფოტოაპარატი მივიღე, რომელიც იმ მომენტიდანვე ჩემი არსებობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ადრეულ პერიოდში ძირითადად ქუჩაში აღმოჩენილ საგნებს ვაფიქსირებდი, რომლებიც ჩემს წარმოსახვაში ერთგვარ ესთეტიკურ გროვას წარმოადგენდა. ამასთან საკუთარ თავსაც ვიღებდი და მეგობრების გარემოცვაში ჩემს თინეიჯერულ არსებობას აღვბეჭდავდი. ფოტოაპარატი ჩემთვის ყოველდღიური არსებობის ნაწილი გახდა და დაახლოებით 22 წლამდე პროფესიულ ჭრილში არც აღვიქვამდი.
რას ნიშნავს ფსევდონიმი “აბინტრა”?
ab intra ლათინურიდან ითარგმნება, როგორც from within. ქართულად ჟღერს, როგორც “შიგნიდან”.
ადამიანის გამოსახულებები შენს ფოტოებში მთავარ როლს თამაშობს. რა არის ის შთამაგონებელი ელემენტები, რომლებსაც მათში პოულობ?
ამაზე ბოლო დროს დავიწყე ფიქრი, ეს მოცემულობა იმდენად ენერგიულია, რომ რთულია დაკონკრეტება. ყოველ ჯერზე ახალი ელემენტები ემატება და მეც აღმოჩენების პროცესში ვერთვები. განსაკუთრებით ისეთი ადამიანები მიზიდავენ, რომლებიც თავიანთ ჩრდილს ფლობენ ან ცდილობენ, რომ ფლობდნენ. ისინი, რომლებიც თავიანთი ინდივიდუალიზმის შენარჩუნებისთვის იბრძვიან და მას არანაირად თმობენ. ეს მდგომარეობა ამ ადამიანების წისქვილს წარმოადგენს, რომელსაც ჩემი შემოქმედებით ვასხამ წყალს.
ვინ არიან ადამიანები, რომლებიც შენს ობიექტივში ხვდებიან და როგორია მათი ცხოვრების სტილი?
თითოეული მათგანი ინდივიდუალურია, შესაბამისად, ამ ადამიანების ცხოვრების სტილი და საქმიანობაც ერთმანეთისაგან განსხვავდება. მათ სწორედ ეს განსხვავებულობა აერთიანებთ, რომლის ფონზე მათი ჰარმონიული თანაარსებობა ჩემ მიერ დანახული და ასახული რეალობისათვის დამახასიათებელი მაგიაა. ეს ადამიანები უბრალოდ არსებობენ და მე ამას ვაღიარებ.
ყოველთვის პირადად იცნობ ადამიანებს, რომლებსაც იღებ?
შემთხვევას გააჩნია. თანხმობის გარეშე თითქმის არასოდეს ვუღებ უცნობ ადამიანებს, რაც ჩვენი გაცნობის საბაბადაც იქცევა ხოლმე. პირველად ვხედავ ადამიანს, რომელიც მინდა, რომ გადავიღო, შემდეგ გარემოს გადავავლებ თვალს და კადრი ჩემს გონებაში წამიერად ლაგდება. ადამიანს ვუხსნი ხასიათს, ზოგჯერ უსიტყვოდაც, ისიც ყველაფერს ასრულებს და ჩემი ხედვის მომენტალური მანიფესტაცია ხდება.ფოტოსესიების პროცესი ჰარმონიულია, ენერგიულ ცეკვას ჰგავს. მივდივარ და მომყვებიან. ეს დიდი სინერგიაა, მთელი “ვაიბია”..."
რამდენად მარტივი ან რთულია უცნობი პირების აღბეჭდვა?
ჩემთვის უცნობი ადამიანების გადაღება ყველაზე რთული მაშინაა, როცა შინაგანად არ ვგრძნობ ბიძგს, მაგრამ ამავდროულად, რაღაც ძალა მაინც მკარნახობს, რომ უნდა გადავიღო. ცნობიერისა და ქვეცნობიერის უთანხმოებას ამგვარი გართულება ხშირად სჩვევია, რაც შემდეგ გარე მოცემულობაზეც აისახება. მაგალითად, შეიძლება ვინმეს უჩვეულოდ უცნაური რეაქცია ჰქონდეს ან საერთოდაც უარი მითხრას გადაღებაზე, რაც თითქმის არასდროს ხდება.
ფოტოგრაფები, რომლებიც შთაგაგონებენ…
Diane Arbus, Vivian Maier, Ren Hang.
დიანა არბუსი ამბობდა, რომ ფოტოაპარატი მისთვის იყო ერთგვარი “საშვი”, რომელიც სხვების ცხოვრებაში შეღწევის გზას უმარტივებდა. თვლი, რომ შენც ამგვარ შემთხვევასთან გაქვს საქმე?
ვფიქრობ, რომ ზოგადად ჩვენს ინტერესებს მაგნიტის ფუნქცია აქვს, გვიზიდავს ერთმანეთთან და სწორ გზებს გვიკვალავს. ფოტოაპარატი კი, ძალიან ძლიერი “საშვია”, რასაც არაერთხელ მოუცია საშუალება ვყოფილიყავი ისეთ ინტიმურ გარემოში, სადაც მის გარეშე ყოფნა ძალიან გამიჭირდებოდა ან სულაც წარმოუდგენელი იქნებოდა. მაგალითად, როცა ადამიანი იმყოფება თავის პირად სივრცეში, ჩემთან კონტაქტს საერთოდ არ ამყარებს, უბრალოდ თავის რეალობაში განაგრძობს არსებობას და უფლებას მაძლევს, რომ მისი პერსონალური მომენტები კადრებად შევინახო, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.
შენი ნამუშევრების დიდი ნაწილი ინსტაგრამ-ანგარიშზე, სახელით WE_THE_LOVE არის გამოქვეყნებული. როგორც ერთ პოსტში წერ, WE_THE_LOVE კონკრეტული მოძრაობაა. გვესაუბრე ანგარიშის კონცეფციისა და სამიზნე აუდიტორიის შესახებ…
კონცეფცია ვრცელია, დროსთან ერთად იზრდება. თუმცა ფუძე ერთია - სიყვარული. WE_THE_LOVE ადამიანების განსხვავებათა ფონზე მათ ჰარმონიულ თანაარსებობას ასახავს. განსხვავებათა აღიარება, მიმღებლობა და ურთიერთგაგება სიყვარულის მთავარი წინაპირობებია. ეს მოძრაობა სწორედ ამ ფასეულობათა ნიადაგზე ჩამოყალიბდა.
WE_THE_LOVE-ის ინსტაგრამ-ანგარიშის “ჰაილაითებიდან” ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ახალგაზრდები ძალიან გენდობიან და რჩევებისათვის ხშირად მოგმართავენ. როგორ ფიქრობ, რამდენად საჭიროა ფოტოგრაფისათვის ნდობით აღჭურვილი პირის სტატუსი?
ვფიქრობ, ნდობა ყველაზე დიდი პატივია. თავმდაბალსაც მხდის, რაც ჩემთვის ძალიან წმინდაა. ნდობით აღჭურვილი პირის სტატუსი ყველასათვის
საჭიროა, არა მხოლოდ ფოტოგრაფისათვის.
შევამჩნიე, რომ თითოეულ ფოტოსურათს აღწერაში ერთ წინადადებას აუცილებლად ურთავ, რა დატვირთვას ატარებს ეს გადაწყვეტილება?
ჩემს ნამუშევრებზე დართული ტექსტი პატერნია, ვიზუალ-ვერბალური სინთეზი, რაც ერთობლივად იკვლევს ფიქრების დინებას და ამას ყველა მნახველი განსხვავებულად აღიქვამს. ეს ფრაზები ფიქრის საკვები და აზროვნების გიდია.
ძირითადად ფირზე მუშაობ და გამოსახულებებს არ ამუშავებ. რა დატვირთვა აქვს შენთვის ფირზე მუშაობას და რით განასხვავებ ციფრული ფოტოსურათებისაგან?
ფირი ნოსტალგიაა, თითქოს ცოცხალია და სინამდვილესთან მაქსიმალურად გაქვს შეხება. ძალიან ლამაზ კადრებად დანახული რეალობაა, რასაც არ სჭირდება დამუშავება. დრო, რომელსაც ფირი გაძლევს გადაღებიდან გამჟღავნებამდე, ძალიან საინტერესო და რომანტიკულია. ციფრული ფოტოაპარატივით არ გიბიძგებს, რომ არარსებული იდეალის მისაღწევად ერთი და იგივე კადრი ულევად გადაიღო. ფირის გამჟღავნების სიხარული და კადრების აღმოჩენის მოლოდინი შეუდარებელია.
ბუნებრივია, რომ შენს ობიექტივში ქართველებთან ერთად ნიუ-იორკელი ახალგაზრდებიც ძალიან ხშირად ფიგურირებენ. როგორ ფიქრობ, ფოტოგრაფისათვის რამდენად განსხვავებულ გამოცდილებასთანაა დაკავშირებული ქართველისა და ამერიკელის ფირზე აღბეჭდვა?
ნაცნობ კულტურასთან კავშირები უფრო სწრაფად მყარდება, რაც ჩემთვის, ამ მოცემულობაში, ამერიკულ კულტურას გულისხმობს. ქართულ კულტურას ძირითადად ბოლო წლებში დავუახლოვდი, რაც გადაღების დროს ქართველებთან კავშირების გაბმაში ძალიან მეხმარება, თუმცა რადგანაც პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი წლები საქართველოსაგან შორს გავატარე, მშობლიურ ადგილას ადამიანების აღბეჭდვის პროცესი შეადარებით რთულდება.
ადგილები, რომლებსაც საქართველოში ყოფნისას გადასაღებად ხშირად სტუმრობ...
ყველგან ვიღებ, სადაც ჩემი ხედვისათვის დამახასიათებელ ნაპერწკალს შევამჩნევ.
თბილისში ბოლო ვიზიტისას ინსტაგრამის story-ში დაწერე, რომ საინტერესო ოთახის მქონე ახალგაზრდებს ეძებდი. როგორ წარიმართა ეს პროექტი?
პროექტი ისევ გრძელედბა. შემდეგ ვიზიტებზეც განვაგრძობ საინტერესო ოთახების ძიებასა და აღბეჭდვას. არქივს ვაკეთებ, რაც მოგვიანებით გამოქვეყნდება. ამ ეტაპზე ამ სერიის გამოქვეყნებისაგან თავს ვიკავებ.
დაწერე კომენტარი