სულ ცოტა ხნის წინ შექმნილი სტარტაპი, რომლის იდეა ლიზა აბრამიშვილსა და ანა გაგუას ეკუთვნით, ცივი დაწურვის წვენების, სმუზებისა თუ მათ მიერ დამზადებული ენერგეტიკული ბურთულების გზით საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. Happy Green-ის მიერ დამზადებული პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ჯანსაღი კვება, არათუ გამორიცხავს, არამედ პირდაპირ გულისხმობს გემრიელ საკვებს, რომელიც გარდა იმისა, რომ სასიამოვნო გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისა და ჯანმრთელობისთვის. ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლება კი ახლა, როგორც არასდროს, ადამიანების ყველაზე საჭირო და აუცილებელი საზრუნავია, ამიტომ, მათ, ვისაც ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის არც სახლის პირობებში გიღალატიათ, აუცილებლად ესტუმრეთ Happy Green-ის ონლაინგვერდებს, მათი პროდუქციის შეძენა ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ჯერჯერობით მხოლოდ აქ არის შესაძლებელი.
მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ. პირველად როდის და როგორ გაჩნდა Happy Green-ის დაარსების იდეა?
ბავშვობიდან ვმეგობრობთ და ყოველთვის ვოცნებობდით, საერთო ბიზნესი გვქონოდა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით. საბოლოოდ, როცა ორივე საქართველოში აღმოვჩნდით და რადგანაც ორივეს გვიყვარს ჯანსაღი საკვები და ორივე მივყვებით ჯანსაღი ცხოვრების წესს, ვიფიქრეთ, რომ ჩვენი საერთო საქმეც სწორედ ამ ნიშაში უნდა გვეპოვა. საერთაშორისო ბაზარზე დეტოქს-წვენების წარმოება უკვე აპრობირებულია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. გადავწყვიტეთ, რომ ეს კულტურა საქართველოშიც შემოგვეტანა, შევიძინეთ პროფესიონალური აპარატურა და ვეცადეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. ყველაფერი მხოლოდ ჩვენ ორმა დავიწყეთ, გვინდოდა ყველა ეტაპი გაგვევლო იმისთვის, რომ ბიზნესის ნიუანსებში უკეთ გავრკვეულიყავით. მხარში ამოგვიდგნენ მეგობრები და ძალიან მალე გამოჩნდნენ ერთგული მომხმარებლებიც, ჩვენი პირველი პარტნიორები კაფეები - Skola Coffee&Wine და Kikliko იყვნენ, გაჩნდა მოთხოვნა სოციალური პლატფორმიდანაც, ჩვენი პროდუქციისადმი ინტერესის ზრდასთან ერთად უკვე თამამად მივდიოდით სხვადასხვა კვების ობიექტებში და ჩვენს წვენებსა და სმუზებს ვთავაზობდით, პარალელურად კი მოთხოვნა ინდივიდუალურ შეკვეთებზეც იზრდებოდა.
რა არის თქვენი კომპანიის მთავარი კონცეფცია და ბრენდის მთავარი მესიჯი?
ჩვენი ბრენდის მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა, გვინდა, რომ ადამიანებს ჯანსაღი კვება შევაყვაროთ და დავარწმუნოთ, რომ ის შეიძლება ძალიან გემრიელი და მრავალფეროვანი იყოს.
ვისთვის არის Happy Green? შეგიძლიათ დაახასიათოთ ადამიანი, რომელიც თქვენი მუდმივი მომხმარებელია?
ჩვენი პროდუქტის მოხმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, თუმცა ამ ეტაპზე კლიენტების უმეტესობას საშუალო ან მაღალი შემოსავლის მქონე 21-40 წლის ქალბატონები წარმოადგენენ, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარნი არიან და ამავდროულად, მისდევენ სპორტსაც.
რას სთავაზობთ თქვენთან მოსულ მომხმარებელს ისეთს, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?
ჩვენ ვამზადებთ ხარისხიან პროდუქტს და ვიყენებთ ცივი დაწურვის ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ წვენში ვიტამინების და მინერალების რაოდენობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. არ ვიყენებთ არანაირ კონსერვანტს, საღებავს და შაქარს, წარმოდგენილი გვაქვს მხოლოდ ნატურალური ხილ-ბოსტნეულისგან დამზადებული მიქსები. ამ ეტაპზე ასორტიმენტში ცხრა სახეობის ცივი დაწურვის წვენი და სამი სახეობის სმუზი გვაქვს, ეს ყველაფერი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ჩვენთან მოსული ნებისმიერი მომხმარებელი აუცილებლად აღმოაჩენს თავის საყვარელ გემოს. გარდა სმუზებისა და წვენებისა, ვამზადებთ ჯანსაღ დესერტებსაც, ენერგეტიკულ ბურთულებსა და მიწის თხილის კარაქს. სულ მალე გვექნება ჯანსაღი შოკოლადის კარაქი, დეტოქს-წვნიანები, ასევე შვრიისა და თხილის რძე.
რა იყო თქვენთვის, როგორც სტარტაპერისთვის, ყველაზე დიდი სირთულე და წინააღმდეგობა, მაშინ როცა ამ საქმეს იწყებდით?
წინააღმდეგობები თითქმის ყველა ეტაპზე შეგვხვდა. რთული აღმოჩნდა საქართველოში არსებულ სერვისებზე კომპეტენტური და სანდო ინფორმაციის მოძიება, გარდა ამისა, არ მოგვწონდა ბაზარზე არსებული ბოთლის დიზაინი, ამიტომ მოგვიწია, რომ შეფუთვის საკუთარი ფორმა შეგვექმნა. ასევე არაერთ პრობლემას წავაწყდით ნედლეულის დისტრიბუციასთან, მის ფასებთან და შესაბამის ხარისხთან დაკავშირებითაც.
რამდენად აისახა ბოლოდროინდელი მოვლენები, კორონავირუსის გავრცელება და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა თქვენს ბიზნესზე? რა პრობლემები შეგექმნათ, როგორც სტარტაპერს და როგორ მოერგეთ ახალ რეალობას?
ალბათ როგორც ყველა ბიზნესმა, ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ჩვენც განვიცადეთ ზარალი. დაიხურა ყველა ის კაფე თუ ფიტნესობიექტი, რომლებთანაც ვთანამშრომლობდით. სამაგიეროდ გადავედით ონლაინ შეკვეთებზე, ვიმედოვნებთ, რომ არსებული შეზღუდვები მალე დასრულდება და ყველანი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთლიანად ონლაინ სივრცეში მოგვიწევს მუშაობა, სადაც, სხვათა შორის, ძალიან ბევრი ახალი მუდმივი მომხმარებელი შევიძინეთ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ გვაქვს ბიზნესის განვითარების რამდენიმე ხედვა, ამ ეტაპზე ვაპირებთ, რომ ჩვენი პროდუქციის ფასი შევამციროთ, იმისთვის რომ სახლში მყოფ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება Happy Green-ის მომხმარებელი გახდეს. რაც შეეხება გრძელვადიან სამომავლო გეგმებს, გვინდა, რომ კიდევ უფრო გავფართოვდეთ და ჩვენი პროდუქცია სუპერმარკეტებშიც შევიტანოთ.
დაწერე კომენტარი