“ფრანგული მაცნე" უეს ანდერსონის მორიგი ესთეტიკური შედევრია, რომელშიც რეჟისორმა მე-20 საუკუნის გამოგონილ ფრანგულ ქალაქში მცხოვრები ექსცენტრიკული ჟურნალისტების ცხოვრება წარმოგვიდგინა. ანთოლოგია სამ ისტორიას აერთიანებს, მათ შორისაა "The Concrete Masterpiece", რომელშიც ტილდა სუინტონის გმირი - ჯ.კ.ლ ბერენსენი დატუსაღებული მხატვრის, მოსე როზენტალერის შესახებ გვიამბობს. ისტორიის მთავარი გმირი მისი შემოქმედებაა, შედევრები, რომლებსაც როზენტალერი ოთხი კედელში ქმნის. 

სურათები ნარინჯისფერ ფონზე ვარდისფერში გარდამავალი ხორცისფრის ფართო, რიტმული მონასმებითაა შესრულებული. რბილი, მაგრამ ამავდროულად, ღრმა ექსპრესიული ნამუშევრების მიღმა კი გერმანელი ვიზუალური არტისტი - სანდრო კოპი დგას. 


მხატვარმა სახელი პორტრეტების სერიით - Skype გაითქვა. არათანაბარი კონტურებითა და თბილი და ცივი ბაცი ფერების თამაშით შექმნილი ნამუშევრები ფიგურატიულ და აბსტრაქტულ სტილს შორის კავშირს ქმნის და პერსონაჟების ღრმა სამყაროს ამოცნობის საშუალებას გვაძლევს. ალბათ, ამიტომაც დააკისრა პერსონაჟის ხასიათის გახსნის მისია უეს ანდერსონმა სანდროს, მის დიდი ხნის მეგობარს. 


" უესთან ერთად მუშაობა არაჩვეულებრივი იყო. მის ნამუშევრებში უნივერსალური და ღრმა ჭეშმარიტება კაშკაშა ვიზუალითა და სიმსუბუქითაა შენიღბული.

ნამუშევრების ზომები და ფერთა პალიტრა წინასწარ დიდი ხნით ადრე იყო განსაზღვრული, თუმცა სტილი რეჟისორთან რამდენიმეთვიანი საუბრის პერიოდში უფრო დაიხვეწა. 


ხელოვანის შთაგონება ფრენსის ბეკონის, უილემ დე კუნინგის, ფრენკ აუერბახისა და ანსელმ კიფერის მხატვრობაა. მხატვრის თქმით, ფილმისთვის შექმნილი ნამუშევრები უნდა ყოფილიყო თვითმყოფადი და განსხვავებული სხვა უკვე არსებული ნამუშევრებისგან და უესის კინემატოგრაფიული მიდგომისგანაც კი - ფერების ქაოსური განაწილება საპირისპიროა იმ უაღრესად ორგანიზებული ფორმალობისა, რომელიც უეს ანდერსონის კინემატოგრაფიულ სტილად ითვლება. 


"არცერთი პერსონაჟი არაა ცინიკური. მკვლელები თუ ხელოვნების კოლექციონერები ცხოვრობენ ისე, როგორც უნდა იცხოვრონ და ყველას ღრმად სჯერა, რომ ხელოვნებას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა", - ამბობს სანდრო კოპი.



ფილმისთვის შექმნილი ნამუშევრები ამჟამად ლონდონში, გალერეა 180 The Strand-შია წარმოდგენილი, ხოლო იმ ნახატების გამოფენა, რომელიც მაყურებელს ჯერ არ უნახავს, ბერლინის Ebensperger-ის გალერეაში იგეგმება.