Happy Birthday, You Are Not A Teenager Anymore-ის კონცეფცია იმ ფაქტს ეფუძნება, რომ მე თინეიჯერი აღარ ვარ. ეს წლები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას უკავშირდება, ყველანაირი ასპექტით. ზოგადად, მგონია, რომ თინეიჯერობა ცხოვრების ის ეტაპია, როცა ყველაზე უმანკო ხარ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი გამოფენის სახელზე, რადგან ამ სერიას თავიდან Pure Kids ერქვა, რაც თავის მხრივ, თინეიჯერების უმანკოებას უსვამდა ხაზს. მიუხედავად ამისა, სერია თითქოს სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა თუნდაც მაშინ, როდესაც ფოტოზე ვინმე ეწეოდა, ნარკოტიკს იღებდა თუ სვამდა. ხანდახან მეც ისეთი გრძნობა მრჩებოდა, რომ ჩემი გონება სერიის კონკრეტულ ელემენტებს უმანკოების იდეასთან ვერ აიგივებდა. თუმცა შემდეგ გავაცნობიერე, რომ სინამდვილეში ეს უმანკოება გარე სამყაროს რეალობას კი არ ასახავდა, არამედ იმ შინაგან სამყაროზე რეაგირებდა და საუბრობდა, როცა ყველაფერს გრძნობ და ყველაფერს ხვდები, იმასაც კი აცნობიერებ, როგორია ცხოვრება და საკუთარ თავს ბევრი არჩევანის გაკეთების უფლებას აძლევ, მაგრამ მაინც, რჩები ბავშვად, რომელსაც მატერიალიზმი და სიბინძურე ვერ ისაკუთრებს. სულ ბოლოს მივხვდი, რომ ეს გამოფენა, პირველ რიგში, ჩემს თავზე საუბრობდა, ამიტომ საკუთარი დაბადების დღის იდეამდე მივედი და პირდაპირ ვთქვი, რომ თინეიჯერი აღარ ვიყავი. ამ გამოფენაზე დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ ვერასოდეს ვახერხებდი იმას, რომ ეს კონცეფცია ბოლომდე ჩამომეყალიბებინა. ამასთან, წელს განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ მიმახვედრა, რომ ჩემი თინეიჯერობა უკვე სრულდებოდა და ამ პერიოდისათვის სამახსოვრო წერტილი უნდა დამესვა.
თინეიჯერობის შემდეგ ცხოვრება უფრო რთულდება, მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება და პრობლემებიც უფრო და უფრო იმატებს. ეს ყველაფერი ძალიან გცვლის, ხშირად გზღუდავს და ბარიერებს გიწესებს. ჩემთვის თინეიჯერობა კავშირების დამყარების მხრივაც უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო. ამ დროს განსაკუთრებით მარტივია, რომ ადამიანს დაუმეგობრდე. გარემოება, როცა შეგიძლია ადამიანი წვეულებაზე გაიცნო და ერთ დღეში საუკეთესო მეგობრები გახდეთ, თინეიჯერობის შემდეგ მალევე ქრება. ეს ბუნებრივია. ვერ შეცვლი. სხვათა შორის, ამ თემებთან დაკავშირებით ადრე ვიდეოინტერვიუებსაც ვიწერდი. ხანდახან ეს ინტერვიუები დაუგეგმავიც იყო. ადამიანებს ვხვდებოდი და მათთან საუბრისას უცებ ვიდეოს გადაღებას ვიწყებდი. შემდეგ ამ ვიდეოჩანაწერებისაგან გამოფენისათვის საუნდი ავაწყვე. როცა შემოდიოდი და ფოტოებს ათვალიერებდი, თან ხმებიც გესმოდა. თითქოს ყველაფერს ერთ დიდ მთლიანობაში აღიქვამდი. ყველაფერი ერთად იყო.
გამოფენის ფოტოებში Reckless-ის ბავშვები ხშირად ჩნდებიან. ბრენდის დამფუძნებელ სალომე გველესიანთან საერთო მეგობარმა დამაკავშირა. Reckless-ის ტანსაცმლის დიზაინისა და კონცეფციის შექმნაზე ფიქრის დროს ვიაზრებდი, რომ არსებობდა ისეთი ადამიანი, რომელსაც ჩემი მსგავსი სურვილები და მიზნები ამოძრავებდა. ყოველთვის მინდოდა, რომ თინეიჯერებისათვის ისეთი ფასეული რამ გამეკეთებინა, რაც მათი ცხოვრების ნაწილს ოდნავ მაინც შეცვლიდა. როცა ბრენდში ამ მხრივ დავიწყე აზროვნება, უკვე ყველაფერი შეიცვალა.
მიხაკი ამ ფოტოზე ძალიან საინტერესო ელემენტია. ეს ყვავილი Reckless-ის პირველი კოლექციის მთავარი დეტალი იყო და როგორც სიმბოლო, დღემდე მოგვყვება. მიხაკი თითქოს საბჭოთა პერიოდთან ასოცირებული ყვავილია და ყველას ძველ ეპოქას ახსენებს, ჩვენი თაობისთვის კი საერთოდ სხვა დატვირთვა აქვს. მე, მაგალითად, ძალიან მომწონს, როგორც ყვავილი. ერთი პერიოდი მიხაკებს ხშირად ვყიდულობდი და სახელოსნოში მომქონდა.
სანი Reckless-ისთვის აღმოვაჩინე და დროდადრო ძალიან დავმეგობრდით. ამ ფოტოზე თმა აქვს ახალ გადაპარსული და ვთხოვე, მოდი, გადაგიღებ-მეთქი. ჩემი გამოფენის ფოტოებიდან დადგმული ძალიან ცოტაა. ეს ფოტო შეიძლება ერთ-ერთი გამონაკლისი იყოს, მე ხომ სანის წინასწარ შევუთანხმდი და ისე დავიბარე, თუმცა ამ შემთხვევაში, უფრო იმას ვიტყოდი, რომ ეს არის დაგეგმილი ფოტო დაუგეგმავის ეფექტით. მიხაკის კადრში გამოჩენაზე არც კი მიფიქრია. შემთხვევით შევნიშნე და ვთხოვე ფოტოსთვის ხელში დაეჭირა. სანის მკაცრი ნაკვთები მიხაკის ფონზე უცნაურად გამოიყურება, რაც ძალიან მომწონს. მისთვის ბევრი ფოტო გადამიღია და თითქმის ყველა თემაზე გვისაუბრია. ფაქტი, რომ მე და სანი ერთმანეთის მეგობრები ვართ, მგონია, რომ მის პორტრეტებში ყველაზე კარგად ჩანს.
ეს ბიჭი ჩემი მეგობარი ხუდოა. ძალიან საყვარელი ბავშვია. სკეიტერია და სულ "კატაობს". ამ ბოლო დროს სკეიტპარკში უცნაური რაღაცები ხდება. ერთბაშად ძალიან ბევრი ხალხი აწყდება, რომელთა შორის აგრესიული ბიჭებიც გამოერევიან ხოლმე. ხუდოც მათ ერთ-ერთ გარჩევაში მოხვდა და სცემეს. დღეს, როცა ამ ფოტოებს ვუყურებ, ვატყობ, რომ ყველანი ძალიან იცვლებიან. ხუდო რომ დავინახე და თვალზე ჩალურჯება შევამჩნიე, რომელიც ერთ კვირაში ბოლომდე გაუქრებოდა, მაშინვე გადაღება მომინდა. ცოტა დრო რომ გავა და ამ ფოტოს შეხედავს, გაახსენდება და იტყვის “ვახ, მაშინ რა მაჩხუბებდა” ან რაიმე მსგავსს. რეალურად, ამ პორტრეტებით არქივი იქმნება, რასაც ჩემთვის პროტესტის გამოხატვის მნიშვნელობაც აქვს ხოლმე. აი, მაგალითად, სკეიტერი ხუდო, თავისუფალი ადამიანი... და უცებ ვიღაც “ძველი ბიჭისაგან” სახეში მუშტი ხვდება.
ეს ფოტოც Reckless-ს უკავშირდება. სულ პირველი გადაღება როცა გვქონდა, 50-ზე მეტი ბავშვის პორტრეტი გადავიღეთ. ბევრი სრულიად უცხო იყო, თითქმის არცერთს არ ვიცნობდით. მათ სხვადასხვა ადგილებში ვეძებდით და ვპოულობდით, შეიძლება ქუჩაშიც შეგვემჩნია და გადაღებაზე დაგვებარებინა. თავიდან ძალიან ვნერვიულობდით, არ გვეგონა, რომ ჩვენთან ამდენი ბავშვი მოვიდოდა, მაგრამ რატომღაც მათ ჩვენი დაიჯერეს. არც კი ჰქონდათ წარმოდგენა, ვინ ვიყავით და რას ვაკეთებდით, მხოლოდ ის იცოდნენ, რომ თინეიჯერები რაღაც ბრენდს ვაფუძნებდით. ბოლოს თითქმის ყველა მოვიდა. შემდეგ, როცა ლაპარაკი დავიწყეთ, ერთმანეთი შედარებით ახლოს გავიცანით და გავაანალიზეთ, რომ ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება და პრობლემები ერთმანეთის მსგავსი იყო, წასვლა უკვე აღარავის უნდებოდა. ბავშვები უბრალოდ მოდიოდნენ და ოთახში ძალიან ბევრი ადამიანი გროვდებოდა. ვინც წასასვლელი იყო, ისიც კი რჩებოდა. დღეს ვისაც Reckless-ში ვიღებთ, ყველა ჩვენი მეგობარია. სანი და ხუდოც აქედან გავიცანი.
ეს ფოტო Fashion Week-ის პერიოდშია გადაღებული. “ფითინგისა” და გამოსვლების შემდეგ ყველა ერთად ვიკრიბებოდით. თან მაშინ კომენდანტის საათი იყო, სახლებში ვეღარ ვბრუნდებოდით და მთელ ღამეს ერთად ვატარებდით. ეს დრო ყველას ძალიან შეგვიყვარდა, ერთმანეთსაც ვეხმარებოდით ამ პერიოდის გადასალახად. მაშინ Reckless-ის ბავშვების შეხვედრების დროს სულ ის ხდებოდა, რასაც ახლა ეს ფოტო აჩვენებს. ვიღაცები იძინებდნენ, ამასობაში ვიღაცები გამოიღვიძებდნენ, ვიღაცებს ერთმანეთი მოსწონდათ...
Reckless-ის პირველი გადაღებაა, ბებიაჩემის სახლში. ძალიან უცნაური სახლი აქვს. საბჭოთა პერიოდის შენობაა და ძალიან მინდოდა, რომ კოლექციის ფოტოებზე სწორედ აქ გვემუშავა. აქ ისეთი ფოტოები გადავიღეთ, სადაც Reckless-ის ყველა ბავშვს ცხვირიდან სისხლი სდით. გადაღებას რომ მოვრჩით, სანი უცებ შეუძლოდ გახდა და ეს მომენტი სწრაფად, დაუგეგმავად გადავიღე. უბრალოდ, მომეწონა კადრის კომპოზიცია. არ ვთვლი, რომ ამ ფოტოს განსაკუთრებული ამბავი აქვს მოსაყოლი, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს. ზოგადად, ხშირია შემთხვევა, როცა ფოტოს ზედმეტი ფიქრისა და მინიშნებების გარეშე ვიღებ. უბრალოდ, ვხვდები, რომ კადრი მომწონს და ეს უკვე საკმარისია. ჩემი ფოტო მნიშვნელობას არა უშუალოდ გადაღებამდე, არამედ გადაღების შემდეგაც იძენს ხოლმე.
ფოტო გადაღებულია ჭიათურაში, Kayakata-ს კონცერტზე. მაშინ Artarea-ს ჟურნალისტი ვიყავი და იქ ჩემს მეგობარს გავყევი, რომელიც კონცერტს ორგანიზებას უწევდა. თან ერთი ფირიც წავიღე, ვიფიქრე, რაღაცებს გადავიღებ-მეთქი. ეს ფოტო იმიტომ მომწონს, რომ მასში რაღაც უცნაურია. ბოლომდე ვერ აცნობიერებ იმ გარემოს, რომლის ფონზეც მაქსიმე მღერის. ცისფერ ტანსაცმელშია გამოწყობილი და მისი გამოსახულება მაისურზე წარწერით Tokyo უკანა ფონს თითქოს არ უნდა შეესაბამებოდეს. ზოგადად, ძალიან მიზიდავს ასეთი დაპირისპირების ელემენტები და სულ ვცდილობ ჩემს ფოტოებში გამოვიყენო. აი, აქ მაქსიმესთან კონტრასტს უკანა ხედის ბრუტალური გარემო ქმნის. თითქოს ყველაფერი ადგილზეა, არაფერს შევცვლიდი. მაქსიმე ჩემთვის ეს ფოტოა.
Matt Shally-ს ჩემი ახლო მეგობრის - თამუნა ქარუმიძისაგან ვიცნობ. თამუნასთან TAMARA Skateboard-ში ვმუშაობ და მათეც აქედან გავიცანი. დღეს ჩემი ახლო მეგობარია და ძალიან მიყვარს. ეს ფოტო მაშინ გადავიღეთ, როცა სანდრო ფოფხაძის, იგივე DRO-ს კლიპზე “დიდი გოგოები” ვმუშაობდით. იქ მათეც მონაწილეობს და გადაღებამდე მაკიაჟის კეთების პროცესში დავაფიქსირე, რაც არ მქონდა დაგეგმილი. გადაღებაზე მხოლოდ თამუნას დახმარება მევალებოდა.
ეს ბავშვები ჩვენი ცხოვრების ნაწილი არიან და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნებიან. ჩემ გარშემო ამ პროცესში ბევრია ჩართული. ვთვლი, რომ ეს მისაღებია, თუმცა ეს ბიჭები ამ მცდელობისთვის ძალიან პატარები არიან. როცა ამ ფოტოს ვიღებდი, მათ ჩემს კამერასთან პრობლემა არ ჰქონიათ. ამგვარი პროცესების ყურება ჩემთვის ხშირად არცთუ სასიამოვნოა, თუმცა მიხარია, რომ მენდობიან და თავიანთ პირად სივრცეში "შესვლის" უფლებას მაძლევენ.
ანა ფოცხიშვილი (China) ტატუს უკეთებს ირაკლი სისაურს. ჯვარს ახატავს. ეს ფოტო Reckless-ის after party-ზეა გადაღებული. ანას ჰქონდა წამოღებული ტატუს აპარატი და იმ დღეს ტატუს უფასოდ დახატვის შანსი ხელიდან ბევრს არ გაუშვია. ანაც უმეტესობას დასთანხმდა. თავიდან ირაკლის უნდოდა, რომ ჯვარი ორივე ფეხზე დაეხატა, მაგრამ გადაიფიქრა და მხოლოდ ერთ ფეხს დასჯერდა. მეც ძალიან ვთხოვდი, რომ ორივე ფეხზე არ დაეხატა. ამ დღის შემდეგ ირაკლის სამუდამოდ დარჩება ფეხზე ტატუ ჯვრის გამოსახულებით, რომლის დახატვაც რომელიღაც წვეულების დროს გადაწყვიტა. მე რამდენიმე ტატუ მაქვს და სანამ თითოეულს დავიხატავდი, იქამდე ძალიან ბევრი ფიქრი დამჭირდა. ზოგადად, ამ პერიოდში ხშირად ჩავდივართ ისეთ ქმედებებს, რაც შემდეგ მთელი ცხოვრება გაგვყვება, მაგრამ ხანდახან შედეგებზე ფიქრით თავს არ ვიწუხებთ. ესენიც უყოყმანოდ დაუჯდნენ ანას.
პეპლები ძალიან მიყვარს და ჩემთვის ბევრ რამესთან ასოცირდება. უეცრად აღმოვაჩინე, რომ ჩემს მეგობარს პეპლის დიდი ტატუ ჰქონია. განსაკუთრებით იმიტომ მომეწონა, რომ ამ ასაკში ბიჭი რომ პეპლის ტატუს იხატავს, რომლის ქვეშაც Hell Boy აქვს მიწერილი, ბევრ საკითხზე უნდა მეტყველებდეს. ერთმანეთთან შეუთავსებელი მოცემულობებია, რაც იმ ასაკს ახასიათებს, როცა შეგიძლია იყო პეპელა და ამავდროულად, გერქვას Hell Boy.
ამ ფოტოში ხედავთ ჩემს მეგობარ ტასო გვარამაძეს. ტასოს Reckless-ამდე ვიცნობდი და როცა ბრენდს ვქმნიდით მაშინვე დავურეკე, ჩვენთან რომ მოსულიყო. ეს ფოტოც დაუგეგმავად გადავიღე, როცა ტასო მოსაწევად აივანზე იყო გასულიყო. თან ვლაპარაკობდით და ამ დროს შევეკითხე, დამანახე, რა დაგახატეს-მეთქი. სიტყვა GOD-ს Reckless-თან ის აკავშირებს, რომ ნიკუშა, რომლის სახელზეც ბრენდი შეიქმნა, ფილოსოფიით იყო გატაცებული და ნიცშე განსაკუთრებით უყვარდა. კოლექციაში მაისურიც გვქონდა, რომელსაც God is Dead ეწერა. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთან GOD ტასო გამხდარიყო. თან ნატა სოფრომაძემ ერთხელ ისეთი ფოტო გადაუღო, რომ მასზე ნამდვილ ქალღმერთს ჰგავს.
ესენიც ჩემი მეგობრები არიან. ზოგადად, ციფრებს ბევრ დეტალთან ვაკავშირებ. ამ ფოტოს შემდეგ ჩემთვის 9 4 ამ შეყვარებულების ციფრებად იქცა.
ძალიან უცნაური ფოტოა. როცა გადავიღე, ძალიან პატარა ვიყავი. სკოლის ექსკურსიის ფოტოა. უცნაური აქ ისაა, რომ მე თვითონ ნარკოტიკის მომხმარებელი არ ვარ, მაგრამ ეს ადამიანები ყოველთვის თავისუფლად მესაუბრებიან და თავიანთ გამოცდილებას მიზიარებენ.
ადრე ცხვირიდან სისხლდენის პრობლემა მაწუხებდა, რაც ბევრი თინეიჯერისათვის კარგად ნაცნობი გამოცდილებაა. შემდეგ გავიგე, რომ თურმე ნიკუშასაც იგივე პრობლემა ჰქონია. ერთგვარი ბიძგი იყო, რომ ისეთი ფოტოსერია გამეკეთებინა, სადაც ყველა ბავშვს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდოდა, ბრენდისთვისაც სიმბოლური იქნებოდა. რატომღაც გადაღების პერიოდში ეს პრობლემა ისევ დამეწყო, რაც ძალიან უცნაური იყო. ამ ფოტოზე მე ვარ. სიგიჟეა, ზოგს საერთოდ არ აწუხებს ეს პრობლემა, ჩვენ კიდევ ამასთან ბრძოლა გვიწევს.
პირველი სკეიტერი გოგოა, რომელიც გავიცანი. მისი სახელია სოფო ბალავაძე, ძალიან მაგარი გოგოა. ალბათ, ზოგადადაც, ერთ-ერთი პირველი სკეიტერი გოგოა თბილისში. ეს ფოტო, დაახლოებით, ორი წლის წინ გადავიღე, მაშინ ძალიან მინდოდა ჩემი ჟურნალი გამეკეთებინა (ამას დღესაც ვგეგმავ) და პირველი ნომრისათვის მასალას ვაგროვებდი. იმ დღეს ბევრი "იკატავა" და იმდენჯერ დავარდა, როცა სახლში დავბრუნდით და კაბის გახდა დაიწყო, უცებ დავინახე, რომ ყველგან სისხლჩაქცევები ჰქონდა. რეალურად, იმ მომენტში ტკივილს მძაფრად ვერ გრძნობდა, იმას აკეთებდა, რაც უყვარდა.
ჩემი დეიდაშვილია. ბათუმში ვიყავით, უცებ მოვიდა ჩემთან და მეუბნება, მოდი, უნდა განახო ფეხზე რა მჭირსო. არ ვიცი ამის სურვილი რატომ გაუჩნდა, წებოვანი მოიძრო და ასე, უბრალოდ, დამანახა. კარგი, გადაგიღებ-მეთქი და რომ გავამჟღავნე, ძალიან მომეწონა.
ამ გოგოებს იმ დროს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი, ვინ იყვნენ. ძალიან მომწონდნენ. გადაღება ვთხოვე და მათაც, კარგი, გადაგვიღეო. დღეს უკვე მეგობრები ვართ.
ეს ფოტო ჩემი სახლის წვეულებაზეა გადაღებული. ეს გოგო ანო ვაჩნაძეა, რომელიც ჩვენი მოდელი იყო. პირველი კოლექციისათვის გადავიღეთ და მაშინ ჩვენმა მთავარმა სიმბოლომ იმდენად მოიცვა, რომ თავად დაიხატა მიხაკის ტატუ.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფოტოა. ჩემს პირველ ფირზე გადავიღე. 2018 წელი იყო, რაღაც წვეულებაზე ვიყავით. უცებ ჩვენი მეგობრები მოდიან ჩვენთან და გვეუბნებიან, რომ ტატუ გაიკეთეს. მაშინ იმ ასაკში ვიყავით, როცა თანატოლის სხეულზე ტატუ გაოცებს და გაინტერესებს. ველოდებოდი, როდის გვაჩვენებდა ტატუს და უეცრად ვხედავ, რომ თურმე პირში გაუკეთებია, თან DEAD SOUL დაუწერია. ერთი შეხედვით, თითქოს სასაცილოა, მაგრამ რეალურად, წარწერის შინაარსი კითხვის ნიშნებს აჩენს. მაშინ ალბათ 16 წლის ვიქნებოდით.
ნიკა არაკელოვს აკა ფროდიაშვილის სტუდიაში ფოტოების გადაღებაზე შევუთანხმდი და იქ მისულს ეს გარემო დამხვდა. ისეთი ატმოსფერო იყო, თავი ფილმში მეგონა. აქ ჩამოღვენთილი სანთლები, იქ კენედის პორტრეტი, კედლებსა და ტანსაცმელს უცნაური ფერი ჰქონდა. ყველა, ვისაც ეს ფოტო აქვს ნანახი, მეკითხება, სად ვიყავი და იქ რას ვაკეთებდი. რეალურად, მეც მიჭირს გავერკვიო - სად ვარ ამ ფოტოში.
ამ ფოტოში ვართ Success-ში. მეორე დღეს სკოლაში ქიმიის გამოცდა გვქონდა, მაგრამ რატომღაც იმ ღამეს გართობა მოგვინდა. მე და ჩემი მეგობრები ძალიან დაღლილები ვიყავით, გვეძინებოდა და ლამის იყო სახლში წავსულიყავით, მაგრამ რადგანაც უკვე ბარში აღმოვჩნდით, გადავწყვიტეთ ენერგია ბოლომდე დაგვეხარჯა. ადრე ხშირად ვდგებოდი იმ ფაქტის წინაშე, რომ შეიძლება რაღაც არ მინდოდა და ძალიან მღლიდა, მაგრამ რატომღაც მაინც ვაკეთებდი. თითქოს შინაგანად მქონდა ამის მოთხოვნილება.
ამ ბიჭის ოთახის გადაღება დანახვისთანავე მომინდა, მაგრამ მაშინ მასთან ახლოს არ ვმეგობრობდი. უბრალოდ, ერთხელ ვთხოვე, შენთან მოვალ, გადაგიღებ-მეთქი და დამთანხმდა. შორს ცხოვრობდა, თუ სწორად მახსოვს, გლდანში. ბევრი ვიარეთ მის სახლამდე. ძალიან პატარა საძინებელი ჰქონდა. იქ რაღაცებს კი ვლაპარაკობდით, მაგრამ მაინც უხერხულობას ვგრძნობდი. პატარა ოთახი იყო, თან სხვის სივრცეში შევიჭერი და ზუსტად ვერც ვხვდებოდი, რა უნდა მელაპარაკა. ისეთი მომენტი იყო, თან რომ ვსაუბრობდით, მაგრამ ბოლომდე რომ მაინც ვერ გამოგვდიოდა. მე კიდევ ძალიან მიდნდა მასთნ საუბარი. ამ დროს იმედგაცრუებულმა კამერა ხელში დავიკავე, ძალიან დიდი კამერა მქონდა წაღებული და დაყენებასაც დრო დასჭირდა. უკვე ყველაფერი გავამზადე, ეს ბიჭიც მოემზადა გადასაღებად და ის ის იყო ღილაკზე თითი უნდა ჩამეჭირა, რომ მან თავისი ამბების მოყოლა დაიწყო. ძალიან პირად თემებს შეეხო. მგონი, საერთოდ ყველაფერი მომიყვა და ყველაფერზე ვილაპარაკეთ. კამერა ცოტა ხნით გვერდზე გადავდე, რადგან ფოტოს გადაღებისთვის სწორი მომენტი არ იყო. ჯერ უნდა გველაპარაკა და ერთმანეთი გაგვეცნო. ისეთი ხასიათის საუბარი გავაბით, როგორიც ამდენი ხანი მინდოდა, რომ გვქონოდა. ამ ფოტოს როცა ვუყურებ, სულ მახსენდება, თუ როგორ გადაწყვიტა სრულიად უცხო ადამიანმა, რომ თავისი პირადი სამყარო ასე უცბად გადაეშალა ჩემთვის. შეიძლება კომპოზიციურად ამ ფოტოს ბევრი სხვა ფოტო აღემატება, მაგრამ ამბის მოყოლის თვალსაზრისით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კადრია.
დაწერე კომენტარი