გალერეა Window Project-მა Instigators-თან თანამშრომლობის ფარგლებში ორი ხელოვანის - უტა ბექაიასა და დენის დავიდოვის საერთო NFT პროექტი დააანონსა. “წმინდა არსებები: ბაჯბაჯები” არტისტების მიერ შექმნილ ვირტუალურ მეტა-სამყაროს აჩვენებს, რომელიც ფანტაზიას, მეხსიერებას, აზრთა პროექციასა და კომპიუტერული თამაშების შესაძლებლობებს აერთიანებს. 



პროექტის კონცეფცია იმ ჰიპოთეზას ეყრდნობა, რომლის მიხედვით ადამიანის ყველაზე ადრეული ავატარი სათამაშოა. ხელოვანები სათამაშოს ბავშვის კუთვნილ პირველ ფასეულ ნივთად წარმოადგენენ, რომელიც ამასთან მათი წარმოსახვით შექმნილი ზებუნებრივი ძალების მქონე არტეფაქტია. ის კულტურული გარემო, რომელშიც არტისტები ჩამოყალიბდნენ, არაერთ პარადოქსულ აგლომერაციულ ნიშანს მოიცავდა, მათ შორის, ამერიკულ კომიქსებში ნანახ მოლოტოვის კოქტეილის სურათებს, იაპონურ მანგას, ტრადიციულ სათამაშოებს, დასავლურ და საბჭოურ მულტფილმებსა თუ პირველ კომპიუტერულ თამაშებს. როგორც ხელოვანები ამბობენ, დღევანდელი გადმოსახედიდან ამ მეტა-სამყაროს შექმნა მათი მხრიდან ბუნებრივ ნაბიჯს წარმოადგენს.



პროექტის თითოეული ნამუშევარი აკვარელის საღებავებით შესრულებული სკეტჩია, რომლებიც უნიკალური მექანიზმების დახმარებით ვირტუალურ განზომილებაშია გადაყვანილი. არსებები, რომლებსაც პროექტის ფარგლებში გავიცნობთ,  მაცნეები არიან მომავლიდან და პოსტაპოკალიფსურ პერიოდს წარმოაჩენენ. 


“წმინდა არსებები: ბაჯბაჯები” შვიდ ოჯახს აერთიანებს, რომელთაც თავიანთი სახელები აქვთ და განსხვავებულ ზებუნებრივ შესაძლებლობებს ფლობენ. პირველ ჯერზე პროექტი Svadhistana-ს ოჯახის წევრებს გაგვაცნობს. 

“ძალიან საინტერესო პროექტი გამოდის. სათამაშოების ციფრული ვერსია იმ არსებებს ასახავს, რომლებსაც ბაჯბაჯები დავარქვით. ეს პერსონაჟი, რომლის მსგავსი ოთხი ქმნილება არსებობს, ცვლილების სიმბოლოა. მაშინვე იცვლება, როცა ხელს შეახებ და შემდეგ თავიდან იბადება. იგი მუდმივ წრებრუნვასა და ცირკულაციას ასახავს,” - ამბობს პროექტის ავტორი უტა ბექაია Hammock Magazine-თან ინტერვიუში.