ყველაფერი კარზე ზარით იწყება. ფოტოგრაფი გაილ ალბერტ ჰალაბანი მეზობლად მცხოვრებ ადამიანებს ხვდება და გადაღებაზე ითანხმებს. ბინაში მცხოვრებლებმა არ იციან, ყოველდღიურობის რა მომენტში არიან კამერის ობიექტივის მიღმა, რაც სცენებს ბუნებრივსა და რეალისტურს ხდის.  

გაილ ალბერტ ჰალაბანი კომერციული ფოტოგრაფია ნიუ-იორკიდან. ფოტოგრაფია ბავშვობიდან მისი საყვარელი საქმიანობა იყო. Out My Window - გაილის 15-წლიანი ფოტო-პროექტია, რომელშიც ავტორი საჯარო და პირად ცხოვრებას შორის არსებულ მყიფე საზღვარს იკვლევს. 



ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო - ჰალაბანი ახალგაზრდა დედა იყო, როცა ნიუ-იორკში, მისი სახლის წინ, ყვავილების სადღეღამისო მაღაზია შენიშნა და ღამით ფანჯრის მიღმა თვალთვალი გადაწყვიტა. ასე შეიქმნა ნიუ-იორკის სერიის პირველი კადრები.



"რუთ ორკინის ფანჯრიდან აღბეჭდილმა ნამუშევრებმა შთამაგონა. მართალია, ჩემი პირველი სურათები არ იყო ისეთი შთამბეჭდავი, მაგრამ ეს სერიის პირველი კადრები და დაუვიწყარი გამოცდილებაა", - იხსენებს ხელოვანი. 




მართლაც, ნიუ-იორკის სერია დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ცოტა ხნით ჩვენც ვხდებით ამ ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი. ნიუიორკული შენობების ფასადებიდან გამომავალი შუქები და მოფუსფუსე ადამიანები ფანჯრის მიღმა ჩვენ ყურადღებას იქცევენ. ხელოვანი მოგვიწოდებს ვოიერიზმის აღიარებისკენ, თუმცა ჰალაბანისეულ ვოიერიზმში არაფერია უკანონო და დასამალი. ეს არის მხატვრის მცდელობა, გააღვიძოს მნახველში ფარული სურვილები და შექმნას ერთობა სრულიად უცნობი ადამიანებისა. 




სერიის პირველი კადრების წიგნში მოხვედრის შემდეგ, ფრანგულმა გაზეთმა Le Monde-მ, პარიზული სერიის გადაღების იდეა შესთავაზა ხელოვანს. სურათებზე ადამიანები “ჰაუსმანის სტილის” არქიტექტურის მიღმა არიან აღბეჭდილი. 


"ქალაქური ცხოვრება - ეს არის სამუდამო კავშირი არქიტექტურასა და ადამიანებს შორის, - ამბობს ფოტოგრაფი. - ყველა ქალაქი თვითმყოფადია. მათი კულტურა კი უზარმაზარი შრომის შედეგი. არ არსებობს ერთმანეთის სრულიად მსგავსი ადგილები, ეს არის ის, რაც შთამაგონებს".




პარიზულს იტალიის კინემატოგრაფიული ქალაქების სერია მოსდევს. აქ ფოტოგრაფმა ყურადღება ფლორენციის, მილანის, ნეაპოლისა და რომის მცხოვრებთა ინტიმურ ყოველდღიურობაზე გადაიტანა. ტერაკოტისფერი შენობების ფანჯრების მიღმა ჩვენ ვხედავთ უბრალო იტალიელების მხიარულებით სავსე, ზოგჯერ არაფრით გამორჩეული ცხოვრების სცენებს. 



2020 წელს BBC-სთან ინტერვიუში ფოტოგრაფმა აღნიშნა, რომ ახლა, "ლოკდაუნის" პერიოდში, ისე როგორც არასდროს, აუცილებელი და საჭიროა სრულიად უცნობ ადამიანებს, მეზობლებს სულიერი კავშირის განცდა ჰქონდეთ. ადამიანები, რომლებსაც სურათებზე ვხედავთ, ხომ ერთი კულტურის, ერთი კედლების ნაწილი არიან. 



ყოველდღიური ცხოვრების ინტიმურობისა და არქიტექტურის მიღმა მყუდრო იზოლაციის კვლევით გაილ ალბერტ ჰალაბანი მნიშვნელოვან სოციალურ ასპექტებს ეხება და გულწრფელ ერთიანობას ქმნის.