25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. სტატიაში იმ რვა ხელოვანი ქალის ნამუშევრებს გაგაცნობთ, რომლებიც ძალადობის საწინააღმდეგო შეტყობინებებს პირდაპირი თუ ირიბი ფორმებით გადმოსცემს.
კიკი სმითი - Rapture (2021)
ნიუ-იორკში მცხოვრები ხელოვანის, კიკი სმითის ნამუშევრები ხშირად ადამიანისა და ბუნების თანხვედრას ილუსტრირებს, რის შთაგონებასაც იგი სხვადასხვა ბიბლიურ, მითოლოგიურ თუ ისტორიულ ნარატივში პოულობს. კიკი სმითის შემოქმედება, რომელიც გენდერული იდენტობის ელემენტებსაც შეიცავს, ფემინისტურ ჭრილში ხშირად განიხილება. Rapture-ის ცქერის მომენტში შეიძლება ის არაერთი სკულპტურული ნიმუში მოგვაგონდეს, რომლებიც გამარჯვებულ ბიბლიურ დავითს გოლიათის თავთან გამოსახავს, თუმცა სმითის ნამუშევარი ძლევამოსილების პრეროგატივას ქალს ანიჭებს და მას მგელზე აღმართავს. Rapture-ის შექმნა საბავშვო ზღაპარ “წითელქუდას” ეფუძნება და როგორც ხელოვანი ამბობს, იგი “წითელქუდას” აღდგომის/ხელახალი დაბადების მითად აღიქვამს. ზღაპრის მსგავსად, როდესაც მუცელგაჭრილი მგლიდან ბებიასა და წითელქუდას ამოიყვანენ, აქაც ქალის ფიგურა სწორედ მგლის მუცლიდან ამოიზრდება. იგი სრულიად შიშველია და ცხოველის სხეულისაგან სადაცაა საბოლოოდ გაითავისუფლებს თავს. კიკი სმითის მიერ შექმნილი ქალის სახე როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი აღდგომის სიმბოლოდ მიიჩნევა.
ხელოვნების კრიტიკოსები სკულპტურას სხვადასხვა ინტერპრეტაციულ ჭრილში განიხილავენ. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ნამუშევარი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის აღდგომას ასახავს, რომელშიც სმითმა ყველა იმ ქალის სურვილი განასხეულა, რომლებიც ამ ტრავმული გამოცდილების გადალახვას ცდილობენ.
ნან გოლდინი - ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე
ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე ამერიკელი ფოტოგრაფის, ნან გოლდინის ცნობილი სერიაა. იგი 1970-1980-იან წლებში გადაღებულ ფოტოებს აერთიანებს და ბოსტონში, ნიუ-იორკსა და ბერლინში გადამხდარ პირად გამოცდილებას ეფუძნება. ფოტოსერიაში - ერთმანეთთან ჩახუტებული წყვილებიდან დაწყებული, სასქესო ორგანოს სტიმულირების ამსახველი კადრებით დარსულებული - ბევრ ინტიმურ დეტალს შევხვდებით. სერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი თავად ნან გოლდინის ავტოპორტრეტია, სათაურით Nan After Being Battered (ნანი ცემის შემდეგ). ფოკუსში მოქცეული ქალის ფრონტალური გამოსახულება ჩალურჯებულ უპეებსა და სისხლით დაფარულ სკლერას აჩვენებს, რაც მისი შეყვარებულისა და ყოფილი პარტნიორის - მერინ ბრაიანის ფიზიკური ძალადობის კვალს ასახავს.
ელის ნილი - პეგი (1960)
ელის ნილი მე-20 საუკუნის ამერიკელი მხატვარია, რომლის შემოქმედების მთავარი ინტერესი ადამიანი და მისი ბუნებაა. რამდენიმე თვის წინ მეტროპოლიტენის მუზეუმში მისი პერსონალური გამოფენა, სათაურით People Come First (ადამიანები, უპირველეს ყოვლისა) მოეწყო, რომელიც ხელოვანის შემოქმედების რეტროსპექტივას აჩვენებდა. პეგი ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ნამუშევარი იყო, რომელიც ცემისაგან დაღლილ და სასოწარკვეთილ ქალს ასახავს. აღსანიშნავია, რომ პეგი იმ რეალური ადამიანის შთაგონებით შეიქმნა, რომელიც ელის ნილის მეზობლად ცხოვრობდა. დენის ბრაუერის ესეის - “ელის ნილის ფემინისტი და მემარცხენე ქალების პორტრეტების” მიხედვით, მხატვარი ხშირად იხსენებდა ამბავს, როდესაც პეგიზე ქმარი სისტემატურად ძალადობდა, რამაც ქალი ბოლოს თვითმკვლელობამდე მიიყვანა და საძილე აბების გადამეტებული დოზის მიღების გამო თავისივე საწოლში, მძინარე ქმრის გვერდით გარდაიცვალა. ამერიკელმა მხატვარმა ნამუშევრით პეგის ცხოვრების ყველაზე დრამატული მოვლენა მთელი ემოციურობითა და სიმძაფრით გადმოსცა.
ანა მენდიეტა - უსათაურო (გაუპატიურების სცენა) (1973)
ფოტოსურათი დოკუმენტაციაა იმ პერფორმანსისა, რომელიც ხელოვანმა ანა მენდიეტამ აიოვას უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში განახორციელა. Tate გალერეის აღწერის მიხედვით, მენდიეტამ თავის ბინაში კურსელები დაპატიჟა, თუმცა კარი გამიზნულად ღია დატოვა და როცა ისინი ბინაში შემოდიოდნენ, მენდიეტას ზუსტად იმ პოზაში ხედავდნენ, როგორადაც ის ფოტოზეა ასახული. მენდიეტა იხსენებს, რომ პერფორმანსის განმავლობაში ერთ ადგილას იყო გაქვავებული და ამ პოზიციას, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ინარჩუნებდა. არტისტის ამგვარი გადაწყვეტილება რეფლექსია იყო იმ სექსუალური ძალადობის შემთხვევისა, რომელიც მისი უნივერსიტეტის კამპუსში მოხდა. როგორც თავად განმარტავს, პერფორმანსი სახელოვნებო პროტესტის ფორმას წარმოადგენდა და ქალთა მიმართ ძალადობას ეწინააღმდეგებოდა. “ვფიქრობ, ჩემი ყველა ნამუშევარი სიტუაციაზე პერსონალურ პასუხს ასახავს. მსგავს თემებთან დაკავშირებით არ შემიძლია თეორიულად განვეწყო,” - ამბობს ანა 1980 წელს ჩაწერილ ინტერვიუში. ფოტოსურათი ფორმითა და შინაარსით ნამდვილად შემზარავია, ხელოვნური განათების წყარო მენდიეტას წელს ქვემოთ, მისი გაშიშვლებული ნაწილისკენაა მიმართული, ჩრდილში მოქცეული მხარე კი უცხო თვალისათვის მენდიეტას იდენტიფიცირებას ართულებს. ფოტოსურათში დამსხვრეული ჭურჭლის ფრაგმეტებიც მოჩანს, რაც კომპოზიციის ატმოსფეროს ერთიორად დრამატულს ხდის.
იოკო ონო - Cut Piece (1964)
პერფორმანსული ხელოვნების პიონერმა იოკო ონომ კიოტოში, იამაიჩის საკონცერტო დარბაზის სცენაზე მაყურებლებს მოუწოდა, რომ მაკრატლის დახმარებით მისი სამოსის ნებისმიერი ნაწილი ნებისმიერი ფორმით მოეჭრათ, ხოლო მოჭრილი ნაწილი შეეძლოთ თავიანთთვის დაეტოვებინათ. ერთი შეხედვით, იოკო ონომ ისეთი სახის პერფორმანსი წარმოადგინა, რომელშიც თითოეული მნახველი პოტენციური აგრესორის როლს ითამაშებდა. ისინი ქალის სხეულს სამოსისაგან ერთმანეთის მიყოლებით შემოძარცვავდნენ, რაც საბოლოოდ ონოს შიშველს დატოვებდა. პერფორმანსმა აჩვენა, რომ ადამიანთა ნაწილი პერფორმერთან თავშეკავებულად იქცეოდა და საკუთარ თავს მხოლოდ ონოს ტანსაცმლის მცირე ნაწილის მოჭრის უფლებას აძლევდა, ნაწილი კი პირიქით, ონოს ინტიმურ "სივრცეში" თამამად იჭრებოდა. პერფორმანსის მიმდინარეობისას ხელოვანი უტყვი და უემოციო იყო. როგორც თავად ამბობდა, Cut Piece-ის შესრულებისას ტრანსულ მდგომარეობაში გადადიოდა და ამის გამო ნაკლებად ეშინოდა. “მინდოდა დამენახა, თუ რას წაიღებდნენ ისინი… ერთი ადამიანის წასვლასა და მეორე ადამიანის მოსვლას შორის ხანგრძლივი სიჩუმე სუფევდა. იცი, ეს რა საოცარი და ლამაზი მუსიკა იყო? “ნაბიჯების ხმა, ჭრის ხმა! ნაბიჯების ხმა, ჭრის ხმა!” ნამდვილად საუცხოო პოეზია იყო.”
მართალია, იოკო ონო ერთ-ერთ ინტერვიუში პერფორმანსს ფემინისტურ იდეებთან არ აკავშირებს, თუმცა პარადოქსულად, Cut Piece მაინც იმ ფემინისტური ხელოვნების კლასიკურ ნიმუშად განიხილება, რომელიც მანკიერებით სავსე სამყაროში პატრიარქალური სისტემის სამიზნე სუბიექტს - ქალს, სურვილისამებრ, დაუნდობლად აშიშვლებს.
მარინა აბრამოვიჩი - რიტმი 0 (1974)
რიტმი 0 ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რომელიც ცხად მნიშვნელობას მხოლოდ დასრულების შემდეგ შეიძენდა. მარინა აბრამოვიჩის პერფორმანსის ინსტრუქციაში ვკითხულობთ: “მაგიდაზე 72 ობიექტია, რომლებიც ჩემზე ისე შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მოისურვებთ.” მაგიდაზე არსებული ობიექტები ერთმანეთისაგან ფუნქციურად განსხვავებულ ნივთებს აერთიანებდა, რომელთა შორის იყო ჩაქუჩი, სუნამო, ნაჯახი, ვარდი, ზარი, პოლაროიდის კამერა, სარკე, გაზეთი და ამასთან იარაღი, რომლის გვერდით ხელოვანმა ერთი ტყვიაც განათავსა პათოსით - “ვნახოთ, რა მოხდება”. როცა 6-საათიანი პერფორმანსი დაიწყო, აუდიტორია აბრამოვიჩის მიმართ გულისხმიერებას იჩენდა - ხან ვარდს აწვდიდნენ, ხანაც მხრებზე შარფს შემოახვევდნენ ან სულაც ეამბორებოდნენ.
მარინა აბრამოვიჩის ავტობიოგრაფიულ წიგნში Walk through Walls-ში ვკითხულობთ, რომ სამი საათის გასვლის შემდეგ აუდიტორია წარმოუდგენლად თამამი გახდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ პერფორმანსზე მყოფი ქალები აბრამოვიჩის სხეულზე "ძალადობას" კაცებს ავალებდნენ. როგორც წიგნში თავად აღწერს, მიზეზი, თუ რატომაც არ აუპატიურებდნენ ის კაცები, მხოლოდ მათი ცოლების იქ ყოფნით თუ აიხსნებოდა. პერფორმანსის განმავლობაში აბრამოვიჩი აუდიტორიის მარიონეტად იქცა, რომელსაც სხვადასხვა პოზაში ამწესებდნენ, სხეულზე პომადით წარწერებს უკეთებდნენ, კანს უსერავდნენ, ასისხლიანებდნენ... როგორც თავად ამბობს, ერთმა მომსვლელმა ყელთან დანა მიუღერა და იქედან გადმოღვენთილი სისხლის გამოწოვა დაუწყო, რომლის ნაიარევი აბრამოვიჩს დღემდე შემორჩა. რიტმი 0-მა ყველაზე დრამატული სახე მას შემდეგ მიიღო, რაც “ძალიან დაბალმა კაცმა” აბრამოვიჩს ტყვიით დატენილი იარაღი დაუმიზნა და თითი სასხლეტს ლამის მართლაც გამოჰკრა. “მივხვდი, რომ პუბლიკამ შეიძლება მოგკლას”, - წერს აბრამოვიჩი და თან იმ ფაქტსაც იხსენებს, როცა მეორე დილას გალერეა უამრავ ზარს პასუხობდა, სადაც უწევდა მოესმინა, თუ როგორ წუხდნენ ის ადამიანები, რომლებმაც წინა ღამით შოუზე აბრამოვიჩის სხეული “დააზიანეს”.
სუზან ლეისი, ჯუდი ჩიკაგო, სანდრა ორგელი და ავივა რაჰმანი - Ablutions (1972)
პერფორმანსი ოთხი არტისტი ქალის - ლექტორის, ჯუდი ჩიკაგოსა და მისი სტუდენტების თანამშრომლობით განხორციელდა. აუდიტორია ხედავდა ბეტონზე წარმოდგენილ სამი მეტალის აბაზანას, რომლებიც სამი სხვადასხვა ნივთიერებით იყო სავსე - უმი კვერცხით, სისხლითა და თიხით. ორი შიშველი ქალი სამივე აბაზანაში ერთმანეთის მიყოლებით ბანაობდნენ. მესამე ქალი კი სკამზე იჯდა, რომელსაც პერფორმანსის განმავლობაში თხემით ტერფამდე ბანდაჟში ახვევდნენ. იატაკზე კვერცხის ნაჭუჭები, თოკები და ცხოველთა თირკმლები იყო მიმოფანტული. ამ უკანასკნელს ერთ-ერთი არტისტი კედელზე აჭედებდა და შედეგად, პერფორმანსის დასასრულს 50 დაჭედებული თირკმელი წარმოადგინა. ჯგუფური ნამუშევრისათვის ხელოვანებმა იმ ქალებთანაც ჩაწერეს ინტერვიუები, რომლებზეც ოდესღაც სექსუალურად იძალადეს და მათი ჩანაწერები პერფორმანსის ხმოვან მხარედ გამოიყენეს. შოუ “სცენაზე” ორი პერფორმერით დასრულდა, რომლებმაც თოკების გაბმით მთელი არეალი თითქოს ობობის ქსელში გაახვიეს. ძალადობის მსხვერპლი ქალის ხმა, რომელიც თოკების გაბმის პარალელურად ისმოდა, პერფორმანსს უფრო ბრუტალურს ხდიდა, თითქოს ობობის ქსელისაგან თავის დაღწევის გზებიც კი აღარსად ჩანდა. ქალი შემდეგ სიტყვებს ამბობდა: “I felt so helpless, all I could do was just lie there.”
ბარბარა კრუგერი
ბარბარა კრუგერი ნამუშევრებში ნაცვალსახელებს ხშირად იყენებს, რომელთა დახმარებით მნახველთან პირდაპირ შეტყობინებებს აგზავნის. ამერიკელი კონცეპტუალური არტისტი გამოსახულების სიტყვებთან სინთეზის გზით არაერთ სოციალურ პრობლემას ეხება. აქ კრუგერი ცდილობს ყველა იმ ადამიანს მიაწვდინოს ხმა, რომლებიც ნებისმიერი სახის ძალადობის მსხვერპლნი არიან და სატელეფონო ნომრის მითითებით მათ გამოსავლის პოვნისაკენ მოუწოდებს.
დაწერე კომენტარი