ამ პერიოდში, როდესაც მთელმა მსოფლიომ ონლაინ-სივრცეში გადმოინაცვლა, უამრავი შესაძლებლობა გაჩნდა სხვადასხვა საინტერესო, გასართობ და შემეცნებით აქტივობებში სახლიდან გაუსვლელად ჩავერთოთ. თვითიზოლაციისა და კარანტინის პირობებს თითოეული ადამიანი სხვადასხვანაირად ეგუება და ცდილობს დრო სასიამოვნოდ გაატაროს. თუკი გსურთ, რომ ინტერნეტის მოხმარებისას დრო პროდუქტიულად გამოიყენოთ და ამავდროულად, თანამედროვე ხელოვნებით ხართ დაინტერესებული, ჟურნალი Hammock გთავაზობთ 5 სრულიად უფასო ონლაინ-კურსს, რომელიც თანამედროვე ხელოვანებს, მათ შემოქმედებასა და მნიშვნელოვან ტენდენციებს გაგაცნობთ.

Modern Art & Ideas with Lisa Mazzola of MoMA’s Department of Education

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კურსს Modern Art & Ideas-ის მუზეუმის წარმომადგენელი ლიზა მაზოლა უძღვება, რომლის ძირითადი ფოკუსიც მოდერნისტულ და თანამედროვე ხელოვნებას შორის განსხვავებების ძიებაა.  ლიზა მაზოლა ამ თემით დაინტერესებულთათვის ოთხ ძირითად საკითხს განიხილავს: ადგილი & სივრცე, ხელოვნება & იდენტობა, ყოველდღიური ობიექტების გარდაქმნა, და რა თქმა უნდა, ხელოვნება & საზოგადოება. თუ როგორ განისაზღვრა XX-XXI საუკუნეების თანამედროვე ხელოვნება, იგი ამას მუზეუმში განთავსებული თვალსაჩინო, გამორჩეული ნამუშევრების მაგალითებზე დაყრდნობით გვიჩვენებს. 

5-კვირიანი კურსი, რომელიც 2-საათიან ვიდეოგაკვეთილებს, საკითხავებსა და ყოველკვირეულ დავალებებს მოიცავს, უფასოა. თუმცა, თუ სერტიფიკატი გნებავთ, მისი საფასურის გადახდა აუცილებლად მოგიწევთ.

European Paintings: From Leonardo to Rembrandt to Goya with Alejandro Vergara and Jennifer Calles, both of Universidad Carlos III de Madrid

კურსი, რომელიც ლუვრში ვირტუალურად გასეირნების უნიკალური შესაძლებლობაა, ცნობილი ევროპელი მხატვრებისა და მათი ფერწერული ნამუშევრების პრეზენტაციას გთავაზობთ. ეს არის XV-XIX საუკუნეებს შორის მოქცეული ხელოვნების განხილვა, რომელიც ლეონარდო და ვინჩისგან იწყება და ფრანსისკო გოიას შემოქმედების შემეცნებით სრულდება. ლექციები 8-10-წუთიან მონაკვეთებადაა დაყოფილი, ამ დროის განმავლობაში კი როგორც მხატვრების ბიოგრაფიის, ისევე მათი ნამუშევრების კრიტიკულ განხილვას მოახერხებთ.



ჯამში, კურსი 9-კვირიანი ლექციებისა და ყოველკვირეული დავალებებისგან შედგება.

Seeing Through Photographs with Sarah Meister of MoMA’s Department of Photography

ეს კურსი მათთვისაა, ვინც ფოტოგრაფიითაა დაინტერესებული და სახლში ყოფნის პირობებში, მხოლოდ ინსტაგრამის თვალიერებით ვერ კმაყოფილდება. კურსი გვთავაზობს დოკუმენტური ფოტოგრაფიის კლასიკურ მაგალითებისა თუ თანამედროვე პროექტების განხილვას, რასაკვირველია, მუზეუმების მონახულების გარეშე. 



6-კვირიანი კურსი 2-საათიანი ვიდეოებს, საკითხავ მასალებსა და ყოველკვირეულ დავალებებს მოიცავს.

Fashion as Design with Paola Antonelli, Michelle Millar Fisher, and Stephanie Kramer, all of MoMA’s Department of Architecture & Design

მათთვის, ვინც დაინტერესებულია მოდის ინდუსტრიით, კურსს MOMA-ს დიზაინერი და კურატორი ანტონელი გაუძღვება. კურსის პირველი ნაწილი ეთმობა სილუეტებზე საუბარს - კერძოდ, იმას, თუ როგორ ახდენს გავლენას სამოსი სხეულის იდეალის ჩამოყალიბებაზე, სხვადასხვა კულტურაში. მეორე ნაწილი კი ფოკუსირებულია იმაზე, რომ დაგვანახვოს, რამდენად სწრაფად ცვალებადია თანამედროვე მოდა და რა ხდება მაშინ, როცა ტანსაცმელი ტრენდიდან გადადის.



აღნიშნული კურსი 7-კვირის განმავლობაში გრძელდება და მოიცავს: ვიდეოგაკვეთილებს, საკითხავ მასალასა და ყოველკვირეულ შეფასებებს.

ART of the MOOC: Activism and Social Movements with Nato Thompson of Creative Time and Pedro Lasch of Duke University

დაბოლოს, კურსი, რომელზეც ვისაუბრებთ, ორიენტირებულია, გაგვაცნოს, თუ როგორ ცვლის ხელოვნება სამყაროს. ლექციების განმავლობაში განიხილება სოციალური მოძრაობები და საპროტესტო აქციები, მათ შორის: ოკუპაციის თემა, მუზეუმების ბოიკოტი და არაბული გაზაფხულიც (Arab Spring) კი - არა იმიტომ, რომ ყოველივე ამის პოლიტიკური შედეგი დაგვანახვოს, არამედ იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გავლენა იქონია ამ პროცესებმა მხატვრებსა და კულტურის სხვა წარმომადგენლების შემოქმედებაზე. 


ასევე 7-კვირიანი კურსი ვიდეოგაკვეთილების, საკითხავი მასალისა და დავალებებისგან შედგება.