24 ნოემბერს გალერეა MAUDI-მ ფესტ ი ნოვას ფარგლებში ახალგაზრდა ხელოვანების ჯგუფურ შოუს უმასპინძლა. გამოფენა - CANILEAVENOW მე-13 თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის, “სახესხვაობის” პროგრამის ნაწილია, რომლის კურატორები დათო კოროშინაძე და ანი ჯორჯიაშვილი არიან. წლევანდელი პროექტისათვის შერჩეული ცხრა არტისტიდან MAUDI-ს საგამოფენო სივრცეში ექვსი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრებს შეხვდებით, რომელთა ხილვა 30 ნოემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
“ფესტ ი ნოვა 2021-ის” კონცეფცია პოსტპანდემიური სიტუაციის კვლევას, კერძოდ, სხვისი ფენომენის შესწავლას გულისხმობს. ფესტივალი იმ სოციალურ სივრცეზე აქცენტირდება, რომელიც პანდემიურმა რეალობამ სრულიად გააუქმა და ციფრულ განზომილებაში გადაიყვანა. “მან [სოციალურმა სივრცემ] ყოფნის და არყოფნის იდუმალება დაკარგა. სხვასთან გადაწყდომა, რაც ორაზროვან დაძაბულობაში ყოფნას გულისხმობდა, სრულ კრიზისში შევიდა. პანდემიის მიწურულს ჩვენ საკუთარი თავის სხვაში ხელახლა დანახვა გვიწევს, თუმცა მისგან უსაფრთხო მსგავსებას ვითხოვთ, რამდენადაც სახესხვაობა საშიშროებად იქცა. მიუხედავად ამისა, სხვა საკუთარი თავის ხელახალი აღმოჩენის და ცხოვრების გაგრძელების ერთადერთი შესაძლებლობაა,” - ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ექვსი არტისტის ნამუშევარი მრავალი კითხვის გარშემო ერთიანდება, მათ შორისაა - როგორია სახესხვაობრივი აღქმა პოსტპანდემიურ სამყაროში? გვაქვს თუ არა შანსი, რომ სხვას საკუთარ სხვაობაში გადავაწყდეთ? თუ სხვა საბოლოოდ განცალკევებულია მისი სახესხვაობისგან? სხვა სიტყვებით, შესაძლებელია თუ არა საერთოდ, სხვისი დანახვა?
CANILEAVENOW-ს მონაწილე არტისტები არიან: სალომე გაგუა, მარი ყალაბეგაშვილი, თამუსა ზარქუა, გვანცა ჯგუშია, ლოლა მაჭარაშვილი და ნიკა კოპლატაძე.
პროექტის მხარდამჭერია: კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური , საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, არდი • ARDI.
დაწერე კომენტარი