ოთხშაბათს, 1 დეკემბერს, ღამის 11:00 საათზე ელენე აბაშიძის საზიარო სივრცე  მასპინძლობს სოფი იუნგის პერფორმანსს - “გვიანი ღამის ოპერა ხუთი ძაღლისთვის”. 


ელენე აბაშიძე Hammock Magazine-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს პერფორმანსი, პირველ რიგში, ქუჩის ძაღლებს ეძღვნება. “ოპერა ხუთი ძაღლისთვის” სოფი იუნგისა და ქუჩის ძაღლების,  “კოლაბორაციას” წარმოადგენს. იმედი გვაქვს, რომ ამ ოპერაში ქუჩის ძაღლებიც ჩაერთვებიან, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, ეს რამდენად მოხერხდება, რადგან ექსპერიმენტია. პერფორმანსი ღამის 11:00 საათზე იმიტომაც დავგეგმეთ, რომ ამ დროს ძაღლებს ჩვენს ქუჩაზე მრავლად შეხვდებით და თან მანქანებიც ნაკლებად მოძრაობენ.”

პერფორმანსი სოფი იუნგის გამოფენის - sænətrɔːiəm-ის ნაწილია, რომელიც 1-3 აქტს მოიცავს და 5 ძაღლს, ერთ გამვლელს, ერთ მეზობელსა და ერთ მოტოციკლისტს აერთიანებს. ხელოვანი თბილისში სპეციალურად ამ პერფორმანსისათვის ჩამოფრინდა და როგორც გალერეა იუწყება, სტუმრებმა თან თავ-თავიანთი ძაღლებიც უნდა წამოიყვანონ.