28 ნოემბერს Off-White-ს დამფუძნებელი და Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის დიზაინერი - ვირჯილ აბლო გარდაიცვალა. პროფესიით არქიტექტორი, მოდის სფეროში ახალგაზრდა თაობის ხმად და შთამაგონებელ ფიგურად იქცა. ვირჯილის რევოლუციური ხედვები ზოგმა გააღმერთა, ზოგისთვის კი მაღალ მოდაში ქუჩის კულტურის დამკვიდრება დიზაინერის  სამუდამო კრიტიკის საბაბი გახდა. ვირჯილის შემოქმედება ყოველთვის  შორს იყო დღევანდელ მოდის სფეროში გამეფებული სტანდარტებისგან, მეტიც, წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ახალგაზრდა დიზაინერის ბრძოლის მცდელობას მის წინააღმდეგ. ალბათ სწორედ ამის გამო შეფასდა ვირჯილ აბლო  თანამედროვე მოდის "აუტსაიდერად". თუმცა, ამ წოდების მიღმა იდგა უნივერსალური ფიგურა, რომელმაც არა მარტო Off-White-და Louis Vuitton-ში წარმოდგენილი არატრადიციული კოლექციებით, არამედ სხვა ცნობილ და წარმატებულ ბრენდებთან საინტერესო კოლაბორაციებით დაგვამახსოვრა თავი.

 

Virgil Abloh x IKEA MARKERAD Wet Grass Rug

 

 

ვირჯილ აბლო IKEA-ის ლიმიტირებული კოლექციის - MARKERAD-ის ავტორია. დიზაინერმა გადაწყვიტა IKEA-ს ყველასთვის ცნობილი დიზაინის განახლება და ისინი ინტერიერისთვის ორიგინალურ და საინტერესო ატრიბუტებად წარუდგინა მომხმარებელს. კოლექციის სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდა მომხმარებლები არიან, რომლებიც საცხოვრებელი სივრცის შევსებისთვის უფრო თამამ გზებს ირჩევენ.  განსაკუთრებული პოპულარობა ხალიჩა Wet Grass-მა მოიპოვა, რომელიც ხელოვნური ბალახის იმიტაციას ორიგინალური ხერხით ქმნის. 

 

"ხელოვნება შეიძლება შეერთდეს ისეთ ობიექტებში, როგორიცაა სკამი, მაგიდა, ხალიჩა..", - განმარტა ვირჯილმა.

 

Off White x Musée du Louvre

 

 

ახალგაზრდა დიზაინერმა Musée du Louvre-ის ლეონარდო და ვინჩის ნახატების გამოფენას კოლექცია მიუძღვნა. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა იტალიელი მხატვრის გარდაცვალებიდან 500 წლისთავს დაემთხვა. კოლექცია აერთიანებდა მაისურებსა და "ჰუდებს", რომელზეც და ვინჩის სურათები "მადონა კლდეებზე" და "წმინდა ანა ყრმა იესოსთან და მადონასთან ერთად" ვიხილეთ.  ვირჯილს სურდა ამ გზით გამოეხატა აღფრთოვანება გენიალური მხატვრის მიმართ და "გაეხსნა ხიდი ხალხისთვის ხელოვნების სამყაროში". 

 

Project Geländewagen for Mercedes-Benz

 

 

Mercedes-Benz-ის დიზაინერთან ერთად აბლომ ლეგენდარული G-Wagon-ის ახალ დიზაინზეც იმუშავა. კოლაბორაციის ფარგლებში შეიქმნა ერთი "მანქანა-სკულპტურის" ვერსია თეთრი ექსტერიერითა და მინიმალისტური ცისფერი ინტერიერით. 

"ჩვენი დროის ყველაზე გავლენიან მოდის გენიასთან გაერთიანება, Mercedes-Benz-ის ხედვას წარმოადგენს თანამედროვე ფუფუნების შესახებ", - აღნიშნა კომპანიის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა ბეტინა ფეტცერმა. 

 

Off White x Nike

 

 

Off White-ისა და Nike-ის კოლაბორაცია ჩვენი დროის ყველაზე გახმაურებული თანამშრომლობაა. თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა სპორტული ფეხსაცმელი, რომლის ახალმა სილუეტმა Nike-ის კლასიკის მიმართ ინტერესი უფრო გააღვივა. 

 

Recycled bottle for Evian

 

 

2018 წელს, Evian-ის ეკოლოგიურ და ინოვაციურ საკითხებში კრეატიული მრჩევლის პოზიციაზე დასახელების შემდეგ, ვირჯილ აბლომ კომპანიისთვის წყლის ბოთლის ახალი დიზაინი შეიმუშავა.  ახალი ფორმის ბოთლის ყველა დეტალი გადამუშავებული მასალებისგანაა შექმნილი. ვირჯილმა ამ კოლაბორაციით ხაზი გაუსვა მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვის მნიშვნელობას. 

 

"მინდოდა შემექმნა ისეთივე საკულტო ფორმა, როგორიც თვითონ Evian-ია. ამავდროულად, მსურდა მიმეღო ახალი პროდუქტი ძველის გამოყენებით", - ამბობს დიზაინერი.

 

Men's Fall-Winter 2021 for Louis Vuitton

 

 

ვირჯილ აბლომ Louis Vuitton-ის ამ კოლექციით თავის ბავშვობაში გვამოგზაურა. მოდელები ვიხილეთ ამერიკული ცათამბრჯენების მაკეტებით დიდი ზომის ქურთუკებზე.

 

Endless Runner for Louis Vuitton

 

 

ვიდეოთამაშების ერაში ვირჯილ აბლოს ავტორობით მოდის სახლმა Louis Vuitton-მა  თამაში Endless Runner შექმნა, რომელშიც 80-იანი წლების ციფრულ სამყაროში მოგზაურობის გამოცდილებას ვიღებთ. 

 

Off White Miami flagship with AMO

 

 

AMO-სთან ერთად დიზაინერმა Off-White-ის კონცეპტუალურ მაღაზიაზეც იმუშავა.  მოძრავი კედლითა და წითელი მონოლითური ჯვრით, მაიამის მოდური მაღაზიებით სავსე ქუჩაზე გამორჩეულ ადგილს იკავებს. 

 

Off-White Home Collection 

 

 

1stDibst-თან პარტნიორობის ფარგლებში, ონლაინმაღაზიისთვის, აბლომ 100-მდე ინტერიერის ობიექტი შექმნა სახლისთვის. კოლექციები აერთიანებს ავეჯსა და დეკორის დეტალებს, რომელზეც Off-White-ს ლოგოა დატანილი.

 

The Queen Collection dress for Serena Williams

 

 

ლეგენდარული ჩოგბურთელის, სერენა უილიამსის სპორტული ფორმა US Open-სთვის ვირჯილ აბლოსა და Nike-თან კოლაბორაციით შეიქმნა. Შავისა და ლავანდისფერში გაწყობილ კაბაზე ვხედავთ სპორტული ბრენდისა და Off-White-ის გაერთიანებით შექმნილ ორიგინალურ ლოგოს. 

ფოტოების წყარო:
Dezeen