გალერეა Artbeat ჟურნალ ინდიგოსთან თანამშრომლობით ხელოვან ნიკა ქუთათელაძის სივრცით-სპეციფიკურ ნამუშევარს წარადგენს. გალერეა გამოფენას ამჯერად არა ინგოროყვას #14-ში, არამედ ქალაქის გარეუბანში, კონტეინერის სივრცეში აჩვენებს. 
 



ინსტალაცია - “აგვისტოში მიმინო ზის ცაზე” ქართულ-ოსური კონფლიქტის მეხსიერების კვლევას ეფუძნება, რომელზეც ჟურნალი ინდიგო უკვე რამდენიმე წელიწადია მუშაობს. ჟურნალს შეგროვებული აქვს ომგამოვლილი ადამიანების პირადი ამბები, რომელთა საფუძველზე გამოცემულია ორი წიგნი - “ვაშლის ბაღები” (2018) და “მიწის სუნი” (2021).

ნიკა ქუთათელაძის ინსტალაცია, რომელიც ინდიგოს კვლევის შედეგად თავმოყრილი ზეპირი ისტორიებითაა შთაგონებული, ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს სახელოვნებო პერსპექტივით აანალიზებს. ხელოვანი ქმნის ნამუშევარს, რომელიც ომთან დაკავშირებულ დროის სხვადასხვა მონაკვეთს - ომის დასაწყისს, ომის მიმდინარეობასა და ომის შემდგომ პერიოდს ეფუძნება. როგორც გამოფენის აღწერაში ვკითხულობთ, ნამუშევარში ცოცხლდება მეხსიერების ფრაგმენტული ნარჩენები, პირადი ისტორიები და ობიექტური მოცემულობები, რომლებიც ისტორიული პრობლემების ახლებურად გააზრების შესაძლებლობას გვაძლევს. ინსტალაციის მიზანი “ახალი სააზროვნო კუთხის პოვნა და კონფლიქტის შესახებ დიალოგის ახალი ფორმის ძიებაა.”

 
“აგვისტოში მიმინო ზის ცაზე” 28 ნოემბერს გაიხსნა და 13 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის ნახვა  შესაძლებელია ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 12:00-დან 21:00-მდე. 

მისამართი: მოძრავი გალერეა, რიგის პარკი, კუპრაძის და მებრძოლთა ქუჩის კვეთა, ვარკეთილი 3, 1 მიკრორაიონი, თბილისი.

 

პროექტი განხორციელდა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით.

ფოტო: ინდიგო