რამდენიმე წლის წინ თიბისი ბანკის ინიციატივით “პროექტი 12” განხორციელდა. თიბისი კონცეპტის ინიციატივამ თორმეტი ქართველი ხელოვანი გააერთიანა, რომლებსაც ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფიგურის - პეტრე ოცხელის შემოქმედების შთაგონებით ახალი ნამუშევრების წარდგენა დაევალათ. არქიტექტორი გიგი შუკაკიძე “პროექტი 12-ის” ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელიც არქიტექტურული კომპანია WUNDERWERK-ისა და თბილისის არქიტექტურის ბიენალეს დამფუძნებელია. მან პეტრე ოცხელის პავილიონის პრეცედენტის სახით საინტერესო კონცეფცია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ოცხელის ესკიზებით შთაგონებულმა 240 მ²-ის ინტერაქციული და შერეული ფუნქციის შენობის პროექტი წარმოადგინა.
“პროექტ 12-ის“ შემაჯამებელი გამოფენის ფარგლებში პეტრე ოცხელის პავილიონის პროექტი წარმოადგინეთ. მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი და თიბისი კონცეპტის თანამშრომლობა?
თიბისი კონცეპტმა გადაწყვიტა განეხორციელებინა “პროექტი 12”, რომლის ფარგლებში მოიწვიეს სხვადასხვა მედიუმში მომუშავე ხელოვანები, რათა პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ფარგლებში მის პატივსაცემად ახალი ნამუშევრები შეექმნათ. ის, რასაც პროექტის ფარგლებში კონკრეტულად ჩემგან მოითხოვდნენ, სივრცის ინტერვენციასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, ამიტომაც შევთავაზე გაგვეკეთებინა ისეთი პროექტი, რომელიც ოცხელის სახელს პატივს მიაგებდა და ამასთან ფიზიკურ სივრცეშიც მუდმივად იარსებებდა. აქ მოიაზრებოდა ნამუშევრისა და მისი კონტექსტის ორი ვერსია: ტბაზე მოტივტივე ლითონის სტრუქტურა ან ტყეში დამიწებული მონოლითი. გადავწყვიტე ბეტონში ჩამოსხმულ შენობას ტყეში მკაფიო, თუმცა ჰარმონიული კონტრასტი შემოეტანა და შემხვედრისთვის მოულოდნელობის შეგრძნება გამოეწვია. გამოფენის კურატორები იყვნენ ნინა ახვლედიანი და ნინა პატარიძე, რომლებიც რეალური პავილიონის აშენების იდეას ემხრობოდნენ. თუმცა გამოფენაზე, რომლის ფარგლებში თორმეტი მონაწილის ნამუშევრები გამოიფინა, მხოლოდ პეტრე ოცხელის პავილიონის პროექტის მაკეტი ვაჩვენეთ. შემდეგ უკვე მშენებლობის ბიუჯეტიც გამოიყო, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ ძალიან კრიზისული პერიოდი დაემთხვა, განსაკუთრებით, თუ ბოლო ორ წელიწადს გავითვალისწინებთ. ამ ეტაპზე ერთობლივი სურვილი და გეგმა გვაქვს, რომ პავილიონი მალე აშენდეს.
პავილიონის კონცეფციის შთაგონება სპექტაკლის - “მუნჯები ალაპარაკდნენ” დეკორაციის ესკიზები გახდა. როგორ მოარგეთ ესკიზებში ასახული ფორმები თანამედროვე თბილისის გარემოს?
საერთოდ, ქართველი მოდერნისტი მხატვრებიდან ჩემთვის პეტრე ოცხელი და ირაკლი გამრეკელი ყოველთვის გამორჩეული ხელოვანები იყვნენ. მათ სულ ერთმანეთის გვერდიგვერდ მოვიხსენიებ. მინდოდა, რომ ოცხელის ნამუშევრებში ისეთი დეტალი მეპოვა, რომლის თანამედროვე სივრცეში გადმოტანა და გადამუშავება იქნებოდა შესაძლებელი. მოდერნიზმის იდეოლოგიით მთავარი აქცენტები ადამიანის მნიშვნელობაზე გადავიდა. მხოლოდ შენობების მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, დავინახავთ, რომ ისინი აღარ ითხოვენ დეკორს, ფორმალურ სიმდიდრეს. აქ ამოსავალი წერტილი მხოლოდ ადამიანია და ყველაფერი სწორედ მას უნდა მოერგოს. ოცხელის მნიშვნელობა დღემდე იმიტომ არის აქტუალური და თავადაც იმიტომ წარმოადგენდა ტოტალიტარული რეჟიმისათვის “მოსაშორებელ” ფიგურას, რომ იგი მოდერნისტული იდეების გამტარია. პეტრე ოცხელი ადამიანის წინა პლანზე წამოწევით ნებისმიერი ფორმის დამორჩილებას ახერხებს. ოცხელის შემოქმედებაში თავისი ფორმებითა და ხაზებით პერსონა უფრო უტრირებული ხდება, ანუ მის მთავარ დავალებად შინაგანი დეკორის გარეთ გამოტანა იქცევა. ამ ყველაფერს იმიტომ ვახსენებ, რომ ზუსტად იგივე მიდგომით, პავილიონის აშენების იდეით მსურდა ოცხელის ნათარგმნი ფორმები იმ მნიშვნელოვან გასაღებად მექცია, რომელიც ახალ სამეტყველო ენას იპოვიდა, თუნდაც გამოყენებით კატეგორიაში. ზოგადად, ოცხელი თავისი მეამბოხე ხელოვნების ფორმულირებისთვის სცენოგრაფიის მედიუმს აფარებდა თავს. თეატრს იარაღად იყენებდა, რათა ტოტალიტარული რეჟიმის საწინააღმდეგო "კარგად შეფუთული" ბომბები აეფეთქებინა. მის შემოქმედებაში ადამიანი, სამოსი, შენობა და მოქმედება ერთმანეთში იმდენადაა სინთეზირებული, რომ ახალი ძალაუფლების მოდელს გვთავაზობს.
მინდოდა, რომ ოცხელის ესკიზის სიბრტყე, რაღაც მხრივ, მოცულობითი გამეხადა და მისი ორგანზომილებიანი გამოსახულებები სამგანზომილებიანად მექცია. პავილიონის პროექტის შთაგონება სწორედ ოცხელის ესკიზს დაეფუძნა, რომელიც გვხვდება სპექტაკლში - “მუნჯები ალაპარაკდნენ”. აქ უმთავრესად დამაინტერესა წრეების და ოვალების ფორმებმა, რომლის თითოეულ ზედაპირზე სხვადასხვა მოქმედება მიმდინარეობს. ამ სურათებმა გამახსენა, OMA-ს პავილიონი - Prada Transformer, რომელიც სამ ძირითად არქეტიპულ ფორმას ავითარებდა. ამ პავილიონის ზედაპირები მუდმივად იცვლებოდა სხვადასხვაგვარი გამოყენებით - ერთი პირობითი ფორმა მოიცავდა სხვადასხვა დამატებით ფორმებს, რომლებიც მუდმივად ცვალებადი და ეფემერულია. გადავწყვიტე, ოცხელის ამ კონკრეტული ესკიზის შთაგონებით აღმედგინა ფორმა, რომელიც იქნებოდა ფუნქციური და საზოგადოებრივ სივრცეში ღიად გამოსაყენებელი.
ფუნქციები, რომლითაც პავილიონი გამოირჩევა…
პავილიონის სამი სიბრტყე სამ სხვადასხვა ფუნქციას გვთავაზობს: ერთია ღია თეატრის სივრცე, მეორეა ამფითეატრი, სადაც შეიძლება კინოჩვენებებიც გაიმართოს, ხოლო მესამე სიბრტყე ბელვედერის სახითაა წარმოდგენილი, რომელიც სპორტული აქტივობისთვისაც იქნება ხელსაყრელი. ბელვედერი ხეებზე ოდნავ მაღლა ან ხის კენწეროებთან გამყოფებს. ამ დროს ტყის “იატაკსაც” სწყდები.
პავილიონის ვიზუალური მახასიათებლები…
პავილიონის მასალად გამოყენებულია ბეტონი, რადგან კონცეფციის მიხედვით მინდოდა, რომ პავილიონი ყოფილიყო “გაყინული” მთელი თავისი ბრუტალური მანერით. ასევე დარჩენილიყო მოუპირკეთებელი, ზედმეტი ელემენტების დამატების გარეშე. მინდოდა, რომ შენობის როგორც ფუნქციური, ასევე მონუმენტური მნიშვნელობა ტყის კონტექსტში თანაბრად ყოფილიყო ნაპოვნი. ოცხელის შემოქმედებასაც თუ გავიხსენებთ, ანატომიური და ბიოლოგიურად სრულყოფილი ფორმები, რომლებიც მას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი, მკაცრადაც აქვს სახეცვლილი. ყურებისას თითქოს საერთოდ გეკარგება სინამდვილისა და რეალური ანატომიის აღქმა, თუმცა მათში რეალური ფორმები იგულისხმება და ამას მნახველი მაშინვე ამჩნევს, რისთვისაც ადამიანის, სამოსისა და არქიტექტურული ზედნაშენის ერთიანად გააზრებაც კი საკმარისია. მაგალითად, ურიელ აკოსტას შემთხვევაში, კიბე, ტანი, ადამიანი და შენობა აბსოლუტურად ერთ ნარატივადაა ქცეული.
როგორც ახსენეთ, თქვენ მიერ შემუშავებული კონცეფციის ფიზიკურ სივრცეში რეალიზება ლისის ტბის არეალში იგეგმება. რატომ გადაწყვიტეთ, რომ პეტრე ოცხელის პავილიონის განსათავსებელ ტერიტორიად სწორედ ტყე შეგერჩიათ?
რითაც ოცხელი მამახსოვრდება ეს არის მოცემულობა, რომელიც ადამიანის საკუთარ თავთან დაბრუნების მოტივს აჩვენებს და ამას მედიტაციური მნიშვნელობა ენიჭება. უკეთ რომ ჩამოვაყალიბო, შეგვიძლია გავიხსენოთ შენობები, რომლებიც ჩვენი აღქმით საკრალური მნიშვნელობის მქონეა. საკრალური შენობები, როგორც მოცემულობები, ჩვენს გონებაში დამოუკიდებლად არ იბადება, ჩვენ თვითონვე ვქმნით მათ იმისათვის, რომ შემდგომში საკრალურ ერთეულებად იქცნენ. თუმცა შეიძლება ისეთი ეკლესია ააშენო და დააპროექტო, რომელიც ვიღაცისთვის არასოდეს იქნება საკრალური და სამუდამოდ დარჩეს იმ შენობად, რომელიც უბრალოდ ფორმების თამაშია. მაშინ, როცა ადამიანი შენობაში პოულობს ისეთ ანარეკლს, რომელიც თავის პიროვნულ მდგომარეობას სრულყოფს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია სივრცეს, რომ იქცეს საკრალურად. სწორედ ამ მიზნით, ადამიანისა და პავილიონის ერთმანეთთან შეხვედრა ურბანული კლიმატის გვერდის ავლით მინდოდა განხორციელებულიყო, რომელიც მოულოდნელობის ეფექტით დაიწყებოდა. მაგალითად, როდესაც მიდიხარ ტყეში და გზად წააწყდები ნიშანს, რომელიც გაუწყებს, რომ 200 მეტრში ეკლესია მდებარეობს, შენ მოლოდინის რეჟიმში ერთვები. ახლა წარმოიდგინე, რომ ტყეში მიდიხარ და ერთ-ერთი ხის შემდეგ აღმოაჩენ, რომ იქ თურმე ეკლესია არსებულა. ის გადაკვეთის წერტილი, სადაც შენ და იქაური “ბინადარი” ერთმანეთს ეჩეხებით, უკვე მოულოდნელობის ეფექტს განსაზღვრავს. ტყის გარემო, რომელიც იმ ურბანული ქაოსისაგან ისედაც დამცველი ფარის ფუნქციას ასრულებს, იქ არსებულ ობიექტსა და შენ უცაბედად ერთი საერთო სცენარის მონაწილეებად გაქცევთ. ეს სცენარი შეიძლება იყოს ერთი მსახიობის თეატრი, წარმოადგენდეს ერთი მაყურებლის მარტო ჯდომას, ერთი სპორტსმენის მარტო ვარჯიშს ან საერთოდაც ერთი ადამიანის დამოუკიდებელ ფიქრს კონკრეტულ შენობასთან ერთად.
უკვე ახსენეთ, რომ პროექტისათვის ბიუჯეტი გამოიყო, თუმცა პეტრე ოცხელის პავილიონის ფიზიკურ სივრცეში მშენებლობა ჯერჯერობით მაინც ვერ მოხერხდა. როგორ გგონიათ, დაახლოებით მაინც როდის იქნება შესაძლებელი, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტყეში პეტრე ოცხელის პავილიონი მართლაც აშენდეს?
თიბისი ბანკს პავილიონის აშენების სურვილი დღემდე აქვს, თუმცა ბოლო ორი წლის საერთო კრიზისულ ფონს დაემთხვა. მე მაინც იმედი მაქვს, რომ როცა Lisi Development-ის მიერ ლისი ტბის განაშენიანება დასრულდება, გაჩნდება იმის მოთხოვნილებაც, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე კულტურულმა ობიექტებმა იარსებონ. თუმცა რეალურად ისიც უნდა ითქვას, რომ პავილიონის იდეა მხოლოდ ტყეს ეძღვნება.
თქვენი აზრით, როგორ შეცვლის პავილიონი თანამედროვე თბილისის ცხოვრების სტილს?
თანამედროვე ცხოვრების რიტმს, მე თუ მკითხავთ, ვერც ერთი შენობა ვერ შეცვლის. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი, რომ საერთო ინიციატივის საფუძველზე ადამიანებს კონკრეტული, მიტოვებული თუ ახალი შენობების ათვისება, გამოყენება და გარდაქმნა შეუძლიათ, ქალაქის მეტად გააქტიურებას ემსახურება. ამ პავილიონის ფუნქციაც ის უნდა იყოს, რომ კურატორისა და მენტორის გარეშე ნებისმიერი ინიციატივის თავშესაფრად იქცეს. შეიძლება გაკეთდეს საინიციატივო ჯგუფის მსგავსი გაერთიანებაც, რომელიც კონკრეტულ ფუნქციებს დაარეგულირებს, რათა პავილიონს რეჟიმი ჩამოუყალიბდეს, თუმცა არ ვთვლი, რომ ამ შენობას შეზღუდული პირობები უნდა ჰქონდეს.
პეტრე ოცხელის პავილიონის პროექტის იდეა თქვენ მიერ დაარსებულ არქიტექტურულ კომპანიაში - WUNDERWERK-ში შემუშავდა. გვესაუბრეთ კომპანიის მუშაობის პრინციპებზე და მის სამომავლო გეგმებზე…
ჩვენი არქიტექტურული სტუდია - WUNDERWERK სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. კომერციული პროექტების პარალელურად აქცენტს ვაკეთებთ ექსპერიმენტულ იდეებზეც, სადაც ვმუშაობთ ინდივიდუალურ და კვლევაზე დაფუძნებულ პროექტებზე, რაც შეიძლება ოფისისათვის ყოველთვის ფინანსურად მომგებიანი არც იყოს. ჩემი მუდმივი ინტერესის საგანი არქიტექტურის თეორიული ნაწილიც იყო, თუმცა ამ ეტაპზე ამას ძირითადად თბილისის არქიტექტურის ბიენალესთან ვაკავშირებ. ამ კუთხით ჩემი გრძელვადიანი კვლევისა და დაკვირვების პროცესზე ვმუშაობ, რაც, რა თქმა უნდა, ჩემს სახელოსნოსაც ავითარებს. ახლახან დავიწყე ლექციების წაკითხვა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლაში (VA[A]DS), სადაც არქიტექტურის კვლევით და კრიტიკულ მხარეს უფრო ვუთმობ დროს. რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ამაზე ფიქრი არცთუ ისე მარტივია. ხშირად მომდევნო კვირის დაგეგმვაც კი ძალიან მიჭირს.
დაწერე კომენტარი