ამერიკელი მოდის დიზაინერი ვირჯილ აბლო 28 ნოემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ვირჯილი გეგმავდა, რომ Louis Vuitton-ის კაცის ხაზის გაზაფხული/ზაფხულის 2022 წლის კოლექციის ჩვენება მაიამიში გაემართა. შოუ 1-ლ დეკემბერს მაიამიში მართლაც მოეწყო, თუმცა დიზაინერის უეცარმა გარდაცვალებამ ჩვენების თავდაპირველი მიზანი შეცვალა და იგი ვირჯილ აბლოს ხსოვნისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ სანახაობად გადააქცია.
ჩვენებაზე წარმოდენილი იყო ვირჯილის უზარმაზარი ქანდაკება, რომელსაც ხელში LV-ის ბრენდირებული ქეისით მზერა ცისკენ ჰქონდა მიმართული. შოუს მრავალი სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის არაერთ ვარსკვლავსა თუ მოდის ინდუსტრიის ახალგაზრდა წარმომადგენელს შეხვდებოდით.
გრანდიოზულმა ჩვენებამ, რომელმაც 82 ლუქი გააერთიანა, ყველაზე ემოციური სახე ფინალურ ნაწილში მიიღო. მაიამის ღამის ცაზე მოძრავი სინათლის გამოსახულებით ვირჯილ აბლოს სახელის ინიციალების შემდეგ სიტყვები - “Virgil was here” გამოისახა.
აღსანიშნავია, რომ შოუზე ემოციური სიტყვა წარმოთქვა Louis Vuitton-ის გენერალურმა მდივანმა მაიკლ ბურკმა, რომელიც ვირჯილს პირველად 15 წლის წინ ტოკიოში შეხვდა და მას საკუთარ შვილად მოიხსენიებდა. ბურკის ოფიციალური განცხადებით, ამერიკელი დიზაინერი არა მხოლოდ კარგი მეგობარი, ბრწყინვალე თანამშრომელი და შემოქმედებითი გენიითა და მომავლის ხედვით დაჯილდოებული პერსონა იყო, არამედ იგი კულტურული კომუნიკატორის როლსაც ასრულებდა. “მან [ვირჯილმა] მომდევნო თაობას გზა გაუკვალა… იგი მარადიული ოპტიმისტი იყო, ვისაც სწამდა, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო”, - განაცხადა მაიკლ ბურკმა.
დაწერე კომენტარი